ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, უნგრეთს, რომელიც წინააღმდეგია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს. იმართება მაღალი დონის შეხვედრები, საიდანაც მმართველმა გუნდმა მიიღო მყარი პირობა, რომ „უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული".
ვიზიტები ხორციელდება იმ ფონზე, როცა უნგრეთი პოზიციას არ იცვლის უკრაინასთან მიმართებაში. მიმომხილველების ნაწილის თქმით კი შეიძლება საქართველო და უკრაინა ერთ პაკეტში მოიაზრებოდეს და უარი კიავისთვის ავტომატურად იყოს უარი თბილისისთვის.
„ქართული ოცნების" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში 5 დეკებერს გაემგზავრა. კობახიძე 6 დეკემბერს უკვე შეხვდა უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ტამაშ ვარგას, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ და ბუდაპეშტში არიან დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ოთხშაბათს ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა, რომელსაც ასევე დელეგაციის ყველა წევრი ესწრებოდა, მათ ისაუბრეს უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, უნგრეთის პოზიციაა, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.
„შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ანოშ ლატორცეის, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას. აქაც მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ 14-15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. უნგრეთის პოზიცია არის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია, 14-15 დეკემბერს საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 14-15 დეკემბერს მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას.
„დისკუსიები, რომლებიც იმართება უნგრეთში ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან, ბუნებრივია, გვიმყარებს ამ რწმენას. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრიოს საკითხს, ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს საბოლოოდ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას, მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც, თუმცა მთავარი არის საქართველოს საკითხი, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს მხარდაჭერა იქნება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, საქართველო უპირველეს ყოვლისა შეფასდება თავისი მონაცემებით. ასე უპასუხა მან კითხვას, ნეგატიურად ხომ არ აისახება საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ უკრაინელებსაც, მოლდოვასაც და სხვა ქვეყნებსაც, იმიტომ რომ ევროკავშირის გაფართოებაში ჩვენც ვართ დაინტერესებულები. ევროპასაც დაინტერესებულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობაში. ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, საქართველო უპირველეს ყოვლისა შეფასდება თავისი მონაცემებით. ეს მონაცემები უტყუარი ინდიკატორია იმისა, თუ სად ვდგავართ და რა გვეკუთვნის", - აღნიშნა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე