შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ვინ შეიძლება გაწევრიანდეს მასში - „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავჯდომარე ჯერჯერობით დუმს, ხოლო მის ყოფილ პარტიაში რღვევის პროცესი გრძელდება და წევრები მიყოლებით ტოვებენ ორგანიზაციას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს ოპოზიციური კოალიციის შექმნას, სადაც ნიკა მელია იქნება ერთერთი მონაწილე.
„ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს მელია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციად და მერე შეიძლება იყოს ლაპარაკი მასთან არა გაერთიანებაზე, არამედ კოალიციაში მის მონაწილეობაზე.
„მას ვინ შეიძლება მიეკედლოს, ძნელი სათქმელია, ყველაზე ახლოს თუ ვინმე დგას მასთან, ეს არის ჯაფარიძე-ხოშტარიას ჯგუფი, ესინი შეიძლება შეუერთდნენ მელიას რადგან ორივენი „ნაციონალური მოძრაობიდან" მოდიან.
„ზოგადად ეს რამის მომტანი იქნება თუ არა, არ ვიცი. თუ მხოლოდ 5%-იან ბარიერზე იმუშავებს, თუ უფრო მეტის მოლოდინი აქვთ, ჯერჯერობით უცნობია. დაველოდოთ როცა მელია გააკეთებს განცხადებას. არ გამოვრიცხავ, რომ მელიას ამასთანავე შეუერთდეს „ევროოპტიმისტები" რომან გოცირიძე-ხატია დეკანოიძის ტანდემი.
„მაგრამ ჯერჯერობით მელია თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს და როდესაც გაურკვეველია ქმნის პარტიას თუ არ ქმნის, ასეთ ვითარებაში რთულია ილაპარაკო ვინმესთან გაერთიანებაზე ან კოალიციაზე.
„თუმცა, ყველაფერი მხოლოდ მელიას გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, „ლელოსაც" ექნება პრეტენზიები. მაგრამ, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ყველაფრის დაძლევა შეიძლება" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მელია თავჯდომარის პოსტის დაბრუნებას ელოდება და დამოუკიდებლობას არ ჩქარობს.
„მე მაინც მგონია, რომ ნიკა მელია ეცდება არ შექმნას დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დასაწყისში მეც მეგონა რომ გადადგამდა მაგ ნაბიჯს, მაგრამ, ჩანს რომ არ ჩქარობს დამოუკიდებლობას. ვფიქრობ, ბრძოლა „ნაციონალებში" ჯერ დამთავრებული არ არის და მელიაც იცდის როდის გამოჩნდება იმის შანსი, რომ მან დაიბრუნოს თავმჯდომარის პოსტი", განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე