სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, თუმცა, პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ოცნებაც" ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე შექმნას მოძრაობა და 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლოს, მათ განსაკუთრებით ეჭვებს უჩენთ პრეზიდენტის ბოლო აქტოვობები.
როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს და თუ მისი მიზანი ესაა, უნდა გადადგეს. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა კი, ცესკო-სთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შანსებს 2024 წლის არჩევნებისთვის, ანალიტიკოსების ნაწილს ამაზე საუბარი უჭირს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან შეკრავს ალიანსს, ეს კი შესაძლოა არცთუ წარმატებული ტანდემი აღმოჩნდეს.
რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე
ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას "თავს და ბოლოს ვერ გაუგებს".
„მე მაინტერესებს, რატომ დადის ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი სხვადასხვა ადგილებში ე.წ. ჩვენი ხმა ევროპას ხელმოწერებით? რა მიზანი აქვს ამას? ევროპამ გადაწყვიტა უკვე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიდის. ასევე იცის, რომ ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამსახურებულად სტატუსიო და ზუსტად ამიტომ დადის, რომ შემდეგ თქვენ კითხვები დასვათ, კობახიძეს დაუსვათ, მე დამისვათ და იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე.
„თორემ, საქართველოს საზოგადოებას არანაირი ინტერესი ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ გააჩნია. მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან თავს და ბოლოს ვერ გაუგებს, ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, ერთმანეთში რომ ჩხუბობს იქ რას გაარკვევს?! მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
„გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ ივანიშვილის კადრების გადაბირებით დაინტერესებული არაა პარტია „გირჩი".
"ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ. ამიტომ სხვა დროს თუ კობახიძეს ან ვინმეს რაიმე წამოსცდება ჩვენი მისამართით, იცოდეთ, რომ მე თქვენთან ეს მაქვს განხილული.
რაც შეეხება ამ ვერსიას, „ქართული ოცნების" ხელშია მოსასმენი აპარატებიც, თვალთვალიც, სუს-იც, პოლიციაც, შესაბამისად, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვინ რას აპირებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვერ შევამოწმებთ ამ ინფორმაციის სანდოობას, რასაც „ქართული ოცნება" გვთავაზობს, შესაბამისად, შეიძლება ეს მართალი იყოს, შეიძლება საერთოდ ტყუილი იყოს, ჩვენთვის გზის ასაბნევად", - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ხვიჩია აცხადებს, რომ "ივანიშვილის კადრების გადაბირებით" დაინტერესებულნი არ არიან.
არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილი გაზაფხულს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
"ვარსკვლავთმრიცხველობა პოლიტიკაში კარგი საქმე არ არის. შეიძლება გარკვეული ვარაუდები ჩვენ გვქონდეს კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ, როგორ იქნება და რა იქნება მტკიცებით, საუბარი არასწორია. სალომე ზურაბიშვილს ერთ რამ უნდა დავუფასოთ, რომ არ აჰყვა "ქართული ოცნების" ანტიქართულ რიტორიკას, ეს არის დასანახი, დანარჩენი საკუთარ გეგმებზე მან უნდა ისაუბროს. ჩვენ არ ვესხმით თავს ადამიანებს, რომლებიც პროდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობენ და ამ რიგში მოვიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს.
„ვცდილობთ ასევე თავს არ დავესხათ ოპოზიციონერებს, რადგან კობახიძე არ მალავს, რომ რაც უფრო მეტი დაძაბულობაა ოპოზიციაში, მათ ინტერესშია და კარგია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ალბათ გაზაფხულს დაელოდება, როცა მოხდება რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენის პოლიტიკურ პროცესზე და მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მითუმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან "კოჭლ იხვს" ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ამ ქვეყანაში დიდი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების", - განაცხადა მანჯგალაძემ.
რა შანსები აქვს ზურაბიშილს და რა პროცედურებია გასაველი
კონსტიტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" იმ პროცედურებზე ყვება, რომელსაც უნდა მიჰყვეს, თუ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში მონაწილება სურს.
„პრეზიდენტი გადამდგარად ითვლება გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა, ცესკოსთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა. თუ პრეზიდენტის გადადგომის მიზანი კანდიდატის სახით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებაა.
„პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს, რადგან ეს უკვე პარტიულ საქმიანობად ითვლება. შესაძლოა პრეზიდენტმა კანდიდატად ყოფნა არ მოინდომოს, მაგრამ კონკრეტულ პარტიასთან ერთად მიიღოს მონაწილოება წინასაარჩევნო კამპანიაში.
„პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება პარტიის მიერ ცესკოსთვის კანდიდატთა პარტიული სიის წარდგენამდე უნდა გააკეთოს, თუ მას უნდა, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყოს, მაგრამ, თუ ეს სურვილი არ ექნება და უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვით შემოიფარგლება, მაშინ უფრო ადრეც შეუძლია გადადგეს და გადადგომის წუთიდანვე ექნება უფლება სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში",- განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძემ ზურაბიშვილის შანსებზეც ისაუბრა.
„საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ბევრმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისი დამოკიდებულება შეიცვალოს, ის დამოკიდებულება, რაც დღეს აქვს ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ, ამიტომ ახლა პროგნოზის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია.
„უფრო მესაც ვიტყვი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგაც კი, ჩემთვის საკმაოდ რთული იქნება პროგნოზების გაკეთება თუ პრეზიდენტის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში რამდენად წაადგება კონკრეტულ პარტიას. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ კონკრეტული პარტიის სახელის ქვეშ შესაძლოა გაერთიანებული იყოს კიდევ რამდენიმე სხვა პარტიაც",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებზე მონაწილოების განაცხადს გააკეთებს, თუმცაღა ეეჭვება, რომ ბარიერი დაძლიოს იმ პლატფორმამ, საიდანაც ზურაბიშვილი იმოღვაწევებს, აბაშიძის ვარაუდოთ ეს შესაძლოა იყოს გახარია-ზურაბიშვილის ალიანსი.
„დიდი ალბათობით ასე მოხდება, სალომე ზურაბიშვილი და მისი გარემოცვა თვითილუზიაში არიან, რომ ის ქართულ ელექტორატში საკმაოდ პოპულარულია, რაც დიდი ტყუილია. ირაკლი კობახიძის პროგნოზი, რომ შეიძლება ზურაბიშვილი პრეზიდენტობიდან ორი თვით ადრე გადადგეს, მემგონი ეს დრო ძალიან გვიანი იქნება, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
„თუ ზურაბიშვილს სერიოზული საარჩევნო კამპანიის წარმართვა უნდა, რამდენიმე თვით ადრე უნდა გადაწყვიტოს და არა ორი თვით. შესაძლოა მის უახლოეს თანამოაზრეებს ეგონით, რომ სურაბიშვილი მესია და გადამრჩენელია, მაგრამ ეს ასე არაა. მას ან რაღაც ახალი პარტიის შექმნა მოუწევს, ან რომელიღაც პარტიაში შეკედლება. დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს გახარიას პარტია და არა „ლელო" და არანაირად ენმ, რომელიც უკვე ნამსხვრევებადაა ქცეული.
„არაა გამორიცხული ეს კონფიგურაცია, რომ გახარიას პარტიაში სალომე ზურაბიშვილი პირველ ნომრად იყოს, მეორე ნომრად გახარია და შემდეგ სხვები, მაგრამ საკითხავია ეს ორი ურეინტინგო პოლიტიკოსი ერთმანეთს მისცემენ კი საკმარის ხმებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ?! ძალიან სათუოა და ნუ იქნებიან მორიგ თვითილუზიაში, ნურც ზურაბიშვილი, ნურც გახარია, ნურც ხაზარაძე და სხვები, რომ მათ ელექტორატის მხარდაჭერის რესურსი აქვს. ეს ფარსი და ტყულია.
„არჩევნები ცალკ-ცალკე პარტიებით და 5%-იანი ბარიერით იქნება და არა ბლოკებით, ვნახოთ ვინ რას შეძლებს. არც მმართველ პარტიას არ უნდა უხაროდეს, რომ საკონსტიტუციო უმრალესობას მიაღწიოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციიის დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და თვითდესტრუქციის გზაზეა, არ გამოვრივცხოთ ეს სცენარიც, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში „ქართული" ოცნება შევიდეს და ერთი-ორი პარტია რამდენიმე დეპუტატით",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე