ნაზი ბერიძე
(06.12.2023)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირზა ჯოანას უკვე შეხვდა - მაპის მოლოდინში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და ალიანსისგან გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, საქართველო წევრობის გზაზე ნატოსგან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდება: „საქართველო ნატოსგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე. ყველას ვეუბნებით, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაც. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისას, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატოს წევრი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ვიზიტამდე.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებს და ახლა ბურთი ალიანსის მოედანზეა.

„ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, ჩვენი მთავარი სასაუბრო არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. ყველაზე მთავარი, რაზეც საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ჩავიდა, ეს არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.

„ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან.

„საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის. ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებს. ბურთი არის ალიანსის მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული",-განაცხადა ირაკლი ბერაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნატოსკენ.

„ნატო არ არის ვალდებული საქართველოს წინაშე, საქართველოა ვალდებული. საქართველოს თუ უნდა გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში, რაღაცა მოძრაობები უნდა განახორციელოს და შეასრულოს პირობები რასაც ითხოვენ ეს ორგანიზაციები.

„სამხარაძეს ჰგონია რომ ნატოს უნდა საქართველოში გაწევრიანება. არა, პირიქითაა - ხალხს უნდა. ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ საქართველო არაფრის გაკეთებას არ აპირებს და აქეთ კიდევ გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს. მაშინ სამხარაძემ დააზუსტოს რა ვალდებულებები აქვს ნატოს საქართველოს წინაშე.

„წესით უნდა მოხდეს საქართველოს სრული ჰარმონიზაცია ნატოს პოლიტიკაში. როცა ამბობ, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების მატარებელი სახელმწიფოა, აქ კითხვები იბადება. ჩინეთი თავისი პოლიტიკით ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ატლანტიკურ კონცეფციებს, ამერიკის შეერთებული შტატების მეტოქეა, უამრავი კითხვა მოდის ამ მიმართულებიდან.

„ნატოს დღის წესრიგში ვიყავით ჩვენ და დღეს ვართ მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ასპირანტი სახელმწიფო. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. პირველ რიგში საქართველომ უნდა დაამყაროს მდგრადი უსაფრთხოების პოლიტიკა ნატოს წევრ წამყვან სახელმწიფოსთან - თურქეთთან, რომელიც ჩვენი მეზობელია, რათა თურქეთთან ერთად კავკასიაში შევქმნათ სერიოზული უსაფრთხოების ქსელი რუსეთის წინააღმდეგ.

„ის, რომ ოჩამჩირეში რუსეთი ხსნის სამხედრო ბაზას, რომელიც საქართველოსთან შეთანხმებული არაა, უკანონოა. რატომ არ შეიძლება ჩვენ თურქეთს ველაპარაკოთ და რატომ არ შეიძლება სადღაც ანაკლიასთან ჩვენ კანონიერად ნატოს ბაზა შევქმნათ და დავუპირისპიროთ რუსეთს. ვუთხრათ, რომ აქ არის გავლენიანი სახელმწიფო თურქეთი და ჩვენ მასთან ერთად ვცდილობთ შევქმნათ საქართველოსათვის და კავკასიისათვის უსაფრთხოების ღონისძიებები" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ მოგვცენ მაპი - გაწევრიენების სამოქმედო სტატუსი და შესაბამისად ჩვენი ურთიერთობა შემდგომში მიიღებს უფრო დინამიურ ხასიათს",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე