თამთა ჩაჩანიძე
(05.12.2023)

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე 10 დღე რჩება, თუმცა ევროკავშირის შიგნით უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კონსენსუსი კვლავ არაა - აქტიური წინააღმდეგი კვლავ უნგრეთია, რომელიც ითხოვს, რომ უკრაინის საკითხი 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ სწორედ, ამას უკავშირდება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოულოდნელი ვიზიტი ბუდაპეშტში, რადგან, რამდენიმე სცენართან ერთად, საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კვლავ ერთ პაკეტში მოიაზრებოდეს და კიევისთვის უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს უარს თბილისისთვის.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისწერა, სადაც ითხოვს, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, „რადგან ისინი მაინც ჩავარდება". შეძლებს თუ არა მიშელი ორბანის დათანხმებას? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირს აქვს ბერკეტები უნგრეთის პრემიერის დასათანხმებლად, თუმცა რისკები მაინც არსებობს, რადგან უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც უკრაინის ევროპულ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანი ამ მუქარით ცდილობს, ევროკავშირისაგან გაყინული დახმარება, 27 მილიარდი ევრო მიიღოს. ევროკომისიამ უნგრეთს პანდემიის შემდგომი ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილი ფონდიდან თანხის გამოყოფა გაუყინა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ორბანის მუქარის შემდეგ ევროკომისიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა ბუდაპეშტისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ევრო განბლოკოს.

სამშაბათს ასევე გარიკვა, რომ საფრანგეთის პრეზიდეტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერი პარიზში მიიწვია და საუბრის მთავარი თემა სწორედ უკრაინის საკითხი იქნება.

ვინ და რატომ არის წინააღმდეგი

უნგრეთის გარდა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე პოტენციურად წინააღმდეგები არიან სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი და ავსტრია.

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას არ დაუჭერს მხარს, აქ არჩევნები ორი თვის წინ გაიმართა და სათავეში მემარცხენე პარტია „სმერი" მოვიდა. სამშაბათს კი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმოუდგენია.

„მე თავად მაინტერესებს, მაგალითად, როგორ გაამართლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ურსულა ფონ დერ ლაიენი და უპასუხებს კითხვას, იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია სამხედრო კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება", - განაცხადა ბლანარმა.

ბლანარმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზადაა უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ იგი ყველა კრიტერიუმს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს.

„უკრაინისთვის მომავალი წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთი", - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნოემბერში ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელიც წინააღმდეგია უკრაინისათვის იარაღის მიწოდების და მხარს უჭერს ორბანის პოლიტიკას. თუმცა მიუხედავად ვილდერსის გამარჯვებისა, სავარაუდოდ ყველა სხვა პარტია მის წინააღმდეგ გაერთიანდება და მთავრობას ისევ ძველი, ლიბერალურ-ცენტრისტული ძალა დააკომპლექტებს. მაგრამ, თავად ის ფაქტორი, რომ ულტრა-მემარჯვენეების პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდება, ბევრისთვის დასავლეთში შემაშფოთებელია.

დეკემბრის დასაწყისში კი ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას ითვალისწინებს და აღნიშნულ კანონს პარლამენტში ხელახლა განიხილავენ.

ნოემბრის ბოლოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა „ფაინენშალ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშრმა არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა უკრაინას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით.

რაც შეეხება უნგრეთს, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დაძაბულობას რამდენიმე მიზეზი აქვს, რასაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული სკანდალიც დაემატა. 1-ლ დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოროშენკოს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცა და პოლონეთის საზღვრიდან უკან გააბრუნა. ამის ოფიციალურ მიზეზად კი ის დასახელდა, რომ პოლოშენკო უნგრეთის პრემიერთან გეგმავდა შეხვედრას და ეს დაკავშირებული იყო „უკრაინისადმი უცხოელი პარტნიერობის მხარდაჭერის შემცირებასთან" და „უკრაინული საზოგადოების შიგნიდან გახლეჩვასთან".

ამას უკვე უნგრეთის ხელისუფლებისგან მოჰყვა ოფიციალური შეფასება, რომ პოროშენკოსთან დაკავშირებული სკანდალი კიდევ უფრო აშკარას ხდის იმას, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობისაგან კიდევ საკმაოდ შორსაა.

კობახიძის ოთხი დღე უნგრეთში

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქართული დელეგაციასთან ერთად, 5 დეკემბრიდან ბუდაპეშტში ოთხდღიანი ვიზიტი დაიწყო. დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

როგორც უნგრეთში მყოფი კობახიძე ამბობს, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. მისი თქმით, „ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე" და „ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით". კობახიძე საბოლოო ჯამში დარწმუნებულია, რომ „იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით".

თბილისში მყოფ „ოცნების" წევრებს კი მიაჩნიათ, რომ საკითხი, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წინაშე სვამს, შინაარსობრივად არის სულ სხვა და მისი მექანიკურად საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირება არ შეიძლება.

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არავის საწინააღმდეგო აზრი არა აქვს - სტატუსს ვიღებთ და რატომ გსურთ საუბარი იმაზე, თითქოს იმის გამო, რომ უნგრეთი ჩვენი მოკავშირეა, სტატუსს არ ვიღებთ?!" - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძე, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხების გასარკვევადაა ბუდაპეშტში - რომ უკრაინის საკითხში ორბანის გაჯიუტებამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ხელი არ შეუშალოს.

„ეს ისეთი საკითხია, რომელიც ევროკავშირის შიდა სამზარეულოს უკავშირდება. თანხმობა არაა უკრაინაზე - ეს ორბანის პირადი აზრია, თუ უკვე დადასტურებული ინფორმაცია, ეს არ ვიცით. რამდენადაც ცნობილია, თანხმობაზე ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებების გზაზე თითქოსდა მიღწეულია, რადგან ეს უკრაინისთვის ერთგვარი საჩუქარი იქნება იმის ფონზე, რომ ევროპა მას საკმარისად ვერ ეხმარება, რათა ბრძოლის ველზე წარმატებები მოიპოვოს და ეს უკრაინელებისთის ერთგვარი კომენსაცია იქნებოდა.

„საქართველოს საკითხს რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკოსების და ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ერთ პაკეტში უნდა იყოს განხილული. მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, ანუ მოლდოვას და უკრაინას გაუთანაბრონ, რომ ეს ასოცირებული ტრიო არ დაირღვეს და უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა სამომავლოდ გადადონ. თუმცაღა ეს სცენარი მაინც არარეალისტურად მეჩვენება, რადგან ახლა უკრაინა რომ დაამუხრუჭონ, ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებისათვის.

„კობახიძე შესაძლოა სწორედ ამ საკითხების გასარკვევადაა ჩასული - რომ უკრაინის საკითხში ორბანის ამ გაჯიუტებამ, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ხელი არ შეუშალოს, ვფიქრობ, რომ ეს თემაც იქნება დღის წესრიგში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთ პაკეტში მოიაზრებიან და კიევისთვის უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს უარს თბილისისა და კიშინიოვისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ პაკეტში მოვიაზრებით. თუ უკრაინამ თანხმობა ვერ მიიღო, სამივე ქვეყნის საკითხი ავტომატურად მოიხსნება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედაც უკრაინის ომმა გამოიწვია გაფართოების მომენტუმი. სავარაუდოდ სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ის ვიზიტი, რიმელიც ახლა ქართული მხრიდან ხორციელდება - ირაკლი კობახიძეა ჩასული. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება უნგრეთის ხელისუფლებასთან სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებს, ისინი ალბათ შეეცდებიან დაარწმუნონ საქართველოსთან მიმართებაში, ან შეარბილონ უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან მარტო საქართველოსთან არ გამოვა და თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს, სამივე ქვეყანას დაედება.

„ისე არ გამოვა, რომ უნგრეთის მეშევებით საქართველო გაძვრეს და დანარჩენი ორი ისე დარჩეს, ასეთი სიტუაცია აბსოლუტურად არაა და ეს კონსულტაციები ნაწილობრივ იმას ემსახურება, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს. თუ ეს არ მოხდა, ეს იქნება სერიოზული რეპუტაციული ზიანი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ზოგადად დასავლეთისთვის. გამოჩნდება, რომ ისინი ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სტაბილური გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებენ.

„არ მგონია ამას დამატებით სხვა ქვეყნებმაც შეუშალონ ხელი. შესაძლოა რაღაც პოზიციები იყოს, მაგრამ საბოლოოდ წინააღმდეგები არ იქნებიან", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

მოხერხდება თუ არა უნგრეთის დათანხმება

კაკაჩიას აზრით, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, უნგრეთი დათანხმდება უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

„როგორც ვიცი, ევროკავშირი მზადაა, რომ გაყინული თანხებიდან, რომელიც უნგრეთის ხელისუფლებას აქვს, აქედან საკმაოდ დიდი ნაწილი მისცეს. საუბარია 22 მილიარდზე, რაც ცოტა თანხა არაა, თუმცა 30 მილიარდამდეა გაყინული, რომელიც უნგრეთში ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას უკავშირდება. ამ თანხებს თუ ევროკავშირი მისცემს, შესაძლოა ამან იმოქმედოს.

„უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მისთვის მთავარი არაა, თუმცა ფორმალურად მაინც მიიჩნევენ, რომ მთავარი ზუსტად ესაა. ასევე ძალიან მნიშნელოვანია ფაქტორია ისიც, რომ ორბანის ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლება არ მოსწონს. არის ასევე ეთნიკური უნგრელების პრობლემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. უკრაინაში ათიათასობით უნგრული უმცირესობა ცხოვრობს, ხოლო უკრაინამ მიიღო კანონი, რომლითაც უკრაინული ენა სავალდებულო გახდა და ეს უნგრეთის ხელისუფებას არ მოსწონს.

„უკრაინა რაღაც ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ომში მყოფ ქვეყანას ძირეული რეფორმები არ შეიძლია. ეს არა მხოლოდ უნგრულ უმცირესობას, არამედ რუსულენოვან მოსახლეობასაც ეხება. ამასთან, პუტინთან ორბანის პირადი მეგობრობა ასევე არის ფაქტორი, რომელიც ამ საქმეში დიდ როლს თამაშობს.

„თუ უნგრეთი არ დაეთანხმა, ეს საკითხი ალბათ მომავალ წლამდე გადაიდება. ავტომატურად ჩვენც ამას მომავალ წლამდე გადავყვებით. დელეგაციებია ჩართული და დათანხმებაზე მუშაობა მიდის. ალბათ რაღაც შედეგი გამოჩდება, იმედია დაითანხმებენ, რადგან თუ უარი თქვა, ამას უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვება. ევროკავშირის შიგნით უკვე საუბარია იმაზე, რომ უნგრეთს საერთოდ ხმის უფლება ჩამოართვან. ასევე ბევრი სხვა ფაქტორი და რისკია უნგრეთისათვის და მხოლოდ ორბანს ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორბანის დათანხმების შანსი 50/50-ზეა, თუმცა, „უნგრეთი საკუთარ ფეხში ტყვიას არ ისვრის".

„შანსები 50/50-ზეა, ეს ევროკავშირის შიდა სამზარეულოს ამბავია - ერთმანეთთან რა ურთიერთობები აქვს მიშელს და ორბანს. მაინც ვფიქრობ, რომ უნგრეთი საკუთარ ფეხში არ ისვრის და ევროკავშირს ასე ღიად არ დაუპირისპოირდება, რადგან ევროკავშირზე ბევრადაა დამოკიდებული. მესმის, რომ უნგრეთი ცდილობს სხვა მეინსტრიმული ევროპული ქვეყნებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ არც ისეთი სულელები არიან, რომ ადგნენ და ევროკავშირთან ურთიერთიბები ბოლომდე გააფუჭონ.

„ახლა რომ უკრაინას უარი უთხრან, ეს ამ ქვეყნისთვის და თავად ევროკავშირისთვისაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება. გამოდის, რომ მან უკრაინას ხელი ჰკრა. ამიტომაც მე პირადად ვფიქრობ, რომ ორბანის გადარწმუნებას რაღაცნაირად შეძლებენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე