ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, გალში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები აღდგეს. ამის ინიციატორი დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომელიც იმდენადაა მონდომებული, რომ თავადვე იზრუნა იმ მიზეზის აღმოფხვრაზე, რის გამოც 2018 წელს ეს შეხვედრები შეწყდა. რა დგას ამ მონდომების უკან და რა რეალური შედეგები მოყვება გალის შეხვედრების აღდგენას?
5 წლის წინ კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები აფხაზური მხარის მიერ წამოყენებული პირობის გამო შეწყდა - ქართული დელეგაციის წევრებს საზღვარგარეთის პასპორტით უნდა გადაეკვეთათ მდინარე ენგური და ე.წ. საბაჟოზე უნდა დაეფიქსირებინათ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შედიოდნენ. ბუნებრივია, ოფიციალური თბილისისთვის ეს მიუღებელია.
ორი თვის წინ სოხუმში მოულოდნელად ალაპარაკდნენ ამ შეხვედრების განახლებაზე. 10 ოქტომბერს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
ორიოდე დღის წინ აფხაზური მედიით ცნობილი გახდა, რომ ენგურის ხიდთან უკვე სრულდება შეხვედრებისათვის საჭირო სივრცის მოწყობა, სადაც ქართულმა მხარის წარმომადგენლები უპრობლემოდ და რაიმე ზედმეტი მოთხოვნების შესრულების გარეშე შეძლებენ შესვლას. აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ კი დაადასტურა, რომ ჟენევის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებზე შეხვედრების განახლებაზე შეთანხმდნენ.
მისივე ცნობით, საზღვარგარეთის პასპორტით აფხაზეთში გადასვლაზე ქართული მხარისს მხრიდან უარი იქნა გაცხადებული, რის გამოც, გალის ფორმატის აღდგენა რამდენიმე თვით გადავადდა.
„ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს ფორმატი აღდგეს, მაგრამ აქ წარმოიშვა სხვა საკითხი - ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან, კატეგორიული უარი არის ამაზე ნათქვამი და ამან შეაფერხა რამდენიმე თვით ამ ფორმატის განახლება.
„ჩვენ ახლახან მოვისმინეთ გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება, რომ ენგურის პირას, იქითა მხარეს, მიმდინარეობს რაღაც სივრცის მოწყობა. არ მისული საგუშაგომდე, ხიდს რომ გადალახავ იქვე, სივრცე გაიხსნება, სადაც გაიმართება ეს შეხვედრები. ეს ისევ და ისევ ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია. ცხინვალში რასაც ვხედავთ პერიოდულად, იგივე ფორმატი იქნება“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს შეხვედრები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2011, წელს შეწყდა. ხოლო როდესაც ის გახდა მინისტრი, 2016 წელს ისევ აღადგინა. თუმცა, 2018 წელს, აფხაზური მხარის მიერ წამოყენებული დამატებითი პირობის გამო, შეხბედრები ისევ შეწყდა.
„მაშინ აფხაზურმა მხარემ ჩათვალა, რომ სადამკვირვებლო მისიამ არასწორი განცხადებები გააკეთა და უარი თქვეს გალის შეხვედრებზე. ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოთხოზორიას საშინელი მკვლელობის დროს აღვადგინეთ. 2016 წლის მაისში ოთხოზორიას მკვლელობა განხორციელდა და მაშინ ჩემი პირადი ჩართულობით ამ შეხვედრების აღდგენა მოხდა.
„როცა მე წამოვედი, მერე ისევ დაიხურა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართული მხარე სრულიად სამართლიანად უარს ამბობდა აფხაზურ მხარეზე დოკუმენტებით გადასულიყო. ეს ჩვენთვის აბსოლუტრად მიუღებელი იყო.
„მაშინ კარგი იყო, რომ შეხვედრები გალში ტარდებოდა და ამას არავინ უარყოფს. მაშინ ქართული პასპორტების წარმოდგენა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მიდგომა აფხაზებმა მერე შეცვალეს. უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ვითომ ქართულმა დელეგაციამ საზღვარი გადალახა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება ახლა, 5 წლის შემდეგ ამ მიმართულებით დე ფაქტო ხელისუფლების გააქტიურებას, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული პიარ კამპანიის ნაწილია. მისი აზრით, კრემლში ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ თითქოს აფხაზებთან რაღაც სახის მოლაპარაკება დაიწყო.
„ეს არის ჩვეულებრივი პიარ კამპანია, რომელიც კრემლის დაგეგმილია. ასე მოულოდნელად აფხაზებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი, ჯანდაბას თქვენი თავი და შევხვდეთ ენგურის ხიდზე, ე.წ. საბაჟოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ანუ სადაც საბუთების წარდგენა საჭირო აღარ იქნება.
„ამ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან ეს ყველაფერი მოჩვენებითია. რუსეთში ცდილობენ ქართული მხარე და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს აფხაზეთის მიმართულებით რაღაც მოლაპარაკებები დაიწყო და ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადმოდგებული სატყუარა, რომელზეც ჩვენი მოსახლეობის წამოგება უნდათ. მერე რაღაც მიზეზით ისევ დახურავენ. იტყვიან - ვიღაცის ძროხამ რაღაც საზღვარი უკანონოდ გადალახაო და ასე დახურავენ.
„რაც შეეხება ქართულ მხარის დუმილს ამ თემაზე, ჩემი აზრით, იმდენად არიან შეშინებული, რომ რადგან ეს ინიციატივა აფხაზების მხრიდან მოდიოდა, შეეშინდათ - რამე არ დაგვაბრალონო. ყველაფერზე ფრთხილობენ და ეს ამბავიც მიაყუჩეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე