ექს-პრემიერი და პარტიის „საქართველოსათვის" ლიდერი გიორგი გახარია ქვეყანაში ელიტური კორუფციის შესახებ ალაპარაკდა. იგი აცხადებს, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის და მათ ვინაობას მალე დაასახლებს. გახარია აცხადებს, რომ ასეთი რამ მისი პრემიერობის დროს არ ხდებოდა. კონკრეტულად ვისზე აქვს კომპრომატები ყოფილ პრემიერს და რა მოჰყვება მისგან კონკრეტული გვარების დასახელებას.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს გახარიას მხრიდან მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკური გაცხადებაა, რადგანაც ელიტური კორუფცია საქართველოში პრაქტიკულად სულ იყო, მათ შორის გახარიას პრემირობის დროსაც.
აღსანიშნავია, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ბოლო წლების ალბათ ყველაზე ცნობილი ფრთიანი ფრაზის ავტორი სწორედ გიორგი გახარიაა. მისი პრემიერობის დროს, 2020 წლის მაისში, ოპოზიციამ მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში იმ კომპანიების შერჩევა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით მიეცათ საქმიანობის უფლება, კორუფციული გარიგების საფუძველზე მოხდა.
2020 წლის ბოლოს მაისის ბოლოს პარლამენტში გამართული დებატებისას ამ ბრალდებაზე პრემიერ გახარიას ასეთი პასუხი ჰქონდა:
„რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ".
დღეს გახარია აცხადებს, რომ კორუფციის ზრდა სწორედ პრემიერობიდან მისი გადაყენების შემდეგ დაიწყო და „ოცნების" ლიდერებმა იმდენი მოიპარეს, რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ელიტური კორუფცია იყო არის და იქნება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების დროს და თუ გახარიას მართლა აქვს ინფორმაცია ამ 20-25 ოჯახზე, აუცილებლად ღიად უნდა დააფიქსიროს ვინ არიან ისინი.
„ვერ გეტყვით ახლა აქვს თუ არა კომპრომატები გახარიას, მაგრამ ეს არის გახარიას მხრიდან პოლიტიკური განცხადება, რადგან მე არ მგონია, რომ მხოლოდ გახარიას პრემიერობიდან წასვლის შემდეგ გაიფურჩქნა საქართველოში ელიტური კორუფცია.
„ელიტური კორუფცია „ნაციონალური მოძრაობის" პერიდოდან რომ დაიწყო, გრძელდება დღემდე. სხვადასხვა მასშტაბით და სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყოველთვის იყო. მაშინაც, როცა გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მაშინაც, როდესაც პრემიერი იყო და დღესაც არის რა თქმა უნდა. თუ მას რამე ინფორმაცია აქვს ამ 25 კაცზე თუ ოჯახზე, ეს ალბათ უნდა თქვას ღიად - რომელი 20-25-ია?
„ეს კომპრომატები კი არა, ეს უფრო პოლიტიკური განაცხადია. როდესაც ვლაპარაკობთ ელიტურ კორუფციაზე, მუდმივად გაჩნდება არჩევნების წინ გახარიასთან კითხვა, რომ - თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ რა, არ იყო კორუფცია? ამიტომ ჩემი აზრით, წინასწარ ხდება უბრალოდ მომზადება გახარიას მხრიდან და აქცენტირება რომ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო 25 კაციანი თუ 25 ოჯახის გაპარპაშება.
„ამიტომ, თუ მას კონკრეტულად ვინმეზე აქვს ეჭვი, უნდა გამოაქვეყნოს კიდეც. თუ გამოაქვეყნებს, გვეცოდინება ვისზე საუბრობს და დანარჩენს მოვიკითხავთ - რა ხდება სხვებთან დაკავშირებით, ვინ მონაწილეობს, ან ვინ არ მონაწილეობს ამ ელიტურ კორუფციაში. ეს ისე მარტივი რა თქმა უნდა, არ არის. თუ არ გამოაქვეყნა, ვთვლი, რომ ეს არის წინასაარჩევნო თემის წინასწარ დაბლოკვა, მისთვის უხერხული კითხვებისთვის თავის არიდების მიზნით გაკეთებული განცხადება და არაფერი სხვა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს რომ გახარიას ელიტურ კორუფციაზე და მათ შორის 20-25 ოჯახზე „ოცნების" ლიდერებზე ინფორმაცია ჰქონდეს.
„არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. ამ ჟღერადობის ფრაზა ნაწილობრივ გულისხმობს, რომ ელიტური კორუფციაა, იმიტომ, რომ შიში სხვანაირად ვერ აიხსნება, თუ კომპრომატების მფლობელი არ ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„მეორე მხრივ, სხვა კითხვები ჩნდება თავად გახარიასთან. ისიც ხელისუფლებაში იყო და ალბათ მის დროსაც ვიღაც გამდიდრდა. ასეთი სურათი, რომ - ჩემი ჩათვლით ჩემამდე ყველაფერი კარგად იყო და ჩემს შემდეგ დაინგრა ქვეყანა - ცოტა არადამაჯერებელია ხოლმე, როდესაც ფაქტობრივად ერთი კაცი იცვლება და არა მთლიანი პოლიტიკური ელიტა.
„გახარია გამოაქვეყნებს კომპრომატებს? მეეჭვება. არ მგონია პერსონების დაკონკრეტება გადაწყვიტოს. მასეთ გამოქვეყნებას რაიმე დიდი როლი არ აქვს საარჩევნო კამპანიის პროცესში, მხოლოდ შავი პიარის ფუნქციას ატარებს
„თუ დაასახელებს გახარია 20-25 ოჯახს, მაშინ გაჩნდება კითხვა - მხოლოდ ამ ოჯახებზე არის კორუფციის ეჭვი? და „ნაციონალურ მოძრაობაში" კორუფციის ნიშნები არანაირი არაა? როდესაც გახარია ხაზს უსვამს რომ ის, ორივესგან - „ნაციონალური მოძრაობისგან" და „ქართული ოცნებისგან" ერთნაირად არის დისტანცირებული, სასურველია ანალოგიურ ნაბიჯებშიც მისგან ორივეს მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება ჩანდეს და არა მხოლოდ ხელისუფლების ,ან თუნდაც მხოლოდ წამყვანი ოპოზიციური პარტიის მიმართ. თუ გახარიას პარტიას მესამე ძალის პრეტენზია აქვს, მაშინ მან უნდა იმოქმედოს, როგორც მესამე ძალამ", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე