თამთა ჩაჩანიძე
(04.12.2023)

ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებული „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება კვლავ ჭიანურდება, თუმცა, მმართველი პარტია ამბობს, რომ „ყველასთვის კარი ღიაა" რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით იგივე სცენარს ვიხილავთ, რაც თავის დროზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში მოხდა. თუმცაღა, არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალოს და „ოცნებასთან" თანამშრომლობისკენ ნაბიჯები გადადგას.

მედიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" გეგმა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, მომზადებულ დოკუმენტს ახლა ბრიუსელში ეცნობიან. მისი გასაჯაროების შემდეგ გაირკვევა, მოიწონებს თუ არა ოპოზიცია „ოცნების" სტრატეგიას და გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისიის მოწოდებას, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური.

როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ" ირაკლი კობახიძემ ნოემბრის ბოლოს განაცხადა,სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი - ერთიანი კომისია არ იქნება, შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა - მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის - პარლამენტთან. მისივე თქმით, 9 ვალდებულების შესრულების კუთხით, დატვირთვის ძირითადი ნაწილი მთავრობაზე მოდის.

„ყველასათვის ღიაა კარი"

თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი - ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს რეკომენდაციების შესრულების ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა.

„9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაწერილია ნაბიჯები, მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ცვლილება პარტიების დაფინანსების საკითხში, რომელიც ევროკომისიასთანაც არის შეთანხმებული. მგონი, ყველა შეთანხმდა, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პრეროგატივაა ამ რეკომენდაციების შესრულება, მუშაობა და ევროკომისიასთან კოორდინირება.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია მოწვეულია, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში. თუ ვინმეს სურს დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით, ზუსტად ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ 9 რეკომენდაციას.

„ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს ამ ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ პარტია რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობას მიიღებს, თუ დაინახავს, რომ ევროპული საქმე კეთდება და ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება რეალურად სურს.

„სამწუხარო რეალობა გვაქვს, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია. 3 არის ფასადურად შესრულებული. ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების სიტყვებია და არა მხოლოდ ჩემი. შესაბამისად, დიდ მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც საქართველოსთვის ევროპული საქმე კეთდება.

„ვნახავთ, თუ რა დღის წესრიგი ექნება ხელისუფლებას, იმ სამუშაო გარემოში როგორი სიტუაცია იქნება. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ცალკე ვმუშაობთ ამ დათქმების შესრულებაზე. თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება" მართლა ევროპულ საქმეს აკეთებს და ამ დათქმების შესრულებაზე მართლაც ფიქრობს, „ნაციონალური მოძრაობა" ყველგან იქნება, სადაც ევროპული საქმე კეთდება",-განაცხადა ხაჯიშვილმა.

განმეორდება თუ არა 12 რეკომენდაციის შესრულების სცენარი

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ვარაუდით ის განმეორდება, რაც 12 პუნქტთან მიმართებაში მოხდა, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად ჩართული არ იყო რეკომენდაციების შესრულებაში.

„ვვარაუდობ, რომ განმეორდება ის, რაც 12 პუნქტის შესრულების დროს მოხდა, რადგან არაფერი არსებითი არ შეცვლილა. თუმცაღა, ერთი ფაქტორია, თუკი ოპოზიციამ დაინახა, რომ ასეთი ბოიკოტირებით - ჯოხის ბორბლებში კვრით შედეგი არაა, შეიძლება სტრატეგია მართლა შეცვალოს და პარტნიორული სტილით მოქმედება დაიწყონ.

„თუმცაღა, ასეთ დროს მათთვის ერთი სირთულეა - თუკი პარტნიორულად იმუშავებენ, შესაძლოა ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა მეორეს დაუწყოს დაყვედრება ხელისუფლებასთან ალიანსში ხარო. ამიტომაც უფრო ერთმანეთის ბულინგის ეშინიათ, ვიდრე რეალური შედეგების.

„ახლა შიდაოპოზიციური ბულინგი იქნება თუ არა, არ ვიცი. ალბათ ოპოზიციის ერთად თავმოყრა და გადაწყვეტილების მიღება სჭირდება იმაზე თუ როგორ მოიქცენენ ამ ტიპის შემთხვევაშიც. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მათ ასეთი თავყრილობის უნარი ჰქონდეთ",-განაცხადა ანალიტიკოსმა.

როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, რეალურად გადადგამს თუ არადაშლის პირას მყოფი „ნაცმოძრაობა" თანამშრომლობისკენ ნაბიჯებს, ამას ხაბეიშვილი არ წყვეტს. აქვე აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, ლონდონში ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილიდა გიორგი ჩალაძე ჩავიდნენ, თუმცა რას ემსახურებოდა ეს შევედრა უცნობია.

„ხაბეიშვილი ნაბიჯებს თავად არ დგამს, მას უმეტესად კარნახობენ და ახლაც „ნაცმოძრაობის" ეს გჯუფი, მორიგი კარნახის მისაღებად ჩავიდა თუ რა არის გასაკეთებელი და რა ფასად არის გასაკეთებელი.„ნაცმოძრაიბის" არაფორმალური მმართველობა ამ (9 პუნქტზე თანამშრომლობის) კუთხით რას გადაწყვეტს, ეს უცნობია. არც ის მესმის ისინი ახლა რა ინტერესით მოქმედებენ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დიდი ალბათობით ხელისუფლებას ახლაც მარტო მუწევს 9 პუნქტზე მუშაობა.

„რადიკალური ოპოზიცია დიდი ალბათობით იმ წარსულ მავნებლურ ქმედებებს გაიმეორებს, რასაც ევროკავშირის რეკომენდაციების განხილვებში მონაწილეოება ჰქვია. არაა იმის ილუზია, რომ თითქოს ისინი ერთ თვეში გამოსწორდნენ და კონსტრუქციულად დაიწყეს მოქმედება. შესაბამისად, მმართველი პარტია იძულებული იქნება დავალებები მარტო შეასრულოს.

„თუმცაღა, შესაძლოა საპარლამენტო ოპოზიციური ფლანგიდან ცალკეული რამდენიმე ადამიანი ჩაერთოს, იმ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი არ მოახდინოს. იმედი მაქვს, თუმცა ეს შესაძლოა რამდენიმე ადამიანი იყოს და არა მთლიანად ოპოზიციური ფრთა",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე