ნაზი ბერიძე
(04.12.2023)

შესაძლებელია თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციაში შედგეს ერთიანი კოალიციური გაერთიანება პრინციპით - ყველა ერთის წინააღმდეგ მმართველი პარტიის დასამარცხებლად. საპარლამენტო ჯგუფის ევროოპტიმისტების თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხება მხოლოდ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნით შეიძლება.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ „ოცნების" დამარცხება ახალი ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი, სადაც იქნებიან: „ლელო", ალეკო ელისაშვილი, „გირჩი", „ევროპული საქართველო," „რესპუბლიკელები," ანა დოლიძე, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ნინო ლომჯარია, ნიკა მელია, ევროპელი ოპტიმისტები და ა.შ მისი თქმით, აღნიშნული ერთობა 20%-იანი ხმების მობილიზებას მოახდენს. „ნაციონალური მოძრაობა" ცალკე ელექტორატის 20%-ს აიღებს, 5%-ს გახარიას პარტია და ეს უკვე ხელისუფლების ცვლილება იქნება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი გაერთიანების შექმნა რთული იქნება და მხოლოდ ის იდეოლოგია, რომ გადავაგდოთ „ქართული ოცნება", ვერცერთ პოლიტიკური ფიგურას წონას ვერ შესძენს.

„ამ ხალხის შეკრება თავისთავად რთული პრობლემაა - ამდენი ლიდერის მაგიდასთან დასმა. მერე დადგება საკითხი ლიდერების ლიდერი ვინ უნდა იყოს? ეგ კი ცოტა ბუნდოვანია. თავისთავად იშვიათი მოვლენაა გაერთიანება - ჯერ ერთი, ქართველებს გვიჭირს გაერთიანება და მეორე - რის მიხედვით უნდა მოხდეს გაერთიანება, იმით რომ „ქართული ოცნება"გადააგდონ? ვთქვათ გადააგდეს მერე ვინ არის? რა არის? ვინ რას განაგებს, საკითხები მხოლოდ გადაგდებით ამოიწურება? და ასეთი უარყოფითი განწყობის ორგანიზაცია მეეჭვება რომ რამე შედეგის მომტანი იყოს.

„ამდენი წვრილი ორგანიზაციის გაერთიანება არა მგონია იყოს იმის გარანტი, რომ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას." თოკის გადაწევა ხომ არ არის რომ ბევრი მოწინააღმდეგის შეკრებით მიიღო უფრო ძლიერი მხარე. აქ პოლიტიკური წონაზეც არის დამოკიდებული, პოლიტიკური წონა კი ამ წვრილ პარტიებს საიმისო არა აქვთ, რომ მათმა ნაკრებმა შექმნას და გადაწონოს „ქართული ოცნება", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიების გაერთიანებაშია „ქართული ოცნების" დამარცხებისა და დემოკრატიული და ევროპული საქართველოს ჩამოყალიბების გასაღები.

„შესაძლებელია გაერთიანება,რადგანაც აცნობიერებენ სხვადასხვა პროდასავლური პარტიები რომ საკმარისი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და სჭირდებათ. მგონია, რომ თუ ერთიანი იქნება ოპოზიცია, ამ შემთხვევაში მეტი შანსია გამარჯვების.

„თუმცა, კოალიციაში თუ ალიანსში შემავალი არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესი არ უნდა დაზიანდეს. მათ ექნებათ საერთო იდეოლოგია კოალიციაში, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, „ქართული ოცნების" დამარცხება და საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დანერგვა", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე