თამთა ჩაჩანიძე
(04.12.2023)

„ერთიანობის ყველა შანსი ამოიწურა" - ამ სიტყვებით დატოვეს „ნაცმოძრაობა" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც ახალი პლატფორმიდან ბრძოლას აანონსებენ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტია ფაქტობრივად იშლება - ეს პროცესი გაგრძელდება, რაც 2024 წლის არჩევნებისთვის ენმ-ზე ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს და ამ მოცემულობით საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმუმ 7%ს უწინასწარმეტყველებენ.

ნაწილი ანალიტიკოსებისა კი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი სახლში არ წავა და თუ ნიკა მელიას ფლანგი სრულად წავიდა პარტიიდან და ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დაიწყეს, 2024 წლის არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკურ ველზე დიდად არაფერს შეცვლის, თუმცა, მიაჩნიათ, რომ პარლამენტში რაც უფრო ბევრი პარტია შევა, დემოკრატიისთვის მით უკეთესია.

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, სულ ცხრა წევრია. ჯერჯერობით არ ჩანს და უცნობია რას აპირებს ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიიდან აწ უკვე გარიცხული ნიკა მელია, თუმცა, როგორც გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას". ურთულესი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა „ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, არ იყო მაინც და მაინც რთული, რადგან იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მარტივად შევძელით. მაგრამ როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვი - მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს.

„ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის" იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან", - განაცხადა კირთაძემ.

ამის პარალელურად, ენმ-ს წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას კვლავ ითხოვენ, თუმცა ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ პარტიაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია

„ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.

„პროცესები, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ესაა მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში.

„შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, თუმცა ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით," - განაცხადა კახა კალაძემ.

ენმ-ს წევრი გიორგი პატარაია მიიჩნევს, რომ პარტიაში მწვავე კრიზისია და გამოსავალი ხაბეიშვილის გადადგომაა.

„ის კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია" სამწუხაროდ, ჯერ არ აღმოფხვრილა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს პარტიის თავმჯდომარემ, გადადგეს და ჩაინიშნოს ხელახალი პოლიტიკური საბჭოს არჩევნები. იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ლევანი არ ჩაებღაუჭება სკამს, რადგან ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ნეგატიურ დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობის" მიმართ", - განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა, გიორგი პატარაიამ.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები, რვა-ცხრა თვეა, გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ, დღეს გააფორმეს ოფიციალურად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა პარტიის ცხრა წევრის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მართლაც, წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და „რუსული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია, ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში.

„რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება", - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

როგორ აისახება ენმ-ს დაშლის პროცესი პოლიტიკურ ველზე

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუკი მელიას ფრთას 2024 წლის არჩევნებისთვის წარმატების მიღწევა უნდა, მაშინ დროზე უნდა გამოეყოს სრულად და მუშაობა დაიწყონ ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის.

„არა მგონია, რომ ეს ხალხი სახლში წავიდეს, ალბათ გამოყოფის პროცესი დაიწყო - სჯობს მელია დროზე გამოვიდეს, მოასწროს პარტიის შექმნა, რათა არჩევნებისთვის მოემზადოს და 5%-ის გადალახვა შეძლოს. ენმ გულზე არ მეხატება, მაგრამ მემგონი მელია შეძლებს ბარიერის გადალახვას და პარლამენტში რაც უფრო ბევრი პარტია შევა, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

„სჯობს არ დაშლილიყვნენ, მაგრამ რაკი მაინც ასე გადაწყვიტეს, დროზე უნდა დაიშალონ, ცალკე პარტია შეიქმნას. ახლა თუ დაიწყეს პროცესი, 2024 წლის არჩევნებამდე პარტიად ჩაოყალიბებას მოასწრებენ. არჩევნებისთის მუშაობა 6 თვით ადრე უნდა დაიწყონ - თუ არჩევნები ოქტომბერშია, სადღაც გაზაფხულისთვის უნდა ჩამოყალიბდეს მოძრაობა, ზაფხული ცხელი იქნება და ამიტომ კარგი დროა.

„თუ ჩამოყალიბდებიან უნდა ილაპარაკონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე - უშევრობაზე,პენსიებზე, განათლების საკითხზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და არა მხოლოდ რუსეთზე. მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებაზე" ისაუბრობ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი თემა.

„პარტიები იშლებიან და ეს გასვლა მიუღებელი თემა არაა, მიუღებელია „ოცნების" თემა, რომ გაყინულები არიან. ის, რომ პარტიებიდან ხალხი გადის და სხვა პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილი უფროა, ვიდრე არაჯანსაღი. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, მთავარია ეს ხალხი სახლში არ მიდიოდეს და პოლიტიკაში რჩებოდეს. პროპორციულმა სისტემამ შესაძლოა პარტიები აიძულოს და სწორი მიმართულებით წავიდნენ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ენმ-ს რეიტინგზე მელიას ფრთის გასვლა, კონფლიქტოლოგმა გვითხრა: „რაღაც პროცენტებს ალბათ დაკარგავს, მაგრამ, ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობას" თავისი გარანტირებული ხმები აქვს მინიმუმ 12%. შესაბამისად, ისინი თავისას აიღებენ, მელიას ფრთა რომ არ გასულიყო, შესაძლოა 20%-მდე აეღოთ. რაკი მელია გამოვა, მერე უკვე მთავარია პოლიტიკას როგორ წაიყვანს და დღის წესრიგში რა ექნება წინასაარჩევნო კამპანიისას.

„თუ ენმ-სა და მელიას პოზიციები ერთი იქნება, მაშინ მას ხმას არავინ არ მისცემს, უნდა გასხვავდებოდეს. „ნაცმოძრაობას" კი ჰყავს ამომრჩეველი, თუმცა მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო მეტია, ვიდრე დადებითი, ეს უნდა გაითვალისწინოს მელიამ. მელიას ფრთა თუ გავიდა შესაძლოა ენმ-საც წაართვას ელექტორატი, თუმცა სხვა წვრილი პარტიების ამომრჩეველიც უნდა მიიზიდონ, ეს ცუდი არ იქნება, რადგან ის წვრილი პარტიები 5%-ს მაინც ვერ გადალახავენ.

„ახლა „ნაცმოძრაობაზე" გულაყრა და გულაცრუებაა და თუ ნიკა მელია საზოგადოებას სწორ კონცეფციას შესთავაზებს, ამომრჩეველმა შესაძლოა მელია ასეთი ხედვებით მიიღოს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ში დაშლის პროცესი გარდაუვალია. მისი პროგნოზით, ამ მოცემულობით არჩევნებზე „ნაცმოძრაობამ" მაქსიმუმ 7% მიიღოს.

„ნაცმოძრაობაში" რაც ხდება, ეს ობიექტური მოვლენაა იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც თავის დროზე ამ პარტიას ახასიათებდა. ეს პარტია კი არ უნდა დაიშალოს, არამედ უნდა გასამართლდეს და როგორც მსოფლიოში ფაშიზმი აიკრძალა, ასევე ეს პარტიაც აკრძალული უნდა იყოს, რადგან უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ის 27 ათასი ფაილი რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელდებითაა გადაღებული, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს პარტია არ არსებობდეს. თუმცა თუ სამართლებრივად ვერ გაკეთდა, ამას ბუნებრივმა პროცესებმა შეუწყვეს ხელი და რაც ხდება გასაკვირი არაა.

„ასეთი ტიპის დაშლა 2024 წლის არჩევნებისთვის აისახება შემდეგნაირად - პარლამენტში ძალიან მცირე რაოდენობით შევლენ ოპოზიციაში და შემდეგ თანდათანობით პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაქრება. 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს, დაზომბირებული საზოგადოების გარკეული ნაწილი ბარიერს მაინც გადაალახინებს. სადღაც 5-6%-ს აიღებს, მაქსიმუმ 7%-მდე მეტის ამღები ეს პარტია არაა",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე