როგორ აისახება პოლიტიკურ პარტიათა ფუნქციონირებაზე და შესაბამისად მთლიანად პოლიტიკურ ველზე „ქართულმა ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა აეკრძალოთ - ექსპერტები „რეზონანსთან" ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილება დადებით შედეგს ნამდვილად არ მოიტანს და ძირითადად ოპოზიციიის წინააღმდეგ არის მიმართული.
პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ - იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ, - აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა ძირითადად მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" შესაზღუდად არის წამოწყებული.
„საქართველოში, ჩვენს რეალობაში ეს დაფინანსება ყოველთვის პირობითი იყო, იმიტომ, რომ არჩევნებში მუდმივად ტრიალებს შავი ფული და მას ვერანაირი კანონი ვერ შეუშლის ხელს და ვერ აკრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში.
„მითუმეტეს, ეს შავი ფული ძირითადად ტრიალებს ხელისუფლების მხრიდან, შევარდნაძის დროსაც ასე იყო, სააკაშვილის დროსაც, და ახლაც. ამიტომ, თუ ასეთი აკრძალვები განხორციელდება, ძირითადად მიმართულია, რა თქმა უნდა ოპოზიციის წინააღმდეგ.
„დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის მიმართული „ლელოზე", რადგანაც, თუ ვინმე შეძლებს კორპორაციული დაფინანსების მოპოვებას იურიდიული პირებისგან, ეს ძირითადად „ლელოა." ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, პირდაპირ მიმართულია ოპოზიციის წინააღმდეგ. ოპოზიციიდან კი ყველაზე მეტად „ლელოს" წინააღმდეგ.
„სწორედ იმ პარტიებზე მიდის დარტყმა, რომელიც პოტენციურად შეიძლება აწუხებდეს „ქართულ ოცნებას". „ლელოს" შემდეგ ეს არის გახარიას პარტია „საქართველოსთვის",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ
პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა უარყოფითად აისახება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
„ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიების ფინანსური ყულაბა ძირითადად კერძო და ორგანიზაციების შემოწირულობით ივსება და ამას ადასტურებს კიდეც აუდიტის სამსახურის მონიტორინგის მონაცემები რომ შემომწირველები არიან კერძო პირები და კონკრეტული კომპანიები, უარყოფითად უნდა აისახოს პარტიების ფუნქციონირებაზე, ბევრ პარტიას ისედაც არა აქვს მყარი შემოსავლის წყაროები, როგორც დასავლეთშია.
„ეს ინიციატივა პოლიტიკურ ველზე ალბათ იმოქმედებს იმ კუთხით, რომ ის პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური რესურსები აქვთ უფრო უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან" -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე