ნაზი ბერიძე
(02.12.2023)

ევროკომისია თავის 9 დათქმაში ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ამ მხრივ ევროკავშირი საქართველოსგან და რა შემთხვევაში ჩაგვეთვლება ეს პირობა შესრულებულად? ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროპასთან რაღაც კომპრომისული ფორმულის ძიებაშია, რომ ამ დათქმებით გათვალისწინებული ზოგიერთი კომპონენტი შეასრულოს, ზოგიერთთან დაკავშირებით კი ახლანდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალურად არის გაწერილი იმ 9 დამატებით ახალ რეკომენდაციაში, რაც ევროკომისიამ მოგვცა. ამას თვითონაც გვეუბნებიან, რომ თავსებადობა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მაჩვენებლებთან კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. თუ არ ვცდები - 31%-ზე, მაშინ, როდესაც უნდა იყოს მინიმუმ 41% ან მეტი. მართალია, ამას ღიად არ აღიარებენ, მაგრამ ხანდახან გვესმის მათგან განცხადებები - რომ ჩვენ გვესმის საქართველოს პრობლემები და არ ვითხოვთ მათგან სანქციებთან სრულმასშტაბიან შეერთებას. მაგრამ რეალურად, მათი პოლიტიკა რომ გავითვალისწინოთ, მათი განცხადებები მოწმობს იმას, რომ ისინი საქართველოსგან სწორედ ამას ელოდებიან.

„და მეორე საკითხია უფრო აქტიური დახმარება უკრაინისთვის. არა მარტო საერთაშორისო მხარდამჭერ რეზოლუციებთან შეერთება, ლტოლვილების მიღება და მათი მოვლა, არამედ უფრო სხვა სახის დახმარების გაგზავნა და ა.შ. შესაბამისად, ეს არის, ჩემი აზრით, ამოსავალი წერტილი და მთავარი თემატური საკითხი სხვა საკითხებთან ერთად.

„რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას? ეს არის შედარებით რთული საკითხი, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მე ისეთი განცდა მაქვს ჩემი ანალიზის საფუძველზე, ცდილობს ევროკავშირთან იპოვოს კომპრომისული ფორმულა იმისა, რომ საქართველო რაღაც პარამეტრებში უფრო მეტს გააკეთებს, მაგრამ რაღაც პარამეტრებში დარჩება იგივე პოზიციებზე.

„რეალურად ევროკავშირის დამოკიდებულება ცოტა არ იყოს „დაუნდობელია" - თითქოს მას ნაკლებად აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები რა პრობლემებს შეეჯახებიან რუსეთთან სანქციების დაწესების შემდეგ.

„მე თქვენ გაგახსენებთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის სიტყვებს - რომ ჩვენ უკრაინას დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და რუსეთს სანქციები დავუწესოთ მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემებს განიცდიან ჩვენი მოქალაქეები ამ სანქციების შედეგად. საკუთარი მოქალაქეების აზრსაც კი არ ითვალისწინებენ, იმდენად დიდია გეოპოლიტიკური წონით უკრაინა და საქართველოს მოქალაქეების აზრს გაითვალისწინებენ? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის ევროპის მიდგომის გამოხატულება ამ საკითხის მიმართ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე