ელზა პაპოშვილი
(01.12.2023)

თბილისის საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ კრიზისმა ყველა რგოლი მოიცვა და უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით, უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება.

მათივე განცხადებით, მენეჯმენტი არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე და ერთი ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა პარტიის ასობით წევრს ტოვებს. 

„ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მოქმედი თავმდჯომარის პოსტიდან წასვლა. ჩვენ ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე არ ჩატარდეს თავმდჯომარის არჩევნები,“ - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ანა გოგოლაძე.   

საკრებულოს წევრების მოთხოვნას ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, მოთხოვნა არასერიოზულია. პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ახალ კონფიგურაციაზე საუბარი არასერიოზულია. 

„ეს თემა ჩემთვის ამოწურულია, გამუდმებით ახალ კონფიგურაციაზე საუბარი სრულიად არასერიოზულია მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. ვისურვებდი და ვიმედოვნებ, რომ ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.  

„კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევს სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაცმოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას,“ - ამბობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. მისი თქმით, ნაცმოძრაობა კი მიაღწევს 2024 წლის არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ისინი რაიმე შედეგს დადებენ.

„თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას და დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას. კარგი იქნება, ამ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევენ სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი იქნება მკვეთრად გაუარესებული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ყველა. ვფიქრობ იმასაც, რომ პოლიტიკურად ეს არის ბოლო  არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ,“ - განაცხადა სუბარმა.  

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი 2024 წლისთვის კიდევ უფრო  შემცირებული იქნება მიუხედავად იმისა, რა კომბინაციებიც არ უნდა გაითამაშონ და რა ფიგურებიც არ უნდა გადაადგილონ. 

„მიხელ სააკაშვილის მანიფესტი ფაქტობრივად ფუჭი გასროლა იყო. კი ბატონო, დაიმატეს პოლიტსაბჭოში 20 ახალი წევრი, რამეს ეს ნაცმოძრაობის პოლიიტკურ იმიჯს ცვლის? ან პოლიტიკურ წონაში? აბსოლუტურად არაფერს. ახლა კეზერაშვილი-მერაბიშვილი იძულებულები არიან, რომ ხაბეიშვილი რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც შეინახონ. შემდეგ კი ეცდებიან, რომ უმტკივნეულოდ გადააყენონ. რაც შეეხება თავმჯდომარის ახალ  კანდიდატურას, ალბათ ასეთ ფიგურად ნიკა გვარამიას უფრო მოიაზრებენ, რომელიც ორივე მხარისთვის წესით მისაღები უნდა იყოს. თუმცა გვარამიას დიდი ალბათობით ამ გაუგებრობაში  გარევა არ სურს.  ვინც არ უნდა მოიყვანონ ენმ-ის თავმჯდომარედ, ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების უმრავლესობის თავლში მაინც არ შეიცვლება.

„არანაირი  მნიშვნელობა არა აქვს მას სათავეში პერსონალურად ვინ ჩაუდგება. ვინც მას ჩაუდგება, ის ავტომატურად პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველაფერ იმაზე, რაც ენმ-ს პოლიტიკური არსებობის განმავობაში ჩაუდენია. ამიტომ ფიგურების ცვლას მნიშვნელობა არა აქვს. პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - ამბობს ანჯაფარიძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე