საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, ცნობილი ხდება თუ რა წერია ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტში - „რადიო თავისუფლება" აქვეყნებს დოკუმენტის შინაარსს, რომელიც ათ ქვეყანას შეეხება, მათ შორის საქართველოს. უნდა აღინიშნოს, რომ მოგვანიჭებენ თუ არა 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გამოქვეყნებულ ტექსტში არაფერია ნახსენები. ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყოს, განსაკუთრებით უნგრეთის შესაძლო ვეტოს გამო უკრაინასთან მიმართებაში.
„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დოკუმენტში, ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს, „პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ". დოკუმენტის თანახმად, „საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ". ხაზია გასმული კანონის უზენაესობზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაზე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობაზე, დეოლიგარქიზაციასა და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაზე.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ".
„საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება: მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, ქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით". ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად".
დოკუმენტში ევროპული საბჭო თბილისს მოუწოდებს, ევროკავშირის ფასეულობების მიმართ მკაფიო ერთგულება აჩვენოს, რეფორმები გააგრძელოს და ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
მათივე ცნობით, ევროპული საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საბჭოს „ძლიერი მოლოდინი გააჩნია, საქართველო არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან" და „შემზღუდველ ზომებთან," სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისობაში.
„[ევროპული საბჭო] საქართველოს მოუწოდებს, პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის," - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ვეტოს დადებით იმუქრება და უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასკვნით დოკუმენტში საუბარი მხოლოდ საქართველოზე არაა და დიდი ალბათობით უნგრეთის პოზიციამ განაპირობა ის,რომ საბოლოო პასუხი ჩვენთვისაც ცნობილი არაა.
„პრობლემა უნგრეთის ვეტოს საკითხია უკრაინასთან დაკავშირებით, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება არაა. იმედია, რომ შეთახმება შედგება, რადგან თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ სამწუხაროდ ეს საკითხი სამივე ქვეყნისთვის მოიხსნება. ამიტომ მე იმედი, მაქვს, რომ რაღაც კონსენსუსი გამოინახება და უნგრეთი საბოლოოდ დათანხმდება.
„ნეგატიური ტენდენციის შეცვლაში იგილისხმება ის, რაც 9 პუნქტში წერია, ანტიდასავლური რიტორიკა, ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის დევნა, ადამიანის უფლებები კანონის უზენაესობა, ყველა ეს პრობლემა უნდა იქნას მოგვარებული. პროცესებში ფაქტიურად არავინ არაა ჩართული, არც სამოქალაქო საზოგადიება და არავინ. ასევე მთავარია ის თუ 2024 წლის არჩევნები როგორ ჩატარდება.
„ევროკავშირში კარგად იციან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების კი არა პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურებებითაა, ბუნებრივია საჯარო მოხელეების, რომლებიც ამ რეფორმებში იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 12-დან სამი რეკომენდაცია შეასრულა, ევროკავშირს არ სურს, რომ ქართველი ხალხის გაუცხოვება მოხდეს, მით უეტეს ამ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ამიტომაც კეთდება ხალხზე აქცენტი.
„სტატუსი სავარაუდოდ მოგვეცემა, მაგრამ ახლა გარანტიებით საუბარი ძნელია",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის.
„მე არ დავყოფდი ახალ და ძველ რეკომენდაციებს, არც რაოდენობით დავითვლიდი ამ რეკომენდაციებს, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ. ეს გამოიხატა კონკრეტულ რეკომენდაციაში, შესაბამისად, ეს მიღებული რეკომენდაცია საუბრობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ ეს ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება. საქართველო თანმიმდევრულად არის ჩართული ამ პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპული ოჯახის საბოლოო წევრობამდე. რაც შეეხება ლიდერებთან კომუნიკაციას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე მე, ძალიან ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს იმისათვის, რომ ორმხრივ ფორმატებში ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. ერთი არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც დადო ეს დასკვნა, ხოლო მეორეა, როდესაც ჩვენ უკვე წევრ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან უშუალოდ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი ხმა, შესაბამისად, მასშტაბის თუ მოცულობის თუ ნებისმიერი პარამეტრით შეფასების მიუხედავად, თითოეულ ქვეყანას აქვს ერთი ხმა და ჩვენთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა მიიღოს ყველა წევრმა ქვეყანამ, შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე