თამთა ჩაჩანიძე
(01.12.2023)

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის სამხედრო ალიანსის თემა გააქტიურა - იგი მიიჩნევს, რომ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იდეა ახალი არაა და ეს დიდი ალბათობით ნატოს მსგავსი ალიანსი იქნება, რაც განსაკუთრებით დიდი შანსია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის სტატუსის მომლოდინე საქართველოსთვის.

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დრო მოვიდა თავდაცვის კავშირი შექმნან ერთიან თავდაცვით ბაზართან ერთად.

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება", - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა" მისცა.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უსაფრთხოების პარადიგმის დღევანდელ ცვლილებებს. ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ აქტუალურობას უნდა შეესაბამებოდეს.

„პირველ რიგში, ვაგრძელებდეთ უკრაინელი ერისადმი ჩვენს ურყევ სამხედრო დახმარებას. უკრაინის უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში," - განაცხადა მიშელმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, ევროპა დაარწმუნა იმის აუცილებლობაში, რომ სამხედრო ალიანსი შეიქმნას, ეს კი განსაკუთრებული შანსია, კანდიდატის სტატუსის მქონდე ქვეყნებისთვის.

„ეს დაახლოებით ნატოს მსგავსი სამხედრო ალიანსი იქნება და ისეთი, როგორიც ადრე იყო დასავლეთ ევროპის თავდაცვითი კავშირი, რომელიც ცივი ომის მერე გაუქმდა. ევროკავშირი ფაქტიურად ჩართულია უკრაინის გამო რუსეთის ჰიბრიდულ ომში, ნატო უფრო ნეიტრალურ პოზიციას იჭერს.

„ევროკავშირი უკრაინის გამო ჩართულია და ახორციელებს კოორდინაციას წევრ სახელწმიფოებთან სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და სხვა ტიპის საჭიროებების გადასროლასთან დაკავშირებით. ასევე მუშაობს ფინანსური დახმარების კუთხითაც და ფაქტიურად ამ ომში ის უფრო აქტიურადაა ჩართული, ვიდრე ნატო.

„სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება როგორ მოხდება, ეს შესაძლოა ჯერ განხილვის საგანია, თუმცა ყველაზე საინტერესოა ის თუ, ამ ალიანსში ვინ შევა. ამ იდეას ბრექსიტამდე ლობირებდა ბრიტანეთი და საფრანგეთი, ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ბრიტანეთს ყველაზე უფრო ძლიერი შეიარაღება და სამხედრო პოტენციალი აქვს. როცა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდა, ეს იდეა მიყუჩდა.

„არა მგონია ევროპის სამხედრო ალიანსში 27-ივე ქვეყანა შევიდეს, პირველ რიგში სავარაუდოდ შევლენ საფრანგეთი, პოლონეთი, რუმინეთი, გერმანია, იტალია, თუ ინგლისი თანახმა იქნება, ისიც შევა და მერე ნელ-ნელა სხვა წევრები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კითხვაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება თუ არა მაპის მსგავსი გზამკვლევი, მაისაიამ განაცხადა:

„კი, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მაპის მსგავსი გზამკვლევი იყოს, თუმცა ამ კავშირში ვერ შევალთ, სანამ სტანდარტებს არ დავაკმაყოფილებთ, ისეთს, როგორც ნატო ითხოვს.

„თუმცაღა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსად ეგრევე არ გადაკეთდება, შარლ მიშელმა თქვა, რომ ალიანსი შეიქმნას ევროკავშირის შიგნით. ევროპულ ქვეყნებში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება და ფატქიურად ჩამოყალიბებულია, ასევე შექმნილია სწრაფი რეაგირების ბრიგადა, შტაბბინა სტრასბურგში იყო. ახლა სიანტერესოა ისინი ამ იდეას რამდენად განავითარებენ და თავს გაართმევენ. ამას გარკვეული წლები დასჭირდება, თუ გაფართოებასთან ერთად სამხედრო ალიანსზეც იფიქრეს, შესაძოა 2030 წლამდე შეიქმნას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე