ნაზი ბერიძე
(01.12.2023)

„ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავე დაპირისპირების შემდეგ რაც ნიკა მელია პარტიის მიღმა აღმოჩნდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახალი ინიციატივით გამოდიან და ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა 2024 წლის არჩევნებამდე გაუქმოს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე „დროებითი მმართველი ორგანო" შეიქმნას. პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი იდეის განხორციელების შემთხვევაში პარტიის დესტაბილიზაციასა და კოლაფსს პროგნოზირებენ.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ პარტიის არსებული მენეჯმენტი, თავისუფალ აზრს ზღუდავს, მართვის ახალი მოდელი კი ამის საშუალებას და ერთობის შანსს იძლევა. პოზიციას იზიარებენ და ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა და თორნიკე ბიკაშვილი.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამ იდეას ემოციებზე გაკეთებულ განცხადებას უწოდებს, რომელიც მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს პარტიაში.

„ვფიქრობ, ამას უარყოფითი ეფექტი უფრო მეტი ექნება ვიდრე დადებითი. ამ იდეის ავტორებმა საზოგადოებას და თავად პარტიის მომხრეებსაც უნდა აუხსნან, როგორ იმართება პარტია ლიდერის გარეშე და როგორ უნდა მივიდეს ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისე რომ ლიდერი არ ეყოლება.

„ეს იმოქმედებს პარტიის ელექტორატზე. პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ პოლიტსაბჭოს გაუგებარი შეთავაზება აქვს, რადგან თუ იმას გავითვალისწინებთ, დაპირისპირების რა ხარისხია სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ის ვინც პარტიის მიღმაა და ის ვინც ამჟამინდელ მენეჯმენტს წარმოადგენს, ძალიან რთული იქნება პარტიის ეფექტური მართვა ამ ე.წ. პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი საბჭოთი. გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულდება და კიდევ ბევრი პრობლემატური საკითხი წარმოიშვება. ეს, ჩემი აზრით, რაღაც ემოციებზე წამოსროლილი იდეაა", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

თუმცა პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, ეს გეგმა პარტიის ერთიანობისთვისაა.

„ძალიან რთულია ეს მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, შეიძლება რაღაცნაირად გაერთიანებას ხელი შეუწყოს, რატა პარტიიდან მელიას გუნდის წევრები არ წავიდნენ. ვინაიდან დაპირისპირების მთავარი მიზეზია, რომ თავმჯდომარე გამოიცვალა. თავმჯდომარის გარეშე კი პარტიის მართვა შესაძლებელია, დროებითი მმართველი საბჭო იქნება და ის მართავს", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე