
Financial Times-ი აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ცოცხალი ძალის შევსება - უკრაინის არმიის გამოწვევა გაჭიანურებული ომის პირობებში“.
სტატიის ავტორი განხილავს სიტუაციას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის პრობლემებთან დაკავშირებით შეიქმნა. „ამ თვეში ოთხი გაწვეულიდან ნებაყოფლობით მხოლოდ ერთი გამოცხადდა ნებაყოფლობით“, - წერია სტატიაში.
„დღეს უკრაინის არმიის გაწვევის პუნქტებში მოხალისეთა რიგებს ვეღარ დაინახავთ. ამჟამინდელი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია 2022 წლის თებერვალ-მარტში არსებული მდგომარეობისაგან, როცა ასობით და ათასობით ახალგაზრდა ეწერებოდა მოხალისედ ჯარში სამსახურისათვის.
40 მილიონიანი უკრაინა ორი წელია ისეთ მტერს ებრძვის, რომელშიც სამჯერ მეტი მცხოვრებია. კიევის წინაშე ცოცხალი ძალის შევსების პრობლემა დგას: როგორ უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების ჯარში გაწვევა ისე, რომ სოციალური მღელვარება არ იყოს პროვოცირებული? როგორ უნდა აღდგეს ცოცხალი ძალის - სამხედრო მოსამსახურეთა - დანაკარგები, რომლებიც ფრონტზე იღუპებიან? როგორ უნდა მიაღწიოს უკრაინის ხელისუფლებამ და არმიის სარდლობამ ფრონტზე შექმნილი პრობლემის გამოსწორებას?“, -წერს ავტორი.
მისივე თქმით, უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ინტერვიუში ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტთან“ (რისთვისაც ქვეყნის მთავრობისაგან საყვედური მიიღო) განაცხადა, რომ არმიას არამარტო ტექნიკა და შეიარაღება სჭირდება, არამედ „ცოცხალი ძალის რეზერვებით უზრუნველყოფაც.
„არმიაში შერჩევითი გაწვევა 2022 წლის თებერვლიდან განუწყვეტლივ გრძელდება, თუმცა იმ მძიმე სიტუაციის კვალობაზე, რომელსაც ომის გაჭიანურება ქმნის, ჯარი ცოცხალი ძალის რადიკალურ შევსებას ითხოვს. რეალური მდგომარეობა მართლაც ძალიან რთულია. როგორც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ წასვლის აკრძალვის მიუხედავად, დოკუმენტების გაყალბებისა და ქრთამის მიცემის გზით ათეულობით ათასი უკრაინელი ახალგაზრდა უცხოეთში გაიქცა და ჯარში გაწვევას თავი აარიდა.
თუმცა, უკრაინელი და დასავლელი ექსპერტების თქმით, პრობლემა არამარტო ჯარისკაცთა რაოდენობაშია, არამედ მათი ფიზიკური მომზადების დონესა და სამხედრო უნარ-ჩვევების დაუფლებაში“, -ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



