თამთა ჩაჩანიძე
(24.11.2023)

23 ნოემბრის „ნაცმოძრაობის" შეკრებას ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, შესაბამისად მანიფესტზე მათი ხელმოწერა არაა. მანამდე ენმ-ს წევრები ამბობდენენ, რომ დოკუმენტზე ვისი ხელმოწერაც არ იქნებოდა, ისინი პარტიიდან გაირიცხებოდნენ, თუმცა მერე შეარბილეს პოზიცია და თქვეს, რომ სიტყვიერი მხარდაჭერაც საკმარისი იყო. ენმ-ს ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თუ მელიას ფრთა გარიცხეს, ამან შესაძლოა მძიმე ვითარებაში ჩააყენოს პარტია.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, როგორც ჩანს, მელიას გაგდების სცენარი ენმ-ს გარკვეული ნაწილის მხრიდან მანიფესტამდე ადრეა შექმნილი. ახლა კი მთავარია ის, სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს თუ არა, რომ გასაგდები ხალხი არ ჰყავთ.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც მანიფესტის დასკვნით ნაწილშია საუბარი, „დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად" ენმ-ს ჰყავს „სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები". მელიას გუნდს კი ზუსტად ამაზე აქვს პრეტენზია და ამბობს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა. ამასთან ეჭვობენ, რომ მანიფესტის ტექსტის ავტორი მხოლოდ მიხეილ სააკაშილი არაა და დანართი, სადაც საუბარია პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე, შესაძლოა კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა იყოს.

ჩანს, რომ მანიფესტის ტექსტის ნაწილი არ მოეწონა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ წარმომადგენელს სოფო ჯაფარიძესაც, რომელმაც შეკრებილებს 11 პუქნტიანი მანიფესტი გააცნო. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პირადად მას გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულება აქვს, თუმცა ძირითად პრინციპებს ეთანხმება.

„მე პირადად შეიძლება მქონდეს ჩემი გარკვეული განსხვავებული შეხედულება რაღაც საკითხებზე, მაგრამ მანიფესტის ძირითად პრინციპებს და სულისკვეთებას ვეთანხმები",- თქვა სოფო ჯაფარიძემ მანიფესტის წარდგენისას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ მელიას პარტიაში დარჩენა-წასვლის საკითხში ჩაერევა.

„ვინც ეს მოსაზრება წამოაყენა, რომ ხელისმოწერა და პარტიაში ყოფნა ერთმანეთთან კავშირშია, ალბათ იცოდნენ, რომ მელიას მომხრეები მანიფესტზე ხელმოწერაზე უარს იტყოდნენ. შესაძლოა ითქვას, რომ მათი გაგდების სცენარი უფრო ადრეა შექმნილი და ჩამოყალიბებული. სავარაუდოა, რომ მაგ საკითხში უნდა ჩაერიოს, რადგან გამოაცხადა, რომ არავის გაგდება არ გავიგო, ჩვენ გასაგდები ხალხი არ გვყავსო. ვნახოთ ამ ნათქვამს მერე თავად სააკაშვილი კუდს როგორ მოაბამს", - თქვა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად იწვევს ეჭვებს, რომ მანიფესტის ავტორი მხოლოდ სააკაშვილი არაა, საყვარელიძემ გვითხრა:

„როგორც წესი, ამ ტიპის დოკუმენტს ერთი კაცი არც აკეთებს-ხოლმე, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ბევრი ადამიანები უნდა იყვნენ საავტორო უფლებებით შემოსილნი. თუმცე ეს არაფერს არ ვცლის, რადგან ასეთი ფრაზა, რომ პარტიაში ყველაფერი წესრიგშია, შესაძლოა სააკაშვილსაც ჰქონოდა და იმათაც, ვისაც მელია ებრძვის. წარმოუდგენელი იქნებოდა მანიფესტში ყოფილიყო ჩაწერილი, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა და უსამართლო შედეგები იყოო.

„დიდი ხანია ველოდები და სავარაუდოა მელია ფიქრობს იმაზე, რომ პარტიიდან უნდა წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არ მიდის და უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, ფეხები უკან რჩება. ფეხების უკანდარჩენის მიზეზი ალბათ ისაა, რომ მან ნახა თუ რა ბედი ეწიათ იმ ჯგუფებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობა" მიატოვა, ანუ მიატოვა მიშა სააკაშვილი. ვერცერთმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ დადო, მელიას არ უნდა 1-2%-იანი რეიტინგის მქონე პარტიათა რიგებს შეუერთდეს და ამიტომ იცდის, რომ თუ რამე მოხდა და ხელმძღვანელობას დაუბრუნდა, დაუბრუნდება ის ხმებიც, რომლებიც ენმ-ში არის. ჩემი არზით, ამ ხმების მოლოდინი ასეთი სიჯიუტის ერთ-ერთი მიზეზია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე