თამთა ჩაჩანიძე
(23.11.2023)

ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნების მცდელობა, პრაქტიკულად, ჩავარდა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები არც ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეკრებაზე მისულან და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული ერთობის მანიფესტზე აპირებენ ხელის მოწერას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი პარტიაში სააკაშვილის გავლენებს კიდევ უფრო აკნინებს, რადგანაც, ფაქტიურად, პარტიის ნაწილმა მისი მოწოდების იგნორირება მოახდინა.

„ნაცმოძრაობის" ყოფილი თვმჯდომარის ნიკა მელიას მომხრეები აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის იდეას იზიარებენ, თუმცა დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, რადგან ეჭვობენ, რომ ამ ტექტს სხვა თანაავტორებიც ჰყავს პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის წევრების სახით.

მანიფესტის დანართში ლაპარაკი იმაზე, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭო და ყველა სხვა მმართველი რგოლი ლეგიტიმურია, ხოლო მათი კრიტიკა - მიუღებელი. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად არაფერი იცვლება და მანიფესტს პარტიის შიგნით რაიმე შემაკავშირებელი ფუნქცია არ ექნება. ნიკა მელიას ფლანგსაც დოკუმენტში ზუსტად ამ დანართზე აქვს პრენეტზია.

პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მომხრეები კი მიიჩნევენ, მანიფესტზე ფიზიკურად ხელის მოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პარტიის წევრები უერთდებოდნენ მანიფესტს და ვისაც ამაზე განსხვავებული პოზიცია აქვს, ის თავად აყენებს საკუთარ თავს პარტიის მიღმა.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ 23 ნოემბერი ამ მხრივ გადამწყვეტი დღე არ არის და როგორც ენმ-ში აცხადებენ, პოზიციის დაფიქსირება და მანიფესტთან შეერთება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელია. თუმცა არ კონკრეტდება, დროსი რა პერიოდზეა საუბარი.

რა წერია მანიფესტში

მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის მანიფესტი - „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" - ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნდა. იგი 11-პუნქტს მოიცავს და ტექსტის თანახმად, დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს.

მანიფესტში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთიანდებიან მთავარი მიზნის მისაღწევად - გაათავისუფლონ ქვეყანა საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან. ენმ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება „საქართველოსთვის გადამწყვეტ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად".

„1. „ვარდების რევოლუციის" იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას.

2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით.

3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა.

5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას - უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ.

6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის.

7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი.

8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.

9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.

10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც, იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე.

11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით",- აღნიშნულია მანიფესტში.

ამ 11 პუნქტს კი მოსდევს დანართი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარტიის ყველა მმართველობითი ორგანო სრულიად ლეგიტიმურია და რომ პარტია „იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება."

მხარეთა პოზიციები

ნიკა მელიას მხარდამჭერების უკმაყოფილებას სწორედ მანიფესტის ეს ბოლო ნაწილი იწვევს. მაგალითად, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტზე ხელმოწერა სიმბოლურია და მას რადიკალური ცვლილება არ მოაქვს, იგი არ გამორიცხავს, რომ დანართი, სადაც საუბარია პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა იყოს.

„იმის გამორიცხვა, რომ ეს მინაწერი ეკუთვნის, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული ჯგუფის ინტერესს - დავით კეზრაშვილს ვგულისხმობ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე პოლიტსაბჭო ისეთი ლეგიტიმურია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საერთოდ არ ყოფილა რელევანტური. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც საუბარია (მანიფესტზე) ხელის მოწერასა თუ არმოწერაზე, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, ეს ხელმოწერა აგვარებს თუ არა პრობლემებს. ჩემი გადმოსახედიდან, პრობლემები არ გვარდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები. (ვთქვათ) მივედით, ხელი მოვაწერეთ, დავდექით ერთად - ამ მოცემულობაში შევძლებთ ამ პოზიტიური ცვლილებების მოტანას ქვეყანაში? მე არ ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხემძღვანელი და ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე არც კი მიუწვევიათ და ღინისძიების შესახებ სწორედ სოციალური ქსელით გაიგო.

„ფეისბუქზე" დაიდო, რომ რაღაც ღიონისძიებას ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა". ალბათ ორგანიზებას უკეთებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მათთვისაა კომფორტული. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის ყოფილი მენეჯმენტისთვისაც, მთავარი არის მანიფესტის დანართი. წვრილი შრიფტით ჩაგვიწერეს, რიმ ყველაფერი კარგადაა, არაფერზე ხმა აღარ ამოიღოთ და ყველამ მუშაობა გააგრძელეთ იმ მოცემულობით, რაც გვაქვს.

„ამ მოცემულობაში წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მონაწილეობა მივიღო პოლიტსაბჭოს მუშაობაში. თუ ამის გაგრძელება იქნება პარტიიდან გარიცხვა, ხომ აღარც გამიკვირდება", -განაცხადა გიორგი კირთაძემ „ტვ პირველთან".

„მე ძალიან გამიჭირდება ამ მანიფესტს ხელი მოვაწერო", - განაცხადა ენმ-ს კიდევ ერთმა წევრმა მირდატ ქამადაძემ.

პარტიის მეორე ფლანგის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ არავის გარიცხვას არ აპირებენ, მაგრამ „ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ".

„ეს ფიზიკური ხელმოწერა აბსოლუტურად არ არის აუცილებელი. მე არ ვაპირებ, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწერო. ვუერთდები. ასე რომ, შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით". ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის" იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეების და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება თავის გზას თვითონ მონახავს", - განაცხადა ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი განაცხადა, რომ ვინც მანიფესტის მიუხედავად, პარტიასთან იგივე დაპირისპირების კამპანიას გააგრძელებს, ის „ნაციონალური მოძრაობის" გარეთ დარჩება.

„ეს მანიფესტი ძალიან კარგი და ღია პლატფორმაა იმისთვის, რომ ეს ამბიციები და გარკვეული ტიპის თუნდაც წარსულის წყენები გვერდზე გადაიდოს. პარტიის აბსოლუტურად ლეგიტიმურად არჩეული ყველა ორგანო - თავმჯდომარიდან დაწყებული, რეგიონული ორგანიზაციებით დამთავრებული, მზად არიან იმისთვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და მოვახდინოთ კონსოლიდაცია. ის, ვინც გააგრძელებს იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის თავს დატოვებს, როგორც ახლა არის, პარტიის გარეთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რას არჩევანი აქვთ მელიას და მის მომხრეებს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მანიფესტის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ ენმ-ში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, ხოლო ერთობის იდეა, დიდი ალბათობით, ჩავარდა, რადგან დღეს სააკაშვილს პარტაიაში ძველებურად გავლენები აღარ აქვს.

„მანიფესტი თავისთავად თითქოს ცუდი არაა, თუმცა შესავალში ენმ-ის მოღვაწეობა მაქსიმალურად ვარდისფერი სათვალითაა დანახული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ნაცმოძრაობაში" ფაქტიურად არაფერი შეცვლილა, ისინი ისევე აზროვენებენ და მოქმედებენ, როგორც ადრე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ - ძველი სახეებით და ძველი იდეოლოგიით.

„თუმცა, ლაპარაკი იმაზე, რომ ლეგიტიმურია თავჯდომარეც, საბჭოც და ყველაფერი, იმას ნიშნავს, რომ ეს მანიფესტი ფაქტიურად არაფერს ცვლის და არაფერს სიახლეს არ წარმოადგენს პოზიციების თვალსაზრისით. ამიტომაც არ მგონია, რომ მან პარტიის შიგნით რაიმე შემაკავშირებელი თუ შემადუღებელი ფუნქცია იქონიოს. ყველას აქვს უფლება დარჩეს, როგორც ენმ-ის დღევანდელი ლიდერები ამბობენ. ასეთ შემთხვევაში კი, ძველი გვარდია, რომელიც ხაბეიშვილამდე პარტიას ხელმძღვანელობდა, ფაქტიურად ბალასტი უნდა იყოს, ვგულისხმობ მელიას და მის გუნდს.

„მელიას მეტი გზა არ აქვს - თუ პარტიაში დარჩებიან, ან იმას უნდა შეურიგდნენ, რომ ისინი პოლიტიკური პროცესებიდან იზოლირებულები აღმოჩნდებიან და არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ, ან უნდა გამოეყონ და ბედი დამოუკიდებლად სცადონ. უფრო მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. წამოსვლას თუ კარგად შეფუთავენ, ეს მათთვის სასტარტო პირობებში კარგი იქნება. დღეს არსებული წვრილი პარტიების ფონზე, ეს ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება.

„არ ვიცი კიდევ რა შეიძლება სააკაშვილმა გააკეთოს იმის საჩვენებლად, რომ ის დისკრედიტირებულია. ორი წელია ხან ცოცხლდებოდა და ხან კვდებოდა, ხან პოლიტიკაში იყო და ხან - არა. ახლა ლაპარაკობს, რომ თავად დააორგანიზებს ყველაფერს და ამავე დროს, როგორც ჩანს, სერიოზულ საკადრო საკითხებში არავინ არაფერს ეკითხება. მეტი დისკრედიტირება პოლიტიკოსისთვის რა შეიძლება იყოს, არ მესმის?! როცა ამას ადამიანი ვერ ხვდება, არ ვიცი...

„ოცნებას" სააკაშვილი იქ სჭირდება სადააცაა და თუ დასჭირდა, მაშინ სხვაგვარად იქნება გამოყენებული „ოცნებისა" და არა ენმ-ის მიერ. ასეთი ხალხი „ნაცმოძრაობაშიცაა" და მის ამომრჩეველშიც - ვისაც ასეთი სააკაშვილი მოსწონს. ეს, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე ჩავარდა თუ არა პარტიაში ერთობის იდეა, ძაბირაძემ გვითხრა, რომ დიდი ალბათობით ჩავარდა.

„დიდი ალბათობით კი. თუ მელია და მისი გუნდი დამოუკიდებელ არსებობას ვერ გარისკავს, ე.ი. მიდიან იმაზე, რომ პროცესებისგან იზოლირებულები იქნებიან. ახლა თავად უნდა გადაწყვიტონ", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ მელიას ფლანგმა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე საბოლოოდ უარი თქვა, ეს სააკაშვილის ავტორიტეტზე არ იმოქმედებს.

„მანიფესტის მიზანი ერთიენობისკენ და არჩევნებში ბრძოლისკენ მოწოდებაა, გარდა ამისა, მოსახლეობისთვის გარკვეული პროგრამების შეთავაზება. სამწუხაროა, რომ მელიას გუნდის წევრებმა მანიფესტზე ხელისმოწერისგან თავს იკავებენ. მესამე პრეზიდენტის მოწოდება იყო ერთობისკენ და თუ ახლა ხელისმოწერაზე უარი თქვეს, არაა გამორიცხული, რომ მანიფესტი ღიად დარჩეს და თუ გადაიფიქრებენ, მოაწერენ.

„მანიფესტის მიზანია, რომ ენმ-ში ერთობა შენარჩუნდეს. თუ მელიას ფლანგმა საბოლოოდ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს სააკაშვილის ავტორიტეტზე არ იმოქმედებს, რადგან, თუ გაყოფაზეა საუბარი, გვახსოვს, რომ 2017 წელს „ნაცმოძრაობას" „ევროპული საქართველო" გამოეყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ენმ ახალი ძალებით შეივსო და საკაშვილმა და პარტიამ რეიტინგი შეინარჩუნა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე