თამთა ჩაჩანიძე
(22.11.2023)

ენმ-ს დიდ შეკრებამდე საათებით ადრე საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა შინაარსის მანიფესტსზე ეპატიჟება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს, რომელბამც ხელი უნდა მოაწერონ. როგორც მანამდე ცნობილი გახდა, „ნაცმოძრაობა" 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ პარტიაში შექმნილი ვითარების გამო არ ეზეიმებათ. ხელისუფლება კი საერთოდაც ამას თავხედობაში უთვლის.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ოფიციალურად გაირიცხება. ჯერჯერობით ნიკა მელიას და მისი ფლანგის პოზიცია უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება თავად მანიფესტის ტექსტის შინაარსს, რომლის დეტალები, ამ დრომდე არავის გაუხმაურებია. ხოლო თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა შეკრებისას დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მაშინ მანიფესტი პარტიის გამყოფი აღმოჩნდება.

პოლიტიკური შეფასებები დიდი შეკრების წინ

სააკაშვილმა შკრების წინ ვრცელი ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იხსენებს თუ საიდან გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის" იდეა, წერს, რომ ერთ დროს სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ძალები გაერტიანდნენ, როგორც უკრაინაში ისე საქართველოში. წერს, რომ „გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ძალები მთლიანად გაერთიანდა და „ვარდების რევოლუციაც" ამის შედეგი იყო".

„ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას. ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია - ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე - ოლიგარქია. ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება. საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაცმოძრაობის" წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნა.

ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში" ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.

„უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის" დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში" ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ - ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი," - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების" თავჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობის" მხრიდან „ვარდების რევოლუციის" იუბილეს აღნიშვნა „არის თავხედობა და მეტი არაფერი".

„ვარდების რევოლუციამ" ქვეყანას მოუტანა შემდეგი - ეს იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანის წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის" შედეგებს. ასეთ დროს „ნაცმოძრაობის" მხრიდან „ვარდების რევოლუციის" იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი.

„როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე ვერავითარი მანიფესტი ვერ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაცმოძრაობის" შიგნით. ორი კომიკური ფიგურა - აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია ყოველდღიურად საზოგადოებას უზიარებენ წყენას ერთმანეთის მიმართ და ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაციონალურ მოძრაობას", საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის" მობრუნება არის შეუძლებელი, დაღმა ჩადის მისი რეიტინგი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.

გაყოფა თუ გაერთიანება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიის მომავალზე საუბრისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია მანიფესტის შინაარსი. მისი თქმით, თუ მელიამ ხელი არ მოაწერა, ენმ ორად გაიყოფა, თუმცა თუ მისთვის მისაღები აღმოჩნდა, მაშინ როგორც პოლიტიკოსი განულდება.

„მანიფესტოს ტექსტი საჯარო სივრცეში არავის უნახავს. ენმ-ს საათი საერთოდ გათიშულია, არაფერი იძებნება, არც მათ „ფეისბუქ" გვერდზე დევს რამე, თუ რა შინაარსის და პათოსის იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე „ნაცმოძრაობის" სახით.

„საქმე უფრო ენმ-ს მმართველობის სტილშია, ეს არანაირად არ ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიული ქვეყნების პარტიების მართვის სტილისთვისაა დამახასიათებელი. წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თუნდაც ერთ დროს პარტიის დამფიძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა ასე ვოლუნტარულად ბრძანა, რომ პარტიის პოლისტსაბჭოს თავზე ვიღებო. ასევე მანიფესტი მოახვია თავზე, როდესაც პარტიას თავისი პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე ჰყავს, მათ კი არქიფო სეთურის არ იყოს, მორჩილად დაუკრეს თავი, ეს მანიფესტი მიიღეს და მასზე ხელისმოწერას აპირებენ. ამის მერე, „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია კი განაცხადოს პრეტენზია იმაზე, რომ ის დემოკრატიული პარტიაა და დემოკრატიული წესებით იმართება?

„მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული პარტიის ყველა ატრიბუტები აქვს, ეს გაერთიანება არატრადიციული პოლიტიკური პარტიაა. ეს სექტისმაგვარი გაერთიანებაა, რომელსაც ერთი ბელადი ჰყავს და მას ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილება. ამის მერე კი ჩემთვის პირადად საინტერესო არაა მოაწერს თუ არა მანიფეტს მელია ხელს, ან ზოგადად ვინ მოაწერს.

„თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, მაშინ მანიფესტი პარტიის გამყოფი იქნება. მელიას ფრთას პარტიის დატოვება მოუწევს. თუ მაინც მოაწერეს ხელი, მაშინ მელია ისედაც დიდი არაფერი რეიტინგი ჰქინდა და როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი განულდება. მაშინ გამოდის, რომ მთელი ეს მისი ხმაური და აჟიოტაჟი, რაც ენმ-ში არაფორმალური მმართველობის მიმართ იყო, სიყალბე ყოფილა.

„გასაგებია, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ხაბეიშვილი არსად არც წავლენ და არც ეს კავშირები გაწყდება, რათ მათ შორის არსებობს და თუ მელიამ ეს გზა აირჩია, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება, ამით ის საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკოსს დაიმარხავს და წამოსვლის შემთხვევაში კი მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავად ტექსტის შინაარსი, და არაა გამორიცხული, რომ ის მელიასთვის მისაღები აღმოჩნდეს.

„აზრები თავად პარტიაშიც გაყოფილია, ნაწილი მოითხოვს, რომ მელია პარტიაში არ იყოს, ნაწილის პოზიცია ამის საწინააღმდეგოა, თავად სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. დიდი მნიშვვნელობა აქვს იმას მანიფესტის ტექსტი რა შინაარსისაა, შესაძლოა მელიასთვის მისაღები იყოს და ხელი მოაწეროს, თუმცა ვნახოთ ყველაფერს შეკრებისას გავიგებთ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე