
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებასთან „ტარანზე" მიდის და უკვე არა ზოგადად „ქართულ ოცნებას" უტევს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რისგანაც მანამდე მეტ-ნაკლებად თავს იკავებდა. მეტიც, გავლენიან ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან" საუბრისას, უტევს ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, უწოდებს რა მას ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" პრეზიდენტის პოზიციას ემოციურობის ფონზე გაკეთებულ განცხადებად აფასებს და ფიქრობს, რომ მის განცხადებაში საკომენტარო არაფერია.
„საერთოდ კომენტარის კეთება უმადური საქმეა. ადამიანი დგას და რაღაც მოსაზრებებს გამოთქვამს, და სხვისი საკომენტარო ალბათ ნაკლებად არის მისი მოსაზრებები. ანალოგიურად პრეზიდენტის ეს ინტერვიუც მეეჭვება კომენტარებისთვის იყოს მაინცდამაინც განკუთვნილი, მით უმეტეს, რომ არის პრობლემები თავად პრეზიდენტის საქმიანობაში. ადამიანს იმპიჩმენტის საკითხი ედგა, ამ ფონზე ბუნებრივია, მისი მოქმედებები მეტ-ნაკლებად ემოციური იქნება, პოლიტიკაში ემოციები კი ცუდი მრჩეველია.
„მაგალითად, ზურაბიშვილი ამბობს, ორი თუ სამი წლის წინ მქონდა ივანიშვილთან შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მონოლოგივით საუბარი გამოგვივიდა, რადან მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდაო, და პასუხი არ ვიციო. ამ მხრივ არის საინტერესო, რომ თან ამბობს ქალბატონი პრეზიდენტი, რომ ივანიშვილს მიაჩნია, მე უნდა მმართოსო, ამიტომ თვლის, რომ ივანიშვილს უნდოდა მისი იმპიჩმენტი პირადად. ამავე დროს ამბობს, რომ ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია ჩვენი მოძრაობა ევროპისკენ, რადგან რუსეთი არის მისთვის უძლიერესი ქვეყანა, რომელიც არ დამარცხდება. ამ დროს ივანიშვილს დაქვემდებარებულ როგორც თვითონ ამბობს, მის განკარგულებაში მყოფ პერსონას, ზურაბიშვილს, დასავლეთზე საუბრის დროს არ ეკამათება. აქედან გამომდინარე წინააღმდეგოობრივია თვითონ ზურაბიშვილი. ამიტომ ვთქვი, რომ ემოციები ცუდი მრჩეველები არიან-მეთქი.
„ბრალდება საკმაოდ ხმაურიანია, ეს არ არის რიგითი ჭორიკნული ბრალდება, რომ საქართველოს ყველაზე გავლენიანი პირისთვის ევროპაზე ორიენტაცია წამყვანი არ არის, და ის არ ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ამ ორიენტაციას. ამ დროს თვითონ ზურაბიშვილთან ლაპარაკის დროს, ზურაბიშვილთან, რომელიც თავს დავალებულად თვლის, იქ ივანიშვილი არ შეკამათებია ევროპული ორიენტაციის საკითხში - რატომ არ შეეკამათა?" - განაცხადა „რეზონანსთან"რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „სალომე ზურაბიშვილის ნარატივში" სრულიად ადეკვატურ გზავნილებს ხედავს და ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
„ნებისმიერი განმარტება, რომელიც აქვს ოლიგარქობას, რა თქმა უნდა ესადაგება ივანიშვილს. არავისთვის, მე მგონი, საიდუმლო არ არის, რომ დღეს ხელისუფლებას და ქვეყანას მართავს ივანიშვილი. რეალურად მართავს, ყოველდღიურ თემებში შეიძლება არ ერევა, მაგრამ მისი სიტყვა არის გადამწყვეტი ნებისმიერი მაღალჩინოსნისთვის პრემიერიდან დაწყებული დამლაგლებლამდე დამთავრებული, ვინც სახელმწიფო სტრუქტურაში საქმიანობს. ხვალ რომ უკმაყოფილო აღმოჩნდეს ივანიშვილი, დავუშვათ, პრემიერის საქმიანობით, მას გადააყენებს თავად და არა პარლამენტი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



