თამთა ჩაჩანიძე
(17.11.2023)

უკრაინაში, დონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტებთან ბრძოლას ორი ქართველი შეეწირა, რუსულ საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვნენ სხვა ქართველი მებრძოლებიც, დაჭრილთა რაოდენობა ამ დროისთის 11-მდე გაიზარდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადასტურებს როგორც „ქართული ლეგიონი", ისე რუსული მხარე. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები აცხადებენ, ინტენსიური შეტევების გამო, ბრძილის ველიდან დაღუპული სამხედროების გამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

საარტილერიო დაბომბვის დროს გარდაცვლილები - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი „ქართულ ლეგიონში" ირიცხებოდნენ და გამოცდილი ბერძოლები იყვნენ. აფხაზეთიდან დევნილი 45 წლის სერჟანტი რამაზ ფეტელავა უკრაინაში რუსულ აგრესიას რვა თვეა ებრძოდა, იგი მონაწილეობდა 2008 წლის ომშიც. 24 წლის ბექა ლომაშვილს რაც შეეხება, იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, შემდეგ სამხედრო საქმე უცხოურ ლეგიონში გააგრძელა.

„ჩემი „ფეტო" დაიღუპა მტრის სანგარში, მტრის პირისპირ დაიღუპა. ისე როგორც მას ეკადრებოდა, ნამდვილ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც 19 წელი ყველგან ერთგულად ემსახურა მის სამშობლოს, სადაც კი მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა და ბოლოს უკრაინაში აღესრულა, მის დაუძინებელ მტერთან ბრძოლაში ერთიანი საქართველოსთვის...

„მის გვერდით დაიღუპა ბექა ლომაშვილი, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი, საუკეთესო ვაჟკაცი, მცოდნე, ერთგული ქვეყნისა და თანამებრძოლების... ბექაც ჩვენი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა, შემდეგ კი საფრანგეთში უცხოურ ლეგიონში და ომის დაწყების დღესვე მიატოვა ლეგიონი, ჩავიდა უკრაინაში, სადაც პასუხს ითხოვდა, მანამ სანამ მისი საყვარელი სერჟანტის გვერდით არ აღესრულა... და წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები. „ფეტოს" გრძელი წვერი მკერდზე მიჰყინვია. მგონი, თვალები ღია აქვს და ისევ შეტევას უყურებს და ჩვენ ბიჭებს ეძებს. ბექას კი ღიმილი სახეზე შეჰყინვია, ის ღიმილი, როცა გადავეხვიე და ვუთხარი, - აბა შენ იცი, ბიძია მეთქი და ბოდიში თქო... - გამიღიმა და ხდებაო, მითხრა. წავიდა. წავიდა და დაეცა ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში უკრაინის მიწაზე, 24 წლის, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი... მე კიდევ ისევ მელოდება მეთორმეტე სანგარი, სადაც უკვე თქვენც წევხართ ...ქართული ლეგიონი ...", - წერს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია, რომელიუც ასევე უკრაინაში იბრძვის.

ცნობილია, რომ დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობას ჰოსპიტალში გადიან, რამდენიმე მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეიბა სტაბილურია.

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" ლიდერი მამუკა მამულაშვილი.

„ამ ბიჭების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს დღეს ევროპული სახე აქვს. სამწუხაროდ ორი დაიღუპა, დაჭრილები მოემატნენ - 11 ადამიანია დაჭრილი ამ წუთებში. საკმაოდ მძიმე და რთული ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან არის შეიარაღების დეფიციტი. სამხედრო კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დაჭრილები სტაბილურად არიან, სოცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. საკმაოდ მძიმედ არიან დაჭრილები, მათ შორის ჯგუფის მეთაურიცაა. საკმაოდ რთული ვითარება იყო საერთოდ ამ შეტევის განხორციელებისას", - ამბობს მამულაშვილი „ტვ პირველთან".

ინფორმაცია ქართველების დაღუპვისა და დაჭრის თაობაზე ქართულმა ლეგიონმა 16 ნოემბერს გაავრცელა.

„დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

დიდება გმირებს!" - წერია ლეგიონის ფეიქსბუქ განცხადებაში.

რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი" წერს, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სამხედრო მოსამსახურეების ინფორმაციით", 15 ნოემბერს ბრძოლისას რამაზ ფეთელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ, „კიდევ ცხრამ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. „რიას" ინფორმაციით დაჭრილთაგან ორია მძიმე მდგომარეობაში". რუსული მედია სხვა კონკრეტულ დეტალებზე არ წერს.

ქართველები უკრაინაში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2022 წლის 24 თებერვლიდან იბრძვიან, ოკუპანტებთან ბრძოლას 56 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე