თამთა ჩაჩანიძე
(16.11.2023)

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ აცხადებს, რომ ოფიციალური ერევანი ინარჩუნებს პოზიციას, უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს ბაქოსთან. ამას ფაშინიანი ჯერ კიდევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, მთიანი ყარაბაღის დაკავების დღიდან ამბობდა, თუმცა გარკვეული საკითხების გამო, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება დღემდე იწელება.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ძირითადი გადაუჭრელი საკითხი ზანგეზურის დერეფანს ეხება და შესაძლოა მხარეები ახლოს არიან პრობლემის გადაჭრასთან.

აქვე, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი მომხრეა, რომ შეთანხმების შუამავალი თბილისი იყოს, ეს ინიციატივა 8 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას გააჟღერა, ეს წინადადება კი იმ დროისთვის სომხეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერევანი ცდილობს შეთახმება საერთაშორისო დონეზე შედგეს, მაგალითად ბრიუსელში.

ექსპერტების თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, ეს რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანთან მშვიდობის დასამყარებლად მზად არის.

„სომხეთი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სამშვიდობო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს მხარეებს შორის უნდობლობა. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ხელშეკრულების ტექსტში არსებული შეუსაბამობების დაძლევისა და ხელმოწერის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების შექმნის მექანიზმის მნიშვნელობას.

ფაშინიანი ირწმუნება, რომ მისი მთავრობა და პირადად ის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის დიპლომატიური მუშაობის გააქტიურებას გეგმავენ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრობლემა ზანგეზურის კორიდორი და ის ეკონომიკური ბლოკადაა, რომელიც სომხეთს აქვს აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი ზანგეზურის დერეფანია - აზერბაიჯანს აქვს სურვილი, რომ თურქეთთან პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდეს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და თურქეთს შორის მცირე 20 კმ-იანი საერთო საზღვარი აქვს. აზერბაიჯანის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კი თურქეთს არ ესაზღრება. საუბარია იმაზე, რომ ზანგეზურის ტერიტორია სომხეთის იქნება, თუმცა, აზერბაიჯანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საავტომობილო და მომავალში სარკინიგზო კავშირი დაამყაროს თურქეთთან.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სომხეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნაა, ერევანი დღეს ორმაგ ბლოკადაშია აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან, ამიტომაც უნდა განიბლოკოს, აღდგეს სატრანსპორტო კავშირები მათ შორის საავტომობილო და სარკინიგზო. სარკონიგზოს ვგულისხმობ თურქეთსა და სომხეთს შორის გიუმრი-ყარსის რკინიგზას. ასევე პირდაპირი სარკინიგზო კავშირი იქნას დამყარებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

„კარგი იქნება ამ ხელშეკრულების მერე გაცხადდეს, რომ საქართველოს,აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები დამყარდეს. თუ ბაქომ ერევანს ბლოკადა მოუხსნა, მერე უკვე სომხეთი საქართველოზე იმდენად დამოკიდებული აღარ იქნება, ის დღეს საკუთარი საგარეო სავაჭრო ოპერაციების 70%-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს.შესაძლოა ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს. სომხეთს საქართველოს ნავსადგურების გამოყენება კვლავ დასჭირდება, მაგრამ ტვირთების გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანზე იქნება ორიენტირებული.

„კარგი ისაა, რომ სამ ქვეყანას შემდგომში ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება შეეძლება, ამით სახელმწიფოებს გააძლიერებენ და რეგიონში რუსეთის გავლენას შეამცირებენ. სამივე ქვეყანა უნდა იყოს ჩართული იმაში, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლი გაიზარდოს, ერთის მხრივ ჩინეთის „ერთი სარტყელი-ერთი გზის", მეორეს მხრივ კი ევროკავშირის ინიციატივაა ძველი აბრეშუმის გზის იდეა აქვთ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მხარეები ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ.

„არ ვიცი ეს ხელშეკრულება თბილისში რამდენად გაფორმდება, ბაქოს სურვილის მიუხედავად ამაში ცოტა ეჭვი მეპარება, რადგან, სომხეთს ამ შეთანხმების გაფორმება უფრო საერთაშორისო დონეზე, ვაშინტონის, ევროკავშირის, ან მოსკოვის ჩართულობით სურს. საქართველოს სურვილი აქვს, რომ მედიატორი ყოფილიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, არა მგონია ეს შეთანხმება აქ შედგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ხელშეკრულების შუამავლობა ბრიუსელმა ითავოს. როგორც ვიცი, მხარეებმა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებითაც თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, ფაქტობრივად მთიანი ყარაბაღის ამბები მოგვარებულია, ალბათ ამ შეთახმების პოზიციების შეჯერება დეკემბერში იქნება.

„ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით კონფლიქტი ფაქტიურად გაიყინა და საუბარია იმაზე, რომ სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, ეს ღია დისკუსიის საკითხი იქნება. სამშვიდობო ხელშეკრულებას უახლოეს თვეებში ველოდები, შესაძლოა მომავალი წლის იანვარში შედგეს.

„ხელშეკრულება თუ შედგა, ეს დადებითად იმოქმედებს, როგორც რეგიონზე ისე საქართველოზე. ეს იქნება რეგიონში მშვიდობის დამყარების საწყისი და მთავარი მომენტი. დარჩება ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტი. გაიზრდება კავკასიის რეგიონის გეოეკონომიკური მნიშვნელობა და დასავლეთიდან მეტი დაინტერესება იქნება, ამ კუთხით მათი საყრდენი რეგიონში კი ჩვენ ვართ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე