ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსური კრიზისი თანდათან მწვავდება - რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებას დაფინანსებას მკვეთრად უმცირებს, მოსკოვმა ასევე უარი თქვა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, წელს აფხაზებისთვის ზამთარი უფრო მკაცრი და ცივი იქნება, რაც მოსახლეობაში არსებულ უკმაყოფილებას უფრო გაზრდის.
როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რუსეთს, დასავლეთის სანქციების ფონზე, ფინანსური კრიზისი აქვს, თუმცა არც ისეთი, რომ დე ფაქტო აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუზღუდოს. მისი თქმით, ამით მოსკოვი „მოგუდვის პოლიტიკას" ატარებს, რათა აფხაზი მოსახლეობა წინააღმდეგ აღარ წავიდეს სტრატეგიული ობიეტების რუსეთისთვის გადაცემაზე.
ფინანსური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში
აფხაზ მოსახლეობაში პროტესტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო მიმდებარე მიწები რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. ამან კი აფხაზებში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონპროექტი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" დაპირისპირების მორიგი თემა გახდა. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში შეტანილ პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოება. აფხაზები შიშობენ, რომ „ანტისახალხო კანონის" მიღება, დააკანონებს მიწის ყიდვა-გაყიდვას, რაც თავის მხრივ სათავეს დაუდებს აფხაზეთში უცხოელების ჩასახლებისა და აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ეტაპს.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ხელისუფლება მორიგ სტრატეგიულ ობიექტს ასხვისებს. საუბარია ენგურის ვარდნილჰეს 2-ის იჯარით გადაცემაზე, ის წლებია აღარ ფუნქციონირებს.
მიმდინარე წლის ივლისში კი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა" 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი.
როგორც „ეხო კავკაზა" წერს, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებას ამცირებს.ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებისთვის 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.
„რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის" გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტ" ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე" მიიღეს, ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი აცხადებს, რომ რუსეთი უფასო ელექტროენერგიას ვეღარ მიაწვდის აფხაზეთს.
"2016 წლიდან ყოველწლიურად იძულებული ვართ, დეფიციტის დასაფარად რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება უზრუნველვყოთ. 2020 წლიდან 2023 წლის პირველ კვარტლამდე უკვე განხორციელდა 6 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების ელექტროენერგიის მოწოდება. ეს იყო სოციალური მხარდაჭერა და აფხაზეთს მასში ფული არ გადაუხდია.
„2023 წლის განვლილი პერიოდის მოხმარება 200 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებია 2022 წლის იმავე პერიოდზე. მოხმარების ასეთი შემცირება, თავისთავად, არაა ცუდი შედეგი, თუმცა, ჩვენი მოლოდინისგან მაინც შორსაა მონაცემი. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ჩვენ ისევ შევეჯახეთ ელექტროენერგიის დეფიციტს, რაც 900 მილიონი რუბლი ეკვივალნტის იქნება. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მოწოდება კომერციულ საფუძველზე დაიწყო.
"ინტერ რაოსთან" კონტრაქტის ფარგლებში შესყიდულია 135 მილიონი რუბლის ღირებულების 30 მილიონი კვტ.სთ. ასევე შედგენილია 200 მილიონი რუბლის ღირებულების კონტრაქტიც 50 მილიონი კვტ.სთ-ს შესყიდვაზე [მოწოდების საბოლოო ღირებულება დადგინდება "ინტერ რაოსა" და "ჩერნომონერგოს" შორის დადებული აქტების შედეგად]. ენერგოდეფიციტის საკითხი დეკემბერში კიდევ გადასაჭრელია და გადაწყვეტილებები მოგვიანებით იქნება მიღებული",- განაცხადა ოზგანმა.
რუსეთის „მოგუდვის პოლიტიკა" ოკუპრებულ აფხაზეთში
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთი ხელოვნურად ამწვავებს აფხაზეთში, რათა მოსახლეობა მის გეგმებს დათანხმდეს სტრატეგიული ობიექტების გადაცემის თვალსაზრისით.
„რუსეთს აშკარად ფინანსურად უჭირს, მაგრამ არა იმდენად, რომ აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება შეემცირებინა. აშკარად ჩანს, რომ ეს მოგუდვის პოლიტიაა. აფხაზეთში ცოტაა მოსახლეობა, ტერიტორია პატარაა და მოსკოვს არ გაუჭირდებოდა ისე, რომ ამ ტერიტორიისთვის დაფინანსება შეემცირებინა.
„ჩემი აზრით და აფხაზებიც ასე ფიქრობენ, რომ რუსეთის მიზანია, მოგუდვის პოლიტიკით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აიძულოს, რომ დათმობებზე წამოიყვანოს, როგორიცაა ბიჭვინთის ტყე-პარკის დათმობა რუსეთისთვის, ასევე აპარტამენტების მშენებლობის დაწყება, რისი მეშვეობითაც 130 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეს მიეცემა საშუალება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლდეს. უამრავი ასეთი ტიპის საკითხებზეა პრობლემები.
„რუსეთი ამ ფორმით ცდილობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთზე იმოქმედოს, თორემ რეალურად მათი სამყოფი ფული არ გაუჭირდებოდა, რომ დაფინანსება შეემცირებინა. როგორც წესი, ამ დროს ენგურჰესზე წყლის რაოდენობა მცირდება და დიდი კრიზისი იქნება აფხაზეთში, როგორც თვითონ ამბობენ, მათ სულ ცოტა 100 მილიონი რუბლი სჭირდებათ, რათა რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უზრუნველჰყონ.
„რუსეთი კი უარს ამბობს, რომ ელექტროენერგია წინასწარ მოაწოდოს, მოითხოვს, რომ ფული დახარჯვითანავე გადაუხადონ, ეს აფხაზეთში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. როგორც წესი, აფხაზებისთვის ყოველი ზამთარი მათთვის ძალიან მძიმეა, წლევანდელი ზამთარი კიდევ უფრო მძიმე იქნება. თუ ადრე დღეში ელექტროენერგია 70%-ით მიეწოდებოდათ და 30%-ით გათიშული ჰქონდათ, ახლა შესაძლოა 50/50-ზე იყოს და უფრო ნაკლებიც კი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა რა აქვს, გარდა იმისა, რომ სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზე დათანხმდეს, ზაქარეიშვილმა გვითხრა:
„ბევრი ალტერნატივა არ აქვს - მაინინგი (კრიპტოვალუტის მოპოვების გზა) ელექტროენერგიის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, იქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ამას ამუშავებენ და ამიტომ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ადგილობრივი ჩინოვნიკები ამ ბიზნეს თავად აწარმოებენ, ან ხელს უწყობენ. ნულზეა დასული პატრიოტიზმი და ცდილობენ, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია წაართვან და ამ გზით ფული გააკეთონ.
„ეს სერიოზული გამოწვევაა, ეს არ უშველის, მაგრამ თუ შეწყვეტენ, ელექტროენერგიის ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. მეორე მიზეზი ისაა, რომ ელექტროენერგიის საფასური უნდა ამოიღონ, მოსახლეობა ფულს არ იხდის, 30%-მდე თუ ხდება დახარჯული ელექტროენერგიის საფაურის გადახდა, ეს პროცენტები ძირითადად გალის რაიონზე მოდის, ელექტროენერგიის საფასურს ქართველები აკურატულად იხდიან.
„მესამე, საჭიროა ელექტროგადამცემების რემონტი განახორციელონ, ენერგია ფაქტიურად გზაში იკარგება, საბჭოთა კავშირის დროინდელი ინფრასტრუქურა აქვთ, რომელიც ამორიტიზებულია. ეს ყველაფერი 40%-მდე მაინც დაუმატებს არსებულ ელექტროენერგიას მოსახლეობას, რაც მათ აკდელბათ.
„უკვე ორი წელია ელექტროგადამცემი გამოვიდა წყობიდან და ყოველგვარი ტენდერების გარეშე, ყველაზე ძვირადღირებული მომსახურეობა და მავთულები იყიდეს. ე.წ. პარლამენტში სკანდალი იყო, გამოაშკარადვა ხალხი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ისჯებიან, ვინც ამ კორუფციის სქემით საკმაოდ დიდი ფული ჩაიჯიბა. ყველა დათვლებით, ნახევარზე ნაკლები უნდა დამჯდარიყო ის რემონტი, რაც დაჯდა. ეს აღვირახსნილ კორუფციაზე პირდაპირ მეტყველებს.
„ამის გამოაშკარავების მიუხედავად, ე.წ. ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ ჰქონია, შესაბამისად, ისინი მზად არიან მომავალშიც შეუწყონ ხელი კორუფციის განვითარებას, ეს ყველაფერი ერთად ჯამდება და ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის 40%-იც არ მიეწოდება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამბობს, რომ გარდა ელექტროენერგიის დეფიციტისა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას სხვა პრობლემებიც აქვთ.
„ძალიან სიძვირეა, პროდუქტები ძირითადად რუსეთიდან შედის, ასევე საწვავი ძალიან ძვირია, ბენზინგასამართი სადგურები ცოტაა და ბიზნესი მონოპოლიურია, არჩევანი მწირია, ამიტომაც საწვავიც ძალიან ძვირდება. აქვთ გადაადგილების შეზღუდვა, რუსეთი ხშირად კეტავს საზღვარს. აფხაზები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი გადმოდიან ხოლმე, მაგრამ რუსეთში დადასვლა-დადმოსვლა უფრო ურთულდებათ.
„რაკი რუსეთს აფხაზეთი „აღიარებული" ჰყავს, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფო", მასთან ვაჭრობა მიდის, როგორც უცხო სახელმწიფოსთან. ეს კიდევ დამატებით მოგუდვის პოლიტიკაა, რომ აფხაზეთი აიძულოს დააჯეროს, რომ სჯობს გავხდეთ რუსეთის რეგიონი, როგორც ჩაჩნეთი და სხვებია და ამით პროდუქტები შედარებით იაფი იქნება.
„ეკონომიკური საკითხები ნებისმიერ სხვა საკითხებს, პოლიტიკურ, სამართლებრივ საკითხებს წონის, მით უმეტეს ზამთარში. ზაფხულში, როცა ტურიზმი ვითარდება, კიდევ ამოისუნთქებენ ხოლმე, პატარა სასტუმროები აქვთ, ბინებს აქირავებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც სანქციების მერე რუსეთიდან ბევრი ტურისტი შემოდის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე