რიგ საკითხებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებია მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება. რაც უფრო თამამად იდგმება გაფართოებისკენ ნაბიჯები, მით უფრო აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურა ახალ რეალობაში და როგორ გააღრმავებს მხარდაჭერას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე საწყის ეტაპებს გადიან, მათ შორის საქართველო.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროკავშირი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუმცა, პოლიტიკური დიპლომატიური მექანიზმების ვრცელი ჩამონათვალით უსაფრთხოების თვალსაზრისით ეხმარება როგორც თავის წევრ, ასევე ასპირანტ ქვეყნებს.
მათივე შეფასებით, ევროკავშირს რაც უფრო დავუახლოვდებით, ეს დახმარება და მხარდაჭერა მით უფრო გაიზრდება. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად კი, ევროკავშირის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ასახელებენ, რომელიც ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.
ისინი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულების აღსრულების პროცესს აკვირდებიან.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დათქმებშიც ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა მითითებული ერთ-ერთ პუნქტად.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს განვითარებაში წლებია ეხმარება და ეს უფრო გაძლიერდება, როცა გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წევრი ქვეყანა არ ვართ და მხოლოდ კანდიდატის სტატუსის ძიებაში ვართ, ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი იყო არაღიარების პოლიტიკის კუთხით და ერთ-ერთი მიზეზი თუ ჩვენი დიპლომატია არაღიარების პოლიტიკასთან რატომაც იყო წარმატებული, ეს სწორედ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა პარტნიორების დახმარების შედეგი იყო.
„მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა რუსეთიდან ზეწოლას განიცდის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ, სწორედ ევროკავშირია ის გაერთიანება, რომელიც მხარს წლების განმავლობაში გვიჭერს.
„ევროკავშირი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ცდილობს დაეხმაროს, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას და საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე არის დახმარებითი პროგრამა, რომელიც ძალოვან და სხვა სტრუქტურებს განვითარებაში ეხმარება.
„ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არაა, რომ ქვეყანას პირდაპირ ამ სფეროში დაეხმაროს, ძირითადად პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებზეა ორიენტირებული. ევროკავშირს რაც უფრო დავუახლოვდებით, ეს დახმარება მით უფრო გაიზრდება",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს წლებია გვერდში უდგას, თუმცა, რაც უფრო დავუახლოვდებით გაერთიანებას, მით უფრო გაძლიერდება მისი მხარდაჭრა უსაფრთხოებისა თუ სხვა საკითხებში.
„ევროკავშირი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პოლიტიკურ-დიპლომატიური მექანიზმების ვრცელი ჩამონათვალით ეხმარება, როგორც თავის წევრ, ასევე ასპირანტ ქვეყნებს. თითქმის ყველა ევროკავშირის წევრი ქყეყანა, ამავდროულად ნატოს წევრები არიან და მათ ეს თავდაცვის ქოლგა აქვთ.
„რაც შეეხება ბორელის თუ სხვა ბრიუსელელი ჩინოსნების დაპირებას, კარგია, მაგრამ დაპირებიდან საქმის განხორციელებამდე ვრცელი ნაბიჯები არ უნდა იყოს და ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველო დაცული იყოს.
„კარგია, რომ 2008 წლის აგვისტოს მერე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთანაა. ცუდია, რომ მათ დღემდე არ აქვთ საშუალება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და დისტანციურად ადევნებენ თვალყურს. თუმცაღა, ამას ეფექტი მაინც აქვს, რომ ესკალაცია არ მოხდეს, თუნდაც მცირე საბაბის გამო.
„მუშაობს სატელეფონო ცხელი ხაზიც და ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ჩვენს თანამოქალაქეებს უკანონოდ იტაცებენ, რამდენიმე საათში თუ დღეში, მათი გათავისუფლება ხდება, თუმცა, ჩვენი თანამემამულეები სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში დღემდე არიან, მათ გათავისუფლებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა თავისი მცირე პოლიტიკურ-დიპლომატიური რესურსებით, ევროკავშირი გიგანტური ორგანიზაციაა და მეტი რესურსები აქვთ კრემლთან დასალაპარაკებლად და ამა თუ იმ მოთხოვნის წინ წასაწევად.
„ევროკავშირი ახალი ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ-პოლიტიკური პაკეტების შემოღებაში კრეატიულია ხოლმე, დაველოდოთ რა იქნება, ალბათ ეს პროცესი უფრო ფორსირებულად წარიმართება, როცა დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად მოგვანიჭებენ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ვროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს საქართველოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს თუ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორია ევროკავშირის გრძელვადიანი ხედვა რეგიონის მოწყვლად ქვეყნებთან მიმართებაში და ამ ხედვაზე რა ფაქტორები მოახდენს ზეგავლენას. მან კი ვრცლად უპასუხა თუ რა გეგმები აქვე ევროკავშირს.
„ომი ცვლილებების ძლიერი კატალიზატორია; ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში გამონაკლისი არ არის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის მხარდაჭერა უპრეცედენტო მასშტაბით, მძიმე შეიარაღების მიწოდების ჩათვლით. ეს გადაწყვეტილებები რევოლუციურია.
„ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მაგალითად, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. არალეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია საქართველოს თავდაცვის ძალებმა უკვე აპრილში მიიღო და მას შემდეგ მიწოდებას ვაგრძელებთ. ეს აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადასარჩენად. ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის ამ დრომდე 62 მილიონი ევროა გამოყოფილი.
„ისევე, როგორც დღეს ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენ საქართველოს გვერდითაც ვიდექით და ვიდგებით, და მხარს დავუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის დროს აღინიშნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების 15 წლისთავი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ხანგრძლივი მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერის საქმეში.
„თუმცა ვიცი, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ევროკავშირმა უნდა შეძლოს სწრაფად მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ნეგატიური მოვლენები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს რეგიონში და ორივე მიმართულებით მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი გამოყოს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება და დააჩქარებს საგარეო პოლიტიკაში ჩვენს უფრო თანმიმდევრულ და სანდო აქტორად გარდაქმნას.
„ევროკავშირის გაფართოების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) პოლიტიკა უნდა გაუმკლავდეს გამოწვევას - თუ როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურობას, სახელმწიფოებს შორის დიდი განსხვავებების ფონზე. წინსვლის ერთ-ერთი შესაძლო გზაა მრავალმხრივი განზომილების, მათ შორის არასამთავრობოს, შენარჩუნება და გაძლიერება, ამასთან ორმხრივი ჩართულობის უფრო მეტად მორგებით. თვით პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობა და ჩართულობა მთავარი ფაქტორი იქნება.
„საბოლოო მიზანი უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობაა - არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს მიღმაც - რაც ამ სივრცეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან დაიცავს მომდევნო წლებში",- განაცხადა ბორელმა საქართველოში ვიზიტისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე