ნაზი ბერიძე
(15.11.2023)

მოსკოვი ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებთან მომხდარი ინციდენტების გამომწვევ მიზეზებზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისროს და ეგრედ წოდებული საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყოს.

რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის დისკურსიების ფარგლებში ოფიციალურ თბილისთან მუშაობის გაძლიერების ინიციატივით გამოდის და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის მიზნით მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რათა სასაზღვრო ზონაში გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული: რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკურსიების თანათავმჯდომარეებთან ისაუბრა.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინცინდენტის ფონზე ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აირიდონ ახალი გამწვავებები საქართველო-„სამხრეთ ოსეთის" სასაზღვრო ზონაში.

„ადგილზე" უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ერთი მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის და მეორე, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით" ,- ნათქვამია განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებაში გინტურის მკვლელობა საქართველოს ბრალდება, რადგან მან თითქოს ვერ გააკონტროლა საზღვრები.

„ეს პრაქტიკულად გაღმა შეედავეს ვარიანტია. რაც რუსეთმა გაბედა ამ განცხადებაში. რუსეთი ქართულ მხარეს აბრალებს გინტურის მკვლელობას, რომ ქართველებმა ვერ გაამყარეს კარგად საზღვრები. ასე შეიძლება ითარგმნოს რუსული განცხადება

„გაამყარეთ თქვენი საზღვრები, ნუღარ გადმოვლენ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მოვკლათ, ანუ ქართულ მხარეს ჰკიდებს პასუხისმგებლობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს. წესით, უნდა თქვას, რომ არავითარი საზღვრები არ არსებობს. საზღვარი არის კავკასიონის ქედზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარი და თუ მართლა გინდა საზღვრების დადგენა, დავსხდეთ რუსეთმა და საქართველომ და დავადგინოთ საქართველო- რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რომელიც არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთისგანაც აღიარებული. ამის შემდეგ ყველაფერი იქნება წესრიგში. ამას ვერ უბედავს საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსეთს და რუსეთი თავხედურად ახსენებს საქართველოს, რომ საზღვარი გადის სადღაც მანდ, გორსა და ცხინვალს შორის და ა.შ.

„უნდა ითქვას რომ არავითარი საზღვარი მანდ არ გადის. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთს კიდევ ჰყოფნის თავხედობა აქეთ გადმოგვაბრალოს ეს ყველაფერი",-განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" რუსეთის ფედერაციის განცხადების განწყობილებაში მოლაპარაკების დაწყების სურვილს კითხულობს.

„რუსეთს უნდა საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მოლაპარაკების დაწყება, ამ განცხადებაში სწორედ ეს იგულისხმება. რომ ჩაეკითხო, შეიძლება თქვას, მაგას კი არ ვგულისხმობ არამედ ვგულისხმობდი, რომ საქართველომ უნდა გაამკაცროს საპოლიციო ძალებით საზღვრის კონტროლი, იქ არავინ არ უნდა გამოატარონ, მაგრამ, სინამდვილეში პირველ პუნქტს გულისხმობენ" - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე