„დიდი ალბათობაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დახმარების გზები კონგრესის გვერდის ავლით გამოძებნოს“
თამთა ჩაჩანიძე
(15.11.2023)

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება, თუმცა, დასავლეთიდან კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ საკმაოდ პესიმისტური განცხადებები კეთდება. თეთრი სახლის შეფასებით, აშშ-ს შესაძლებლობები ყოველკვირეულად მცირდება, რაც გავლენას ახდენს ვაშინგტონის უნარზე, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც სჭირდება. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ კვლავ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინის დახმარებაზე საუბარი არაა.

აღსანიშნავია, რომ სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, რომელთა უმეტესობა კიევის დახმარების წინააღმდეგია. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რაც უფრო ახლოვდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები, მით მეტად ძნელდება უკრაინისადმი დახმარების გაწევა. მათი თქმით, შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევის დახმარების ალტერნატიული გზები გამოძებნოს კონგრესის გვერდის ავლით, რადგან, ცალსახაა, რომ დასავლეთი რუსეთის დაწინაურებას არ დაუშვებს.

აშშ-ს გარდა დახმარების პრობლემა წარმოიშვა ევროკავშირის რიგი ქვეყნებიდანაც, ამ თემაზე გაერთიანების თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგიც იმყოფებოდა, მან ცალსახად განაცხადა, რომ კიევის მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია, რადგან დასავლეთი „ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს".

საფრთხეებზე და დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ძალიან ინტენსიური თავდასხმებია, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს და ამიტომ ცდილობს, ამ დროისთვის ბრძოლის ველზე თუნდაც რაიმე შედეგი აჩვენოს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ „ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება" და 2024 წელი გადამწყვეტი იქნება. ამბობს, რომ კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს.მისი მტკიცებით, ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას უკრაინასთან და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, მაგრამ, ინტენსიური საომარი მოქმედებების გარეშე.

აშშ-ს პოზიცია

ამ მხრივ პესიმისტურია აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის ბოლო გადაწყვეტილებაც, ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა - მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის", თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას კვლავ არ ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შესთავაზა, 336 ხმით 95 წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 209 „დემოკრატმა" კონგრესმენმა მისცა, წინააღმდეგი კი 93 „რესპუბლიკელი" და ორი „დემოკრატი" კანონმდებელი წავიდა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

კანონპროექტი სენატმა 18 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს და მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება.ამჟამად აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება.

კონგრესში უკრაინისთვის ახალი ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება", - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე სალივანმა განმარტა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, რათა უზრუნველყოს ამ ინიციატივის მხარდაჭერა.

რას ფიქრობენ დასავლეთის სხვა ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე

14 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაიმართა, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, შეხვედრას ნატოს გენმდივანი იენს სტოლტემბერგიც დაესწრო. მან კომენტარიც გააკეთა - თქვა, რომ „უკრაინას ნატო-სა და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა". როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, „კიევმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ევროპაში, ამიტომ უკრაინის სათანადო მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეასრულებს გეგმას უკრაინისთვის მომავალი წლის მარტამდე 1 მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„სწორი კითხვა იქნებოდა, იყო თუ არა ეს 1 მილიონი ოდესმე რეალური მიზანი? იყო განცხადებები, ამბობდნენ, რომ ფრთხილად იყავით, ერთი მილიონი მარტივად ჩანს და ფულიც არის, მაგრამ წარმოებაც უნდა იყოს. ეს გაფრთხილება, სამწუხაროდ, დადასტურდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მილიონი ჭურვის მიწოდება ვერ მოხდება", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

პისტორიუსის კომენტარი პირველი საჯარო აღიარებაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისგან, რომ უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებული გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა, დიპლომატები და ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში პირადად გამოხატავდნენ სკეპტიციზმს აღნიშნულ მიზანთან დაკავშირებით.

თუმცაღა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და გერმანულმა კონცერნმა „რეინმეტალმა" „ლეოპარდ 1" ტანკების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს „ლეოპარდ 1"ა5 ტიპის 25 მთავარი საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანის და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას. კონცერნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწოდება 2024 წელს უნდა განხორციელდეს.

„გერმანიის მიერ დაფინანსებული და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთა ასევე მოიცავს ტრენინგს, ლოჯისტიკას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას და სხვა დამხმარე მომსახურებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კონცერნში აცხადებენ, რომ ამჟამად ქარხნებში „ლეოპარდ 1" სისტემების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს და ტანკებს გამოსაყენებლად ამზადებენ.

„2023 წლის ბოლოს - 2024 წლის დასაწყისში, უკრაინა ასევე მიიღებს Caracal-ის 5 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას. გარდა ამისა, ნიდერლანდების და დანიის მთავრობების სახელით, მომავალ წელს ჯგუფი უკრაინას „ლეოპარდ 2ა4"-ის 14 ტანკს მიაწვდის", - აღნიშნულია მწარმოებლის განცხადებაში.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდიან, ამავდროულად აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას "ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს" სთავაზობს. განაცხადების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორები "სრულიად სცემენ პატივს" სლოვაკეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას.

"თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეაჩერებს თუ არა აშშ უკრაინის დახმარებას

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ალტერნატიული გზა გამოძებნოს უკრაინის დახარებისთვის და მარტო არ მიატოვებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მართლაც უცნაურია, ეს რესპუბლიკური პარტიის პოზიციიდან გამომდინარეა, წარმომადგენელთა პალატაში ისინი უმრავლესობას ფლობენ. მათი პოზიციები სენატშიც საკმაოდ ძლიერია. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ „ლენდ-ლიზის" პროგრამა კონგრესის გვერდით ავლით და ცალკე დაფინანსების კუთხით იყოს.

„ლენდ-ლიზი" სახელმწიფო ბიუჯეტში არ აისახება და მას ცალკე მიმართიულება აქვს. თუმცაღა, ყველა ვარიანტში სახელწიფო ბიუჯეტის საერთაშორისო დახმარების კონტექსტში უკრაინის დახმარება რომ არაა ნახსენები, ეს კარგი ფაქტი არაა. გარდა ფინანსურისა, ესაა პოლიტიკური მომენტი. ისრაელის დახმარება ისედაც ხდება 2011 წელს მიღებული სპეციალური დოკუმენტის მიხედვით, სადაც ამერიკის სახელწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი დოლარი გამოეყოფა.

„აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია იწყება და დემოკრატებსაც არ უნდათ, რომ რესპუბლიკელებმა ეს თემა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, რაც მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. რესპუბლიკელებს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვთ, ტრამპი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ანტიუკრაინულ ტელეწამყვანს ტაკერ კარლსონს განიხილავს და მათი ტანდემი საკმაოდ შეუვალი იქნება, ტრამპის დაბრუნებას კი არ გამორიცხავენ. დემოკრატებს ჯერ ვერ გადაუწყვიტავთ ბაიდენი მეორე ვადაზე წავა თუ სხვა კანდიდატი ეყოლებათ.

„ძნელი სათქმელია კონგრესის ზედა პალატა რას იზამს, შესაძლოა ეს ვერსია დატოვოს. თუ ბაიდენმა ამას ვეტო დაადო, შესაძლოა მერე აშშ-ის სახელწმიფო ბიუჯეტი ჩავარდეს და ეს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, ასეთ სერიოზულ ნაბიჯზე არა მგონია ბაიდენი წავიდეს, თან წინასააეჩევნო კამპანიიის პირობებში შიდა პრობლემები უფრო მწვავედ გამოჩნდება.

„უკვე ჩნდება იმის დიდი ალბათბა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დახმარების ისეთი გზები გამოძებნოს, რომელიც კონგრესის გვერდის ავლით იქნება, რადგან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ანტიუკრაინული სენტიმენტებით გამოირჩევა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე წერს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძეც.

„დღეს ევროპის უსაფრთხოება დგას ბალტიურ, პოლონურ, რუმინულ და უკრაინულ ღერძებზე. თუკი დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოს ეჭვი ეჭვი ეპარება რუსეთის დამარცხების შესაძლებლობასა და რაობაზე, ამ ქვეყნებმა კარგად იციან, რომ რუსეთის გადასახედიდან უკრაინა ახლა ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება და თუკი რუსეთმა დაიჯერა, რომ მან ნატოს უზარმაზარი დახმარებისდა მიუხედავად მაინც დაამარცხა უკრაინა, ის აუცილებლად გაბედავს და წაიწევს წინ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთ პრობლემურ მხარეებზეც შეიძლება იყოს საუბარი, როგორიც სუვალკის დერეფანია. ამიტომაა ფუნდამენტური იმაზე ხაზგასმა, რომ რუსეთი უეჭველად და სამაგალითოდ უნდა დამარცხდეს. სხვა შემთხვევაში ომები დაბრუნდება დღის წესრიგში",- წერს კობერიძე „ფეისბუზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე