თამთა ჩაჩანიძე
(14.11.2023)

ამიერიდან „ოცნება" სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენიებს და არა პრეზიდენტად. მმართველ პარტიაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებზე, რომელიც პრეზიდენტის სახელით აკეთებს, საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან „ბოდიშების მოხდა უწევთ". მაგალითად მოჰყავთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებული ზურაბიშვილის განცხადება, რომლის გამო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრისას განმარტების გაკეთება მოუწია. სამშაბათს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, შესაძლოა „ოცნების" განაცხადი ემოციურია, თუმცა ზურაბიშვილი კონსტიტუციით პრეზიდენტია და ვადის გასვლამდე ურთიერთობა მოუწევთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი პრეცენდენტი, როცა მმართველ პოლიტიკურ პარტიას გამოეცხადებინოს, რომ მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს პრეზიდენტად აღარ სცნობს, არ ახსენდება არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების ისტორიაში.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ისე, რომ „ქართულ ოცნებას" მის მიერ მხარდაჭერილ ორივე პრეზიდენტთან - გიორგი მარგველაშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან პრობლემა შეექმნა, ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ მიზეზი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების „მთელი წყებაა". პირველ რიგში კი ის, რომ ღირებულებითი თანხვედრა არ მოხდა, რადგან ორივე კანდიდატის არჩევისას „ქართულ ოცნებას" დასავლეთში ჰქონდა იმიჯი, რომ „თითქოსდა რუსული პროექტი იყო", ამიტომაც პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თუნდაც ასეთი „გამოხატულად პროდასავლური ფიგურების პრეზიდენტად ნომინაციით, რაღაცნაირად ეს ეჭვები გაექარვებინა".

სკანდალის ქრონოლოგია

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს მოიხსენიებენ „სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა".

„სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა. ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებითა თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს.სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

„რომ არა ჩვენი ეს გადაწყვეტილება - იმპიჩმენტის საკითხი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ დარღვევის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა, რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვისაუბრო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში, როდესაც ასე უხერხულ საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხალხს და ხელისუფლებას", - აღნიშნა მდინარაძემ.

საქმე ეხება ფრანგული მედიისათვის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ერთ ნაწილს. ჟურნალისტის კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? - არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ ამ განცხადების გამო, ორშაბათს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა და განაცხადა და პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება არ ასახავს საქართველოს მთავრობის პოზიციას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა 14 ნოემბერს ასევე შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. ადმინისტრაციის ცნობით, „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები".

„კატა-თაგვობანა" პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ემოციების გავლენით მიიღო. მისივე თქმით, მსგავსი პრეცენდეტი არ ახსენდება არცერთი ქვეყნის ისტორიაში, რომ მმართველი პარტიას გადაეწყვიტა, რომ თავისივე მხარდაჭერილი პრეზიდენტისთვის მხოლოდ სახელით და გვარით მოემართა.

„საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი არ მახსენდება და ვერც სხვა ქვეყნების ისტორიიდან ვიგონებ მსგავს მოვლენას. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში" იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პრეზიდენტთან რაიმე სახის კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და ისინი ამან აიძულა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ.

„მე მაინც მგონია, რომ შესაძლოა ეს ემოციური განცხადებაცაა, რადგან ინსტიტუციურად სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით ფორმალურად პრეზიდენტია და ასე თუ ისე, „ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ პარტიას, მასთან ურთიერთობა მოუწევს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში. თუ სალომე ზურაბიშვილი ვადაზე ადრე არ გადადგა და პოლიტიკაში არ ჩაება (მისი ბოლო განცხადებები ასეთ ეჭვს სტოვებს), საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რაც დრო დარჩა, ამ დროის განმავლობაში კატა-თაგვბანას თანაში იქნება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ოცნებას" შეექმნა პრობლემები მის მიერ შერჩეული და მხარდაჭერილი ორივე პრეზიდენტთან, როგორც გიორგი მარგველაშვილთან, ისე სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობაში, ანჯაფარიზემ გვითხრა, რომ ამის ბევრი მიზეზია.

„მემგონი აქ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მთელი წყებაა. მარგველაშვილის არჩევა ივანიშვილის პიროვნული გადაწყვეტილება იყო, მან ასეთი არჩევანი გააკეთა და ალბათ გვახსოვს მისი ცნიბილი გამონათქვამი - მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება იგივე ჩემთვის ნდობის გამოცხადებააო. შესაბამისად, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მაშინ „ქართულ ოცნებას" დასავლეთში ჰქონდა იმიჯი, რომ თითქოსდა რუსული პროექტი იყო. ამიტომაც პარტიის ხელმძღვანელობამ და მისმა მაშინდელმა თავმჯდომარემ ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ თუნდაც ასეთი გამოხატულად პროდასავლური ფიგურების პრეზიდენტად ნომინაციით, რაღაცნაირად ეს ეჭვები გაექარვებინათ.

„მეორე მიზეზი შესაძლოა პიროვნული სიმპატია ყოფილიყო. როცა 2013 წლის სექტემბერში, ბიძინა ივანიშვილთან ექსპერტების შეხვედრებს ვესწრებოდი, მაშინაც დაისვა ეს საკითხი და ჩვენ გვთხოვეს, თუ რა აზრის ვიყავით მარგველაშვილის კანდიდატურაზე. მე ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან თავი შევიკავე, რადგან ჩემი მოსაზრება უარყოფითი იყო და არ მინდოდა ამით საერთო განწყობა გამეფუჭებინა. რეალურად მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი - მარგველაშვილს ღრმა ღირებულებითი და მსოფლმხედველური კონფლიქტი „ქართული ოცნების" დანარჩენ შემადგენლობასთან თანდათანობით გამოვლინდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ დაიმალებოდა და ბოლოს და ბოლოს ურთიერთობებმა ის სახე მიიღო, რაც ჩვენ ვიხილეთ მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. ისინი ფაქტიურად ერთმანეთის ოპონენტები გახდნენ.

„ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე სიტუაცია განმეორდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ის ახსნა-განმარტება, რომ ზურაბიშვილი ემიგრანტების წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და ა.შ., ჩემთვის პირადად მაინცდამაინც დამაჯერებელი არაა. ამ გადაწყვეტილებაშიც, როგორც ჩანს, რაღაც კონიუქტურული მოსაზრებები იყო ჩადებული.

„მათ შორის ღირებულებითი კონფლიქტი წარმოიშვა. ჩვენს საზოგადიებაში ულტრალიბელარული ღირებულების მატარებელი ადამიანებიც არიან და არიან ულტრაკონსერვატორებიც. მათ ღირებულებათა დაახლოება ვერანაირად ვერ მოხდება.

„ასეთი შეფასება („ოცნებისგან) ცოტა არ იყოს გადაჭარბებული მგონია, რადგან ამას ევროპა ხედავს და არ მგონია ეს დადებითად იქნეს აღქმული. ჯერ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებული არ იყო, რომ ევროკომისარი ბორელი ჩამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ეს არ მოგვწონსო. მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს კარგად არ იყოს აღქმული, მაგრამ შესაძლოა „ოცნებას" ასეც აქვს გათვლილი. ამას დრო გვაჩვენებს - ევროპაში რა რეაქციები ქნება. მაგრამ შეიძლება არანაირი რეაქციაც არ ჰქონდეთ, რადგან მათ დღეს იმდენი თავის ტკივილი აქვთ, რომ ასეთი წვრილმანი საკითხებისთვის არ სცალიათ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე