მმართველი პარტია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა დასკვნამ ოპოზიციას პროტესტის საყრდენი თემა გამოაცალა და რევოლუციური სცენარი ჩაუგდო. მანამდე, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. ამასთან კავშირი კი ოპოზიციამ უარყო.
ცოტა ხნით ადრე უმრავლესობამ დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით აქციებზე კარვის გაშლა და სცენის დადგმა იკრძალება. ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები არა უსაფრთხოების, არამედ პროტესტის გაუქმების მიზნით მიიღეს, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. კანდიდატის სტატუსზე დადებითი დასკვნის შემდეგ კი „ოცნებამ" განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევა საჩქარო არაა.
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ევროკომისიის დადებითმა დასკვნამ ოპოზიციას ფაქტობრივად ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა, რომ „საქართველოში გადატრიალება მომხდარიყო".
„ოპოზიციას ფაქტობრივად ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა, რომ საქართველოში გადატრიალება მომხდარიყო. მკითხველი დამეთანხმება, რომ გარე ძალები მოქმედებდნენ, თორემ ჭიჭიკო ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და თუ გნებავთ ის უბადრუკი პრეზიდენტი რისი გადამტრიალებლები და გამკეთებლები არიან?
„ახლა 5%-იან ბარიერზე ტალღის აგორება ვერ მოხდება, როცა საქართველოში 5%-საც ვერ იღებ, მაშინ პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი უნდა დაანებო, ყანები დაუმუშავებელია და ხელში თოხი უნდა დაიჭირონ და თუ მუშაობა და ქვეყნის აშენება უნდათ, მოსავალი მოიწიონ, თვითიონაც კარგად იქნებიან და ხალხიც. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა როგორ შეიძლება თქვას, რომ ბარიერი დასწიეთო?! ამას ერთადერთი მიზნის გამო მოითხოვენ, რომ რამენაირად პარლამენტში მოხვდნენ და ვითომცდა კოალიციური მთავრობა შექმნან, რომლის საშინელი წინააღმდეგი ვარ, მე რომ მკითხოს კაცმა.
„ოპოზიცია რომ წინა არჩევნებზე კოალიციურ მთავრობას ითხოვდა, დღეს რომ ეს კოალიციური მთავრობა იყოს, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა - საქართველო ახლა ომში იქნებოდა ჩაბმული, ჩვენგან არაფერი არ იქნებოდა დარჩენილი. უკრაინაში რა მდგომარეობაა და აქ რა იქნებოდა... ღაზის სექტორი. ვნახეთ კოალიციურმა მთავრობამ ისრაელს რა მოუტანა. მას მრავალწლიანი დემოკრატია აქვს, ჩვენთან რაღაც 30 წლიანია და აქედან ბოლო ათი წელია, თორემ დანარჩენი სულ ომებში გვაქვს გატარებული, ამიტომ ვინც კოალიციურ მთავრობას ითხოვს, ის საქართველოს მტერია", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას პროტესტის თემები ექნება, თუმცა თავად არ აქვს საპროტესტო ტალღის აგორების უნარი.
„მე მგონი ოპოზიციას პროტეტსის თემა არ გამოეცალა. მელას რაც ესისმრებოდა ის ელანდებოდაო, „ქართულ ოცნებას" ეს მოსდის, რადგან ევროკავშირიდან იმდენი პირობები წამოვა, რომ ოპოზიციას თემები ექნება - რატომ არ ასრულებს და როგორ ასრულებს „ოცნება" 9 პირობას, რაც ევროკომისიამ შემოგვთავაზა. ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციას თემები შემოაკლდება, უბრალოდ მათ არ შესწევს უნარი საზოგადოება დაარწმუნონ თუ რატომ უნდა შეიცვალოს „ოცნება" და მათ ხმა რატომ უნდა მისცენ. ეს მმართველმა პარტიამ კარგად იცის და ამიტომ იგონებს აბსურდს რევოლუციის სახით. სად აქვს ამ ოპოზიციას რევოლუციის შნო?! სასაცილოა, მაგრამ ეტყობა მათ ამომრჩეველზე მუშაობს და ცდილობენ, რომ ომის, რევოლუციის, ქაოსის და არეულობების ილუზია შექმნან და თვითონ არაფერი არ აკეთონ.
„სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, ეკონომიკაზე არც „ოცნება" და არც ოპოზიცია არ ლაპარაკობს და ასე მხიარულად არიან მოწყობილები. რევოლუციის სქემები არ არსებობს, მაგრამ „ოცნებას" აქეთკენ უნდა ყურადღების გადატანა, იმ თემებისგან, რასაც ევროკავშირი გვიყენებს, ეს შესაძლოა ოპოზიციამ გამოიყენოს და „ოცნებას" ამის ეშინია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება საარჩევნო ბარიერის საკითხი, ოპოზიციის პროტესტის თემა გახდეს, კონფლიქტოლოგმა გვითხრა:
„არა მგონია, ენმ კი ლაპარაკობს, რომ ამის მოხრეები არიან, მაგრამ სინამდვილეში არც მათ აწყობ. უნდათ, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციური პარტია შევიდეს. ახლა ენმ-საც ხალხის გამოყვანა არ შეუძლია, მაგრამ თუ ბარიერის საკითხში ისინიც არ ჩაერთვებიან, მით უმეტეს ვერავითარი პროტესტი ვერ იქნება. 5%-ის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, მათი აქტივისტების ნახევარიც კი არ გამოვა.
„ოცნება" 5%-ზე თამამად მიდის, ის ბარიერის დაწევას არც აპირებდა, არაერთხელ მითქვამს, რომ „ოცნებას" პარლამენტში ბევრი პარტია არ სჭირდება და ლოგიკურად ამას არ დაუშვებს, არ გააკეთებს და მის გარეშე ეს არ მოხდება. ენმ ლაპარაკობს, მაგრამ შესაძლოა გულში უხაროდეს, რომ ბარიერი არ დაიწევს. ახლა „ნაცმოძრაობის" გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გამსხვილება სჭირდებათ, რომ 4-5 ცენტრი მაინც შექმნან, რომელთაც ბარიერის გადალახვა შეეძლებათ. გულახდილად რომ გითხრათ, 5%-ის წინააღმდეგი არც მე ვარ, რადგან ამან პარტიების გამსხვილებას ხელი უნდა შეუწყოს, როდემდე შეიძლება ეს ანარქია იყოს, რომ ვისაც როგორ უნდა, ისეთ პარტიას ქმნიდეს?!" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე