თამთა ჩაჩანიძე
(13.11.2023)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინელ კოლეგაზე გაკეთებული განცხადება „ოცნების" მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კი ჩინეთის ელჩთან შეხედრისას განმარტების გაკეთებაც კი მოუწია. იგი შემაშფოთებელს უწოდებს სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებულ კომენტარს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია პეკინთან იურთიერთობას არ დაძაბავს, რადგან, მისი თქმით, ეს გზავნილი, „ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ".

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილის გამო საქართველოს ხელისუფლება პეკინთან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა ეს თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთიბას არ გააფუჭებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს განცხადება მით უფრო უხერხულია, როცა ამის პარალელურად აშშ-ს და ჩინეთს სამხედრო კავშირის აღდგენა სურს.

13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა კმაყოფილებით აღნიშნეს. ასევე, ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას".

შეხვედრაზე პრემიერმა, ამავდროულად, შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში გააკეთა და მას „კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა.

„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი.

„პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ზურაბიშვილის ნათქვამი ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთიბებს არ გააფუჭებს.

„ფაქტია, რომ ალბათ ეს ახსნასაც არ ითხოვს და ყველასთვის ცხადია - ზურაბიშვილმა პუტინი რომ გაწირა, ეგ არაფერი, მაგრამ არა მარტო ჩინეთი გაწირა, გაწირა საქართველოც და ჩინური ხაზი გაურთულა. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი ვერ ხვდება, რომ ჩინეთთან საქართველოს დაახლოვების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ქვეყანამ დახმარება გაუწიოს საქრთველოს რუსეთთან ურთიერთიბის ისე დარეგულირებაში, როგორც საქართველოს სჭირდება ტერიტორიების აღდგენის კუთხით. პრეზიდენტი ამას თუ ვერ ხვდება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამით პრეზიდენტმა ფაქტიურად იმის აფიშირება მოახდინა, რომ ის იმპიჩმენტის ღირსი მართლაც იყო.

„დღის წესრიგში დგას, რომ ახალ მსოფლიოში ზე სახელმწიფოების კავშირი როგორი ფორმის ურთიერთიობით უნდა გაგრძელდეს. ერთ-ერთი მოდელი ისაა, რომ ზე სახელმწიფოებმა ერთმანეთს არ ავნონ. კისინჯერი ყოველთვის ამ მოდელის მომხრე იყო და თუ ეს პარადიგმა შემოვა, რომ ამ სახელწიუფოებს ერთმანეთში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ და მათ დაპირისპირებას მსოფლიო არ შეეწიროს, ალბათ ეს ნაბიჯი პროგრესული იქნება.

„არა მგონია, რომ ზურაბიშვილის ნათქვამმა თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობა გააფუჭოს, სწორედ იმიტომ, რომ ამ ნათქვამის ავტორის მიმართ დამოკიდებულება საქართველომ უკვე გამოხატა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან"

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს. ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების თემატიკასთან ერთად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტის სრულიად ამაზრზენ და ყველა ჩარჩოდან გამოსულ განცხადებაზე განმარტების გაკეთებას.

„ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვას პუტინისა და სი ძინპინის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ, ჩვენთან საზღვარგარეთიდან მიჩენილმა ამ „დიპლომატმა" დადებითი პასუხი გასცა. მან ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელიც ჩვენი, და არა მისი სამშობლოს სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელსაც სან-ფრანცისკოში 15 ნოემბერს ჩვენი მეორე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პრეზიდენტი ხვდება, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში სი ძინპინთან შეხვედრაზე ჩვენი მესამე სტრატეგიული პარტნიორის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ჩადიან.

„ჩინეთის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებას გაგებით მოეკიდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და იმპიჩმენტ-დაპროცედურებული უცხო ქვეყნის „გავლენის აგენტი" პრეზიდენტის სახით. ჩინეთის ელჩმა ნაწილობრივ სირცხვილის გრძნობა აგვარიდა ამ უპრეცედენტო „უხერხულობის" გამო, თუმცა ინტუიცია გვკარნახობს, რომ ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს," - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფეისბუქში.

„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა", - ამის შესახებ გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა პასუხად კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე