
სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი, თუ ფრაზა ჩინეთის პრეზიდენტის მისამართით, ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს, იმედი გვაქვს, ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმარათულებით აღებულ ურთიერთობას, რომელიც ჩინეთთან ყალიბდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, იცით, რომ წელს პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის ვიზიტის დროს შედგა შეთანხმება, სადაც ორი ქვეყანა გახდა სტრატეგიული პარტნიორი სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში უაღრესად იზრდება და ვითარდება ვაჭრობა ქვეყნებს შორის, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები. ასევე გვაქვს გარკვეული პროექტები განათლების კუთხითაც, სოფლის მეურნეობის კუთხით და სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენი ორი ქვეყნის ხელმძღვანელების და ზოგადად, ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყნებს შორის მდგრადად განვითარდეს ურთიერთობები, ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, ამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ეს განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი.
თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპრალემტნო რესპუბლიკა, შესაბამისად საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე, ასევე ხალხის გადაწყვეტილებით ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად მისი ეს გამონათქვამი, თუ ფრაზა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და არ აქვს ამ კუთხით არანაირი მნიშვნელობა. სხვა ფორმალური კუთხით ბუნებრივია, ეს არის მიუღებელი და ეს არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვეთავს საქართველოს მთავრობას და შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამიტომ, ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს ქალბატონი პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ და არადიპლომატიური განცხადებები, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაც, რომელიც საკონსტიტუციოს სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომ ამ კუთხით, ბუნებრივია არ გვიკვირს მისი ქმედებები, თუმცა მისი ეს ფორმალური განცხადება, ვერანაირი პოლიტიკური, თუ სხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ეს ვერ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. იმედი გვაქვს, რომ ეს პირდაპირ ვიტყვი, უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორი მიმარათულებით, სწორი გეზით აღებულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის ყალიბდება“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



