ნაზი ბერიძე
(13.11.2023)

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, პოლიტიკურ დისკურსში მთავარი თემა საარჩევნო ბარიერი ხდება, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ბევრი პარტია, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს ან ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ცხადია, ამის გამო „ოცნება" მტკიცედ ეწინააღმდეგება ბარიერის დაწევას, რაც ოპოზიციის შეიძლება ითქვას რომ შეჯერებული მოთხოვნაა.

თუმცა არის ფაქტორები, რომელმაც შეიძლება „ოცნებასაც" უბიძგოს ბარიერის დაწევისკენ - ერთი, ეს მისი მოკავშირე „ხალხის ძალაა", რომლის პარლამენტში გაყვანა მმართველი ძალის სტრატეგიული ამოცანაა, მეორე კი ის სიტუაციაა, როცა „ოცნება" დაინახავს, რომ მანდატების უმრავლესობას ვერ იღებს - ასეთ შემთხვევაში ბარიერის შეიძლება დაწიოს, რათა პარლამენტში პარტიების რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდოს, რაც მას მოლაპარაკებებში მანევრირების საშუალებას მისცემს.

„ვვარაუდობ, რომ ბარიერის დაწევა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი რეიტინგი ექნება „ხალხის ძალას", - განაცხადა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების შემთხვევაში, მას 2024 წელს „ერთი-ორი პარტია გადალახავს" და მათ შორის ასახელებს გახარიას პარტიას და „ლელოს". ამასთან, მიაჩნია, რომ „ოცნება" ბარიერს იმ ვითარებაში დასწევს, თუ დაინახავს, რომ ვერ ახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას და 76 მანდატის მოპოვებას.

„დიდი ალბათობით ბარიერი არ დაიწევა, ამის დაწევის ერთადერთი შანსი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ „ქართული ოცნება" დაინახავს, რომ გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ დაძლევენ და საკონტროლო მანდატის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. როცა „ოცნება" ნახავს, რომ 76 მანდატს ვერ იღებს რომ მთავრობა დააკომპლექტოს, შეიძლებელა დაიწყოს ლაპარაკი ბარიერის დაწევაზე, რათა გაჩნდეს რაც შეიძლება ბევრი სუბიექტი, მრავალმა პარტიამ გადალახოს დაწეული ბარიერი და შემდეგ უკვე „ქართული ოცნება" ყველა ვარიანტში პირველ ადგილს დაიკავებს, ანუ მას ექნება კონსტიტუციით პრიორიტეტი, რომ დააკომპლექტოს მთავრობა. აი, ასეთ ვარიანტში მეტი აქვს შანსი, რომ მცირე პარტიები გადაიბიროს.

„5%-იან ბარიერს გადალახვასთან, გამოკითხვიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს დგას [ენმ-ს გარდა] გახარია და „ლელო". ამ შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის დაძლევა არ იქნება მათი მხრიდან საკმარისი, რადგან თუ ეს 1-2-მა პარტიამ შეძლო, ეს ხელს არ შეუძლის „ოცნებას" 76 მანდატის მიღებაში. ეს პრობლემაა. ესე იგი ხმათა ისეთი გადანაწილება უნდა მოხდეს, რომ 76 მანდატი არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას". ამისთვის კი საჭიროა წვრილი პარტიების გამსხვილება. ამ შემთხვევაში მეტი გადალახავს 5%-იან ბარიერს და მით ნაკლებია იმის შანსი, რომ ერთპარტიული მმართველობა გვქონდეს საქართველოში," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე