საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილების მერე, გარკვეული თვალსაზრისით მიძინებული შიდა პოლიტიკური პროცესები თანდათან აქტიურდება. პოლიტიკური პარტიები უკვე ღიად იწყენებ რებრენდინგს, ასევე კეთდება მინიშნებები ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენაზე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ჯერ ადრეა, თუმცა ტენდენცია კარგია და შესაძლოა გადაჯგუფებები და ალიანსები კიდევაც ვიხილოთ.
11 ნოემბერს „ევროპულმა საქართველომ" საკუთარი საარჩევნო კამპანია დაიწყო, ამომრჩეველს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. კონფენეციაზე პარტიამ „საქართველოს პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის გეგმა" და გუნდის ახალი წევრები წარადგინა, მათ შორის ცნობილი გახდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტაბულას" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ოფიციალურად შეუერთდა „ევროპულ საქართველოს".
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ არ გამორიცხა, რომ მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ახალი განცხადებებიც გააკეთოს და „პარტიის ჩამოყალიბების თემაც მომწიფდეს".
საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ 8 ნოემბრის მერე პოლიტიკურად გააქტიურდებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, საფრანგეთში ვიზიტისას „ფრანს 24"-თან მის მიერ გაკეთებიული განცხადება, რომ „დემოკრატიული არჩევნები ახალი კოალიციის საშუალებას იძლევა", ანალიტიკოსების ნაწილს იმის ფიქრის საფუძველს აძლევს, რომ შესაძლოა პრეზიდენტიც აპირებდეს საარჩევნო პროცესში ჩართვას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ პარტიებს ბიძგი მისცა, რომ გაატიურება ადრე დაეწყოთ, რადგან „მხოლოდ პრორუსულობის ძახილით" ელექტორატის მიზიდვა გართულდა.
„მეჩვენება, რომ წინასაარჩევნო პროცესი ცოტა ადრე დაიწყეს, მაგრამ მემგონი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ პარტიებს იმისკენ უბიძგა, რომ მარტო პრორუსულობოს ძახილით ამომრჩევლის ყურადღებას ვეღარ მიიპყობდნენ, დამაჯერებელები აღარ იქნებოდნენ და ამიტომაც დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ ამომრჩეველს რას შესთავაზებენ. ეს ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, მისასალმებელია.
„ხალხის ძალას" რაც შეეხება, ეჭვი მქონდა, რომ საარჩევნო ძალა გახდებოდა. ადრეც იყო ეს ეჭვები, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მომხდარა, რომ პროსახელისუფლო ჯგუფი ცალკე სატელიტურ პარტიად ჩამოყალიბდეს. თავად ოფიციალურად ამბობენ, რომ ჩვენ „ოცნებას" არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ რაღაც საკითხებში უფრო მძაფრი რეაქცია გვაქვსო.
„სალომე ზურაბიშვილის ამბავს რაც შეეხება, რეალურად არ ვიცი ქალბატონი სალომე როგორ მოიქცევა, მაგრამ არ მგონია მისთვის დაბალრეიტინგიანი ოპოზიციური პარტიების დედოფლად ყოფნა მიმზიდველი იყოს. მით უმეტეს, რომ თავადაც დაბალი რეიტინგი აქვს და საქართველოში ხმების მიღება უძნელდება, როგორც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. სამაგიეროდ მისთვის ევროპის პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი ასპარეზია და მემგონი თავის მოღვაწეობის გაგრძელებას იქ უფრო მოისურვებს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, არჩევნებამდე დიდი დროა და კიდევ შეიძლება პოლიტიკურ ველზე „რაღაცეები მოხდეს" ახალი ალიანსებისა თუ გადაჯგუფებების თვალსაზრისით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე