პოლარიზაციის შემცირება და პოზიცია-ოპოზიციის თანამშრომლობამ, როგორც ევროინტეგრაციის წინაპირობამ, 12 რეკომენდაციიდან 9 პირობაში გადაინაცვლა. ეს ერთადერთი საკითხი იყო, რომელზედაც ორივე პოლიტიკური ბანაკი თანხმდებოდა, რომ წინსვლა არ იყო და ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ. იმაზე, რომ ეს სიტუაცია პოზიტიურად შეიცვლება, პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დამაიმედებელი პროგნოზი არა აქვს.
დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსს დეკემბერში სავარაუდოდ მაინც მოგვცემენ, მაგრამ, აი, ამის მერე რა ხდება და რამდენ ხანს მოგვიწევს ევროკავშირის მოსაცდელში ჯდომა, ეს არის მთავარი კითხვა, ამბობს ის.
კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებას დათქმების შესრულებაში, მათ შორის დეპოლარიზაციის პროცესში, ანჯაფარიძე ამაზე პასუხობს, რომ „ არა".
„ჩემი პასუხი იქნება ცალსახად არა, რადგან ოპოზიციას არანაირი სურვილი არ გააჩნია, რომ ხელისუფლებას კომფორტული პირობები შეუქმნას დათქმების თუ რეკომენდაციების შესრულებაში. ის ევროპელების თვალში ხელისუფლების მაქსიმალურ დისკრედიტაციას ცდილობს, რომ ამით თვითონ მიიღოს ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობები. აქედან გამომდინარე მე არ ველოდები რაიმე საგრძნობრივ თანამშრომლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გაგრძელდება ისევ ის იწილო-ბიწილო და თამაშები, რასაც ვადევნებდით თვალს მთელი ამ ბოლო წლის განმავლობაში - ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რაც ხელისუფლების ეგიდით გაიმართება, ამისთვის მოიგონებს არა ერთ მიზეზს და შესაბამისად ასეთ მდგომარეობაში იქნება ჩვენი ქვეყანა. რაც თავისთავად გამორიცხავს დეპოლარიზაციის მიღწევას. იმიტომ, რომ როდესაც არ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან და არ გინდა, პასუხიმგებლობა გაიზიარო, აქ უკვე ჩნდება პოლარიზაციის მომენტიც.
„კანდიდატის სტატუსს სავარაუდოდ მაინც მოგვცემენ დეკემბერში, მაგრამ, აი, ამის მერე რა ხდება და რამდენ ხანს მოგვიწევს ევროკავშირის მოსაცდელში ჯდომა, ეს არის მთავარი კითხვა. როგორც გითხარით, ნაკლებია მოლოდინი ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობის", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ევროკომისიის 9 დათქმაა:
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის - პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე;
5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
6. ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე