რეზონანსი
(07.11.2023)

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გუშინ სოფელ კირბალში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მისი თქმით, დადგება დრო, როდესაც „ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან“.

„რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!

„ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა”,- აღნიშნავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე