ოპოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს. მათი თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის" დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მით უმეტეს წინასაარჩევნო კამპანიისას. მმართველი პარტიის შეფასებით კი ეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში ხდება და თუ ევროკავშირის სტრუქტურები ოფიციალურად მიუთითებენ, რომ კანონში კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, „ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ მოხდება".
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, „მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა ერთის მხრივ ევროკავშირის დირექტივებმაც მოიტანა და მეორეს მხრივ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მედიასივრცეში შექმნილმა მდგომარეობამაც.
ინფორმაციისთვის, მაუწყებლობის შესახებ კანონში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობამ უთხრა, კანონში უხამსობის ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს. მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.
რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია
თუ ოფიციალურად, წერილობით გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი მაუწყებლობის შესახებ კანონში წინააღმდეგობრივი და დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ვიხილეთ, რომ საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მსჯელობას. ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ვერსიების შეთხზვა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის კუთხით. თუ ოფიციალურად იქნება რაიმე და გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ეს ცხადია, ამოღებული იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ ხდება, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი პირები," - განაცხადა ღუდუშაურმა.
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე კი აცხადებს, რომ ეს კანონი იქნება დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნებისთვის".
„მედიასთან დაკავშირებული ეს ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება ზეწოლას. ეს ცვლილება ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი და ობიექტურია და სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამორიცხული იქნება. როცა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ერთ-ერთი ფილიალი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ხელისუფლება და გვინახავს კომისიის მიერ მიღებული არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებამ ასე უბრძანა, ასეთ ვითარებაში ეს ცვლილებები იქნება ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტი, რომ გამოიყენოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ," - განაცხადა წითლიძემ.
რა მიზანი აქვს კანონში შესატან ცვლილებებს
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დღეს ამ ცვლილებების აუცილებლობა რამდენიმე მიზეზის გამო დგას.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის განცხადებას დავიმოწმებ, რომელმაც თქვა, რომ ეს დირექტივების ფარგლებში კეთდება, თუმცა ერთ მომენტში აღნიშნა, რომ ტერმინი „უხამსობა" არ ეწერაო, მაგრამ ეს ტერმინი ყველამ შესაძლოა თავისებურად გაიგოს. უხამსობა ისეთი ცნებაა, რომლითაც შეიძლება ქოთანს ყური საიდანაც გინდა იქით მოაბა. მაგრამ ეს მთლიან სურათს არ ცვლის, რადგან ამ საკანონმდებლო ცვლილებით გარკვეულწილად რეგულაციების ფარგლებში ექცევა ძალადობის და სიძულვილის ენის გამოყენება მასმედიაში, რაც წლების განმავლობაში და განსახუთრებით ბოლო პერიოდში ქართულ მედიასივრცეში პრობლემა ნამდვილად იყო.
„ყველასათვის ცნობილი მედიასაშუალებები ძალიან აქტიურად უკეთებდნენ ამას ექსპლუატაციას და შესაბამისად ამით არა მხოლოდ თავად სარგებლობდნენ, არამედ მათი ე.წ. კლიენტურაც, ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი იდეური თუ პარტიული მომხრეები. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით, მათ ერთგვარი კომფორტის ზონა დაეკარგათ. ასე ლაღარდ და შეუზღუდავად უკვე ვეღარ გამოიყენებენ ტელესივრცეს იმისთვის, რომ ეს სიძულვილის და აგრესიის ენა გამოიყენონ. ეს ბოლო მომენტამდე მათი პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო. იმ ობიექტს, ვისაც მიზანში იღებდნენ, ფაქტიურად არანაირი საპასუხო ეფექტური ბერკეტები არ გააჩნდა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა ისეა მოწყობილი (ამერიკულ სტანდარტებთან უფროა დახალოებული, ვიდრე ევროპულთან), რომ თუ ადამიანს მოუნდა საქმიანი რეპუტაციის თუ ღირსების შემლახავი განცხადებების თუ რეპორტაჟების გასაჩივრება, მოუწევს ხანგრძლივი სასამართლო პროცესები. ამ დროს უკვე ეს მოვლენა აქტუალობას კარგავს და მოსახლეობის მეხსიერებაში ილექება, მთელი პრობლემა ესაა და ეს კანონი ამას რამდენად მოაგვარებს, ჯერ არ ვიცი და როცა ამოქმედდება, ალბათ ვნახავთ.
„აქ კიდევ მეორე საკითხია, ევროკავშირი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ საკითხზე სასწრაფო კვლევები გამოაცხვეს, ხელისუფლებას მაინც ურჩევენ, რომ მეტი აქცენტი მედიაში არსებული თვითრეგულირების მექანიზმებზე გააკეთონ და ეს ცვლილებები არ შემოიღონ, მაგრამ წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თვითრეგულირების მექანიზმები ამ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან არაანაირი რეგულირების მექანიზმების გამოყენება მათ რეპორტაჟებს არ ეტყობა. ევროკავშირის დირექტივებმაც მოიტანა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების აუცილებლობა და მეორეს მხრივ ჩვენს საზოგადოებრივ პოლიტიკურ მედიასივრცეში შექმნილ მდგომარეობამაც", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე