საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებსათან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, „ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის შესაძლო აქციებსა და არეულობებზე სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებს. საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების" ბრალდება არასაფუძვლიანია, რადგან მსგავსი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნების" განცხადებები პრევენციული ხასიათისაა, რადგან თუ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით არასასურველი დასკვნა დადო, შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.
ამასთან, ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, ეს ერთჯერადი მოვლენა იქნება და პერმანენტულ ხასიათს არ მიიღებს, რადგან არც ოპოზიციას აქვს ამის რესურსი და არც ხალხში არაა შესაბამისი განწყობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".
„უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებები „ქართული ოცნების" მოგონილი არ არის და ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაშია ანალოგიური კანონი".
„იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ვიღაც ჯგუფებმა გარკვეული დაძაბულობა და არეულობა შექმნან, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ რადიკალური კურსის გამტარებელია, რაზეც სუს-ი საუბრობდა. უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაცები გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა კალაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ იმ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მისცემს ამის შესაძლებლობას. მისივე თქმით, იმის საფუძველი არ არის, რომ ეს კანონი განხორციელების გარეშე დარჩეს.
„ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით", შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ კანონპროექტს ანტიევროპული კანონი უწოდა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 ოქტომბერს მას ვეტო დაადო.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ამ განცხადებებით წინასწარ თადარიგს იჭერს ოპოზიციის შემდგომი შესაძლო პროტესტისთვის, რომელიც შეიძლება ევროკომისიის 8 ნოემბრის დასკვნას მოჰყვეს.
„ეს განცხადებები პრევენციული ხასიათის მგონია - საზოგადოებას წინასწარ აშინებენ და აფრთხილებენ, რომ აი, ახლა ოპოზიცია გადატრიალებისთვის ემზადება, ქუჩის აქციები უნდა, დესტაბილიზაცია და ა.შ. თან თავს იზღვევენ - თუ ევროკომისიის ცუდი დასკვნა იქნება და ხალხი გამოვიდა, იტყვიან, რომ დასკვნა კი არაფერ შუაშია, არამედ ოპოზიცია სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე სპეკულირებს.
„მათ ამ ტიპის განცხადებები ამიტომაც მოუხშირეს, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის პირველადი დასკვნა იქნება და გარკვეულწილად ამის პრევენციას ახორციელებენ. რა შეეხება იმას, გამოვა თუ არა ხალხი, შესაძლოა საპროტესტო აქცია ერთჯერადად გაიმართოს, მაგრამ პერმანენტული გამოსვლების რესურსი არც ოპოზიციას გააჩნია და არც საზოგადოებაშია ამის მძაფრი განწყობა.
„ეს თემა უფრო მედიასა და პოლიტიკურ წრეებშია აქტუალური, ვიდრე საზოგადოებაში. შესაძლოა აქციები იყოს, მაგრამ პერმანენტულ და ხალხმრავალ აქციებს ნამდვილად არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. თუმცა, ვნახავთ რა იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე