პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტას ელის და სავარაუდოდ, 2024 წლისთვის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს საბოლოო დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელშიც ასევე მოცემული იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია იმაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დეკემბერში კი, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, უკვე ევროკავშირის სამიტზე უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსთა აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის პრეზიდენტიც, სწორედ ამ პროცესების დასრულებას ელოდება და ამის შემდეგ გააქტიურდება. ხოლო მათი აქტიურობის შინაარსი და მიმართულება დიდწილად დამოკიდებული იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას ის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თუკი პასუხი დადებითი იქნება, პრეზიდენტი ამას თავის დამსახურებად გამოაცხადებს, ხოლო უარყოფით პასუხს კი - ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის საბოტაჟისა და მისთვის ხელის შეშლის შედეგად.
ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსთა ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი ეცდება ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს, რისი მცდელობებიც უკვე შეიმჩნება.შესაბამისად, მისი გეგმებიც ევროკავშირიდან მიღებული პასუხის მიხედვით შეიცვლება. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზურაბიშვილის მსგავსი პოლიტიკური ლიდერის მოქმედებების პროგნოზირება და მისდამი ნდობა რთულია.
ხელისუფლებაში კი დარწმუნებით აცხადებენ, რომ პრეზიდენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს „ერთ-ერთი პარტიის კანდიდატის“ სახით. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტი აქედანვე ამზადებს ამისათვის საფუძველს და თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის სტატუსის საკითხის გამოყენებასაც ეცდება.
„ის ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში მწიფდება, თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად კიდევ ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესები, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ სერიოზულად განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში არჩევნებში მონაწილეობაზე. რელურად, ეს, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საერთო შედეგზე, ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ამიტომ მისი გეგმების შესახებ საუბარი რთულია. თუმცა აბაშიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, თუკი ის პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ ის სწორედ კანდიდატი სტატუსის მიღება არ მიღებას ელოდება.
„თავის დროზე „ოცნებამ“ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პრეზიდენტობაზე მისი კანდიდატურა დააყენა. ამ შეცდომას ვხედავთ როგორც იმკის. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური ამბიციები და ეს ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა. ის არის „მადამ პრეზიდენტი“, რომლის ქცევის პროგნოზირებაც ძალიან რთულია. დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ის მარტო არ მოქმედებს და დასალეთიდან მითითებას ელის. ალბათ სწორედ ამიტომ აქვს ჯერჯერობით პაუზა და არ აკეთებს განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდეს ცნობილი. ის ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. ბოლო დროს სწორედ ამას აკეთებს და კონსტიტუციის დარღვევაც ამით გაამართლა. ამიტომ მაინც ველი, რომ ის დაელოდება სტატუსის მოცემას და ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. ალბათ ამის შემდეგ დაიწყებს პოლიტიკურ აქტიურობას.
„სტატუსს თუ მოგცემენ, ალბათ მისიც და სხვა ოპოზიციის დღის წესრიგიც სრულად ჩავარდება. ის ხაზი, რომ „ოცნება“ პრორსულია, ვეღარ გაიმართება. ამიტომ უფრო ველი, რომ ჯერ არ გადადგება. ხოლო თუ სტატუსი არ მოგვცეს, ალბათ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ფერხულში ჩაბმას აპირებს. თუმცა, აქაც დიდი შეცდომას დაუშვებს, რადგან ეს სიმბოლური სტატუსი ჩვენს მოსახლეობას უკვე საერთოდ აღარ ადარდებს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
მისივე აზრით, თუკი პრეზიდენტი გადადგება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მაშინ ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბედს გაიზიარებს.
„ზურაბიშვილის ვითომ რეიტინგი და პოლიტიკური ამბიციები ხელოვნურადაა გაბერილი. ეს არის ილუზია, რომელიც მაშინვე დაინგრევა, როგორც კი ის თანამდებობიდან გადადგება და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაიწყებს. არც მას და არც გახარიას არანაირი რეიტინგი არ აქვთ. ზურაბიშვილი შექმნა „ოცნებამ“, მისმა მხარდამჭერებმა მოიყვანეს პრეზიდენტად. ამიტომ გინდა დეკემბერში გადადგეს, გინდა მის მერე,
„ალბათ უფრო სჯობია ბილეთი აიღოს და საფრანგეთში დაბრუნდეს. მისთვის სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ვინც ხედავს, მას პოლიტიკური ალღო საერთოდ არ ჰქონია. გახარიასაც ასე ეგონა და მერის არჩევნებში მხოლდო მესამე ადგილი აიღო. ამიტომ მის გარშემო დაწყებული ეს ფუსფუსი ფუჭია“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
„პრეზიდენტი პროდასავლელ ლიდერს თამაშობს“
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და რა თქმა უნდა, მას აქვს სურვილი, რომ ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს. მისი აზრით, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსი კარგი საშულებაა, რომელსაც პოლიტკურად გამოიყენებს.
„ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ამბიცები აქვს და ეს მან არაერთხელ გვაჩვენა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის დროს თანამდებობაზე ყოფნისას და ახლაც. ზურაბიშვილმა საკმაოდ კარგად აუღო დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ალღო და პირდაპირ ვიტყვი, მან დაიწყო პროდასავლელი ლიდერის თამაში. დასავლეთში აქვს კონტაქტები და იქ რაღაცეების დალაგებას ცდილობს.
„ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს, რაც რუსეთის ბაზების ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევაში ქნა - ვითომ მისი დამსახურებაა, რომ რუსული ბაზები ქვეყნიდან გავიდა. არადა ეს პროცესი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და სააკაშვილის დრომდე გაგრძელდა. ზურაბიშვილი საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრი აღარც იყო, როცა ბაზები ქვეყნიდან გავიდა.
„ახლაც მსგავს რაღაცას აკეთებს. ვფიქრობ, თუ სტატუსი მოგვცეს, ის ამას საკუთარ დამსახურებად ჩაითვლის. იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მოეცათ და მისი დამსახურებაა.
„მეორეს მხრივ, თუ არ მოგვეცს, ამასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იტყვის, რომ ხელისუფლება ნამდვილად პრორულია და როგორც ამბობდა, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი - ბევრი იწვალა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პროცესი მაინც ჩაშალა.
„მე არ ველი, რომ ის გადადგება. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან არასანდო ფიგურაა. მას არ აქვს სტაბილური ხასიათი, ამიტომ მის ნდობას არც გახარიას და არც დანარჩენ ოპოზიციას არ ვურჩევ“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ზურაბიშვილისა და გახარიას თანამშრომლობა ცოტა რთული იქნება, რადგან ორივეს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ. ამიტომ, როგორ შეძლებენ მორიგებას, მისთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა შესაძლოა 5%-იანი ბარიერი გადალახონ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლას ნაკლებად შეძლებენ. რადგან „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ და ზურაბიშვილი ვერ შეძლებს ამ პოლიტიკური ძალების ჩანაცვლებას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე