პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილობაზე „გეგმები სადმე იხარშება", ეს კონსტიტუციიის დარღვევაა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ თანამდებობიდან გადადგება.
„არჩევნებში მონაწილეობის უფლება მას ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობიდან გადადგება. თუ გადადგება, შემდგომ არანაირი დარღვევა არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.
„სანამ თანამდებობაზეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილების უფლება არ აქვს. შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ როგორც ამომრჩეველმა - მას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პარტიულ საქმიანობაში, გახდეს პარტიის წევრი. თუ ეს გააკეთა, მაშინ იქნება კონსტიტუციის დარღვევა, სხვა შემთხვევაში არა.
„პრეზიდენტი უნდა გაგადგეს ან კანდიდატად წარდგენამდე ან კანდიდატად რეგისტრაციამდე, წარდგენის უფლება კი მხოლოდ პარტიებს აქვთ. ანუ, პრეზიდენტ არჩევნებამდე გარკვეული დროით ადრე უნდა გადადგეს თანამდებობიდან, თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა როგორც კანდიდატს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
პრეზიდენტის ყველა კეთილისმსურველს ვურჩევ, რომ ურჩიონ - არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა კონსტიტუციის დარღვევაში ხელი პრეზიდენტს არ უნდა შეუწყონ, თუ მას ამის მცდელობა ექნება.
„თუ ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად და განზრახ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება შემდეგ, რადგან პრეცედენტებს აქვს ძალიან ცუდი თვისება - როცა ის ერთხელ დამკვიდრდება, შემდეგ შეიძლება სხვასაც წაუცდეს ხელი, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია - თუკი განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ხდება ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ამას აქვს მეორე მხარეც, თუ ქალბატონი სალომე სხვა ქვეყანაში გაემგზავრება.
„ვინც თავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად თვლის, დაჟინებით მოვუწოდებ, რომ ქალბატონ სალომეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ. სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი ბუნების, კულტურის და ა.შ. პატივისცემით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება - სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით. ჩვენს კულტურასა და ბუნებას ბევრი სცემს პატივს, მათ შორის, ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც. პრობლემა მაშინ არის, როცა ჩვენს სახელმწიფოს და კონსტიტუციას პატივს არ სცემენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი გამგზავრება თუ შედგება, მიმღები მხარე ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენს, რაც არც მეგობრობასთან არის შესაბამისი და არც რაიმე სახის ღირებულებასთან. ქალბატონ სალომეს დაჟინებით მოვუწოდებ, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი. თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე იხარშება, ეს კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევაა - მას ის პოზიცია აქვს, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ნაცვლად იმისა, რომ ამ სტატუსს გაუფრთხილდეს, უკვე ფაქტია, რომ პირდაპირ გადაეშვა პოლიტიკაში და არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მფარველობის ქვეშ, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ.
„გარდა ამისა, არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მგონი, უკვე აქედანაც კარგად ჩანს ბევრი რამ. 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, ერთი მხრივ, ანტიქართულ კოალიციასა და „ქართულ ოცნებას" შორის. გასაგებია, რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი უკვე ბევრჯერ გააკეთა და ამ არჩევანს გაიმეორებს. ანტიქართულ კოალიციას ქვეყანაში გასაქანი არასდროს არ აქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე