მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის საგანგაშო დაძაბულობისა, გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება თან დავრჩით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრად - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის მეოთხე ფორუმის" მონაწილეებს, რომელსაც საქართველო მასპინძლობს და თავად ღარიბაშვილის პატრონაჟით ტარდება.
როგორც ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, „ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, ქართველი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით. საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესის მოსალოდნელი შეფასება ამ წლის ბოლოს გზას გაუხსნის კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი გახსნა, ფორუმის მონაწილეებს ოპერისა და ბალეტის თეატრში სიტყვით მიმართა. აღნიშნული ღონისძიება თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება, ის პრემიერის თქმით, საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მთავარი თემა წელს დაკავშირებადობაა.
საქართველო ამ კონფერენციის ფარგლებში თითქმის 2300 სტუმარს მასპინძლობს 63 ქვეყნიდან, მათ შორის - მთავრობათა მეთაურებს, მინისტრებსა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, გენერალურ დირექტორებსა და ტოპმენეჯერებს, რომლებიც წარმოადგენენ 250-ამდე კომპანიას. რომლებსაც ღარიბაშვილმა სტუმრობისთის მადლობა გადაუხადა.
ფორუმი 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა და ღონისძიებას თბილისი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დიდი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს საქართველო და ჩვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, აბრეშუმის გზის მნიშვნელობა - როგორც ისტორიულ, ისე დღევანდელ განზომილებაში - სცილდება უბრალო ვაჭრობას. ცნობილი აბრეშუმის გარდა, ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გავრცელებას, ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპა-აზიას შორის სასიცოცხლო კავშირის განვითარებას.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის შედეგებთან გამკლავებას. ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა და ასიათასობით ადამიანის სახლებიდან იძულებით გადასახლებაში. დარწმუნებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად იმ მძიმე შედეგებისა, რომელიც განვიცადეთ, ჩვენ არ შევაფერხეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება. ეტაპობრივად ვაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც სრულიად არის მოწადინებული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ესმის ომის და მშვიდობის ფასი და რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნების" მთავრობამ „შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და შეუფერხებელი ათწლეული, რაც ნდობასა და პროგნოზირებადობას მოუტანს ჩვენს ერსა და ჩვენს პარტნიორებს".
„ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის საგანგაშო დაძაბულობისა, გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება. თან დავრჩით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრად და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ამ მიმართულებით წარმოებულ ძალისხმევაში.
„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" მეშვეობით მზად ვართ, ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები - სომხეთი და აზერბაიჯანი - რათა საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას და მთელ რეგიონს, ხოლო ჩვენს ერებს - დამსახურებულ კეთილდღეობას",- თქვა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერი ამბობს, საქართველო დღითიდღე გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად.
„შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად ყალიბდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა. ჩვენ უკვე წარმოვჩნდებით აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთ უმოკლეს და საიმედო სატრანსპორტო ვარიანტად. მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, რათა აღმოვფხვრათ წინაღობები ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაუმჯობესებით, პროცედურების გამარტივებითა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვით.
„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმებულია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლს.
„ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე ანიჭებს წვდომას. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ხელს უწყობს ინვესტორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ბიზნესის განვითარებასა და იმ ქვეყნებთან ვაჭრობით სარგებლობაში, რომლებთანაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გვაქვს, რაც ჯამში 2.3 მილიარდამდე მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარს გულისხმობს. მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გასაფორმებლად ამჟამად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსა და სამხრეთ კორეასთან.
„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის 9.9 პროცენტიანი საშუალო საგადასახადო განაკვეთით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-7 ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის ნიშნით.
„საქართველო ასევე მეტად მიმზიდველ შეთავაზებას უკეთებს ინვესტორებს, რადგან შევქმენით მოდელი, რომლის დროსაც გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლებულია კორპორატიული საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, საქართველოს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გააჩნია. ამ ზონებში მომუშავე საწარმოები საექსპორტო საქონელს აწარმოებენ და გადასახადებისაგან თავისუფლდებიან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს წარმოჩინებას ბიზნესის კეთების მიმზიდველ დანიშნულების ადგილად",- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და ნამდვილ კარიბჭედ წარმოჩნდება ევროპასა და აზიას შორის. ევროპულ ბიზნესს საქართველო წვდომას სთავაზობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთზე. როგორც ევროპის სახმელეთო კვეთის წერტილი.
„ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა, რაც ჩვენს როლს აძლიერებს და წარმოგვაჩენს კონტინენტებს შორის არსებითი დამაკავშირებლის ამპლუაში. ეს ხელს უწყობს უფრო მეტ დაკავშირებადობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. მას საკვანძო დამაკავშირებელი როლი აქვს აზიასა და ევროპას შორის.
„ამავდროულად საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გადამწყვეტია აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვისაც. საქართველო მათ არა მხოლოდ წვდომას სთავაზობს ევროპულ ბაზრებზე, არამედ ამ სამეზობლოში სამომხმარებლო ბაზის გაფართოების პლატფორმასაც უზრუნველყოფს.
„ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხის, ქვეყნის უსაფრთხოება და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდასაც მივაღწიეთ. საქართველოს ეკონომიკა 2021 და 2022 წლებში აღდგა ორნიშნა - 10-პროცენტიანი - ზრდის ტემპით. ჩემმა მთავრობამ 2023 წელსაც შეინარჩუნა ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია, რომლის დროსაც 7-პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა პირველ რვა თვეში, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს საშუალოვადიან პერიოდში.
„საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გავზარდეთ 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელ 8000 აშშ დოლარამდე. მომდევნო წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8700 აშშ დოლარს მიაღწევს. სულ რაღაც სამ წელიწადში სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
„ჩვენი ზრდა 2022-2023 წლებში იყო ფართომასშტაბიანი. რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომუნიკაცია, მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა სერვისები. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.
„შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ, მაღალი რანგის ქვეყნებს შორის მოიაზრებს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს. ამ ღირებულებებისადმი ჩვენი მტკიცე ერთგულება მრავალ პრესტიჟულ რეიტინგში აისახება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით: „World Justice" პროექტის „სამართლის უზენაესობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 2023 წელს პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის" მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივაც პირველ ადგილზეა საქართველო; „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო მთავრობის ეფექტურობის კატეგორიაში; „Fraser Institute"-ის „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის" მიხედვით, საქართველო პირველ 25-ეულშია; „Heritage Foundation"-ის ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს, ხოლო 35-ე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით; ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოვიყვანო, [NUMBEO] Crime Index საქართველოს 2023 წელს მოიაზრებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. ჩვენ მე-8 ადგილზე ვართ ევროპაში, ხოლო მე-18 ადგილზე - მსოფლიოში.ამ შესანიშნავი შედეგების გარდა, „Fitch Ratings"-მა 2023 წლის ივლისში დაადასტურა საქართველოს BB რეიტინგი დადებითი პერსპექტივით უცხოური ვალუტის გრძელვადიანი ძირითადი ემიტენტის რანგში".
ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის გეგმა „ხედვა 2030"-ზეც ისაუბრა, მისი თქმით, ესაა საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს. როგორც იგი ამბობს, დოკუმენტი განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას, რაც თავსებადია 2030 წლისთვის გაწერილ გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან.
„ხსენებული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას.მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ინსტიტუციური სიძლიერე და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები ძლიერ ფონს ქმნის საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. საქართველო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითაც სარგებლობს, რაც ჩვენი პოლიტიკის სანდოობას და ინვესტორებისთვის შემცირებული რისკის მქონე გარემოს უზრუნველყოფს", - განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, არის მთავრობის პრიორიტეტი საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ამასთან შავი ზღვის ელექტროკაბელის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ეს ნოვატორული პროექტი, რომლითაც საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა შედგება, შექმნის უმაღლესი დონის ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. პირველ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, სავარაუდოდ, მინიმალური სიმძლავრე ექნება - წლიური 100 მილიონი ტონის გადაზიდვის წარმადობით.
„საქართველო მზადაა შეასრულოს საკვანძო როლი და იქცეს ენერგეტიკული ტრანზიტის, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული ურთიერთკავშირის რეგიონულ ცენტრად. სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე რეზონანსული პროექტი დავიწყეთ, რომლებსაც გლობალური გავლენა ექნება ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და კლიმატის ცვლილებაზე.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გახსნას და მწვანე ენერგიით ვაჭრობას შეუწყობს ხელს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. ის გამოიწვევს განახლებადი ენერგიის, მათ შორის წყალბადის, წარმოების მიმართულების განვითარებას. სტრატეგიული შეთანხმება, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი 2022 წლის დეკემბერში, წარმოადგენს ამ ენერგეტიკული პარტნიორობისა და წარმატებული პროექტის მყარ საფუძველს. მსოფლიო ბანკი მას უკვე მიიჩნევს ეკონომიკური მიზანშეწონილობის მქონე პროექტად. ველით, რომ მისი სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2024 წელს დასრულდება.
„წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან, რაც ჩვენს მოქალაქეებს უზრუნველყოფს უფრო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტკავშირით. გარდა ამისა, შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის გააქტიურება, რომელიც საქართველოს რუმინეთთან და ბულგარეთთან აკავშირებს, გააძლიერებს საერთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებას, განსაკუთრებით შუა დერეფნის ზოლში. შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების გაციფროვნება შემდეგი გადამწყვეტი ნაბიჯია ამ დერეფნის განვითარების კონტექსტში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ამბობს, რომ 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საჰაერო კავშირსაც აუმჯობესებს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი იქნება და განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალურ ავიაციაში წამყვანი მოთამაშის, როლს.
ასევე თქვა, რომ: „ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საკითხების მოგვარების საჭიროებას ვაღიარებთ. სწორედ ამიტომ აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების გამოყენებით. ჩვენი მიზანია ინვესტორების მოზიდვა ნოვატორული ელექტროსადგურების შესაქმნელად, საქართველოს უხვი და მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით".
ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ქართველ ხალხს და ზოგადად, რეგიონს მოუტანს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას. გარდა ამისა, ეს პროექტები ცხადყოფს ქვეყნის ერთგულებას ევროპული ინტეგრაციისადმი.
„ვაგრძელებთ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო ქართველების ცივილიზაციური გადაწყვეტილება. ჩვენი მთავრობის შესანიშნავი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და გასული წლის ივნისში აღიარებული ევროპული პერსპექტივა ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
„წელს ევროპისგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია ევროპაში - საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესის მოსალოდნელი შეფასება ამ წლის ბოლოს გზას გაუხსნის კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.
„ძვირფასო მეგობრებო, სამომავლოდ ჩვენი ამბიციაა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. მიზნად გვაქვს ქცეული, რომ საქართველო გახდეს რეგიონის მთავარი კომერციული და ფინანსური ცენტრი, თან გააგრძელოს რეგიონის ლიდერობა ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებით. ჩემი მთავრობა გულდასმით იმუშავებს იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის იმპულსი",- განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე