ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკებით პირველი „მიზანში ამოღებული რეიდი" განახორციელა, როგორც თავად აცხდებენ, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ „ცახალი" სახმელეთო ოპერაციას უახლოეს პერიოდში წამოიწყებს. ამასთან, ისრაელის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ რეიდით მტრის ყურადღება გადაიტანეს, ან „ჰამასის" გარკვეული დაჯგუფება იქნა განადგურებული, ან ეს იყო მხარდაჭერა რაღაც სპეციალური ოპერაციისთვის, რომელიც მძევლების გათავისუფლებაზე იყო მიმართული.
მათივე შეფასებით, გარკვეული გარემოებების გამო, „ცახალისგან" უახლოესი ორი თვის განმავლობაში ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოსალოდნელი არაა.
სახმელეთო რეიდი და ისრაელის მთავრობის გეგმები
„როიტერსი" ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ავრცელებს, სადაც პრემიერი ამბობს, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, თუმცა დროს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, რომელსაც ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი" აკონტროლებს, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.
"ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
გამოცემა „ვოლ სთრით ჟურნალის"ინფორმაციით, ისრაელი დათანხმდა შეერთებული შტატების თხოვნას, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია გადაედო, რათა ვაშინგტონმა რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება შეძლოს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 26 ოქტომბრის ღამით ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით „მიზანში ამოღებული რეიდი" განახორციელა.
„ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელა მიზანში ამოღებული რეიდი ტანკების გამოყენებით ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილი", - აცხადებენ არმიაში.
განახორციელებს თუ არა საბოლოოდ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას „ცახალი" ღაზაში
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ამ რეიდით მტრის ყურადღება გადაიტანეს, „ჰამასის" გარკვეული დაჯგუფება იქნა განადგურებული, ან ეს იყო მხარდაჭერა რაღაც სპეციალური ოპერაციისთვის, რომელიც მძევლების გათავისუფლებაზე იყო მიმართული. გენერალი ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის წამოწყება შესაძლოა პროდუქტიული არ აღმოჩნდეს.
„რეიდის არსი შემდეგია - მოწინააღმდეგის სიღრმეში შესვლა, კონკრეტული ამოცანის შესრულება და გამოსვლა, იქ არ ჩერდებიან. ალბათ იყო ცნობები, რომ სადღაც ან მართვის პუნქტი არსებობდა, ან ტერორისტების თავმოყრა იყო და ამ დაჯავშნული ჯგუფის გამოყენებით, კონკრეტული წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს.
„დეტალები არ ვიცი, რამდენი ტანკი და ჯავშანმანქანა იყო, მაგრამ რეიდის არსი ესაა. მიმაჩნია, რომ უფრო შესაძლო და უფრო მართებული იქნებოდა, რომ ასეთი წერტილოვანი დარტყმები განხორციელდეს, ვიდრე მთლიანად ღაზის ოკუპირება. თუ მძევლების გამოყვანაზეა საკითხი, იქ ალბათ სპეცდანიშნულების ჯგუფი იმუშავებს, თუმცა შესაძლოა ჯავშანჯგუფი უწევდეს მხარდაჭერას.
„შესაძლოა ეს იყო კომბინირებული მხარდამჭერი მოქმედება და ამ დროს სპეციალურად მოზმადებული მებრძოლები მძევლებს ათავისუფლებდნენ, მაგრამ არ მგონია, რომ მძევლები ჩრდილოეთით ჰყავდეთ, ალბათ სადღაც უფრო ღრმად ეყოლებათ გაყვანილი. ამ რეიდით ან ყურადღება იქნა გადატანილი, ან „ჰამასის" გარკვეული დაჯგუფება მართლა იქნა განადგურებული, ან ეს იყო მხარდაჭერა რაღაც სპეციალური ოპერაციისთვის, რომელიც მძევლების გათავისუფლებაზე იყო მიმართული.
„ესეც სახმელეთო ოპერაცია და მოქმედებაა, თუმცა, ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა და ამ ტერიტორიის ოკუპირება არა მგონია რომ პოროდუქტიული იყოს და შესაძლოა არ განხორციელდეს, მე არ განვახორციელებდი. ასეთი წერტილოვანი დარტყმებით და წერტილოვანი სპეციალური ოპერაციებით ალბათ უფრო გავათავისუფლებდი მძევლებს, ვიდრე მასიური შეტევით, ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, რომელიც უკვე არის მშვიდობიან მოსახლეობაში",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელი სულ მცირე ორი თვე მაინც ღაზაში სახმელეთო ოპერაციას არ განახორციელებს.
„ჩემი აზრით, სახმელეთ ოპერაცია მინიმუმ 2 თვე მაინც გაიწელება, ეს უბრალოდ ერთგვარი მოთელვა და მოსინჯვა იყო. ჯერჯერობით ამერიკელების თხოვნაცაა და ისრაელიც როგორც ჩანს ამისთვის მზად არაა, რადგან იცის რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია მცირეხნიანი არ იქნება და დიდხანს გაგრძელდება.
„ისრაელმა „ჰამასს" ერთგვარი სიგნალი მისცა, რომ თუ მძევლებს გაათავისუფლებენ, მაშინ მზადაა, რომ სახმელეთო ოპერაციისგან თავი შეიკავოს და დაზავდეს, დროებით მაინც. თუ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ამ შემთხვევაში პროგნოზი გამიჭირდება თუ რას იზამს ისრაელი. „ცახალი" ამ სახმელეთო ოპერაციისთვის მზად როდის იქნება, ამ ეტაპზე გაურკვეველია. მოკლე ვადაში ვერ შევლენ და რომ ემზადება ეგეც ფაქტია.
„მგონია, რომ ასეთი ტიპის რეიდები უფრო განხორციელდება, ამას თავისი შედეგი ექნება. შესაძლოა საერთოდაც სხვა გეგმებით მიაღწიონ მიზანს და არ შევიდეს ფართომასშტაბიანად", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე