საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ის გახსნას დაესწრო, ღონისძიება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მანამდე ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის შეხვდა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი მრავალგანზომილებიანი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი ძალიან პრიორიტეტულია, არა მხოლოდ მიმღები ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის და ეს საუკუნის პროექტი საქართველოდან შავი ზღვის გავლით ევროპისკენ გაივლის.
ამასთან, აბაშიძე გვეუბნება, რომ ღარიბაშვილი-ვარჰეის შეხვედრიდან საკმაოდ იმედისმომცემი განცხადებები გაკეთდა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც დღეს მოლოდინები უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, „გლობალური კარიბჭის ფორუმის" ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე - „სატრანსპორტო დერეფნები" - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელია. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში 24 ოქტომბერს გაემგზავრა.
„გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე - ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.
„გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება.
„გლობალური კარიბჭე" აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად.
მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.
კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ოლივერ ვარჰეი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს გაცილებით უფრო ოპტიმისტურია მოლოდინი კანდიდატის სტატუსზე, ვიდრე აქამდე. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების" წევრებისა და საქართველოს პარტნიორების განცხადებებშიც ჩანს.
„ის ფაქტი უტყუარია, რომ საქართველო მრავალ ფორმატში მონაწილეობს, მულტივექტორალურ პოლიტიკას ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს იქნება ევროკავშირის მიმართულებით, თუ მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანგოლაში,სადაც საერთაშორისო ფორუმზე აფრიკის სახელმწიფოების წარმომადგენლებს ხვდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. საქართველომ მთელს მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკა კვლავ უნდა შეახსენოს და მადლობა უთხრას გაეროს რეზოლუციების მზარდი მხარდაჭერისთვის.
„რაც შეეხება ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციას, სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაც საქმით გამოიხატება, რომ შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი ძალიან პრიორიტეტულია, არა მხოლოდ მიმღები ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის. ეს საუკუნის პროექტი საქართველოდან შავი ზღვის გავლით ევროპისკენ გაივლის.
„რაც შეეხება ღარიბაშვილის ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას - ვარჰეის თანამდებობა უნდა გვახსოვდეს, რომ ის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ანალიტიკოსებს და შემფასებლებს 8 ნოემბერს გამოსაქვეყნებელ ანგარიშის შედგენაში დიდი როლი აქვთ. ვარჰეის პოზიტიური სიგნალები საჯაროდ ნათქვამი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში ადგილს იმსახურებს, ეს საკმაოდ დამაიმედებელია. „ქართული ოცნების" ლიდერებიც დამაიმედებლად საუბრობენ.
„რასაკვირველია განწყობები პოზიტიური და ოპტიმისტურია, თუმცა 100%-ით არ შეიძლება, რამეში დარწმუნებული იყო. ამას თან ისიც დაემატა, რომ ახლახანს მორიგი 2023 წლის საერთაშორისო, მსოფლიო მასშტაბით კანონის უზენაესობის ინდექსის ანგარიში დაემატა, სადაც საქართველო 48-ე ადგილზეა 142 ქვეყანას შორის. რაც მთავარია, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის ევროკავშრის ორ და ნატოს წევრ ხუთ ქვეყანას.
„კანონის უზენაესობა არის მრავალგანზომილებიანი ინდიკატორი, ქვეყანაში არსებული სიტუაციებისა და მიმდინარე რეფორმებისა, რაც ასევე ერთ-ერთი სახელმძღვანელო იქნება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. წინა თვეებთან შედარებით მოლოდინები გაციულებით უფრო ოპტიმისტურია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე