თამთა ჩაჩანიძე
(25.10.2023)

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვისა და უკრაინის დეპუტატებს ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმის ცალსახა ნიშანია, რომ ინტეგრაციის პროცესები ჩქარდება. საქართველოსთან მიმართებაში კი მსგავსი შეთავაზება შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაჩნდეს. ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს ქვეყანა 8 ნოემბერს ელოდება, წლის ბოლოს კი ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს გვეკუთვნის თუ არა სტატუსი.

აღნიშნულ შეთავაზებაზე გამოცემა „პოლიტიკო" წერს. წყაროს ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდეც კი, შეიძლება, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა მეცოლამ.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მოლოდინი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

რაც შეეხება საქართველოს, ახლა ქვეყანა იმის მოლოდინშია თუ რა რეკომენდაციას გასცემს 8 ნოემბერს ევროკომისია. „ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, „რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა".

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, „პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ბატონ ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ შესრულებული იყოს 12 პრიორიტეტი".

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალისხმევა იქნება სათანადოდ შეფასებული და წარმოდგენილი ანგარიშში, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მხრიდან და რომელიც იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი იმისთვის, რომ უკვე ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თავად ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ოლივერ ვარჰეი.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა მმართველი პარტიის.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც „ქართული ოცნება" და სხვა ვერავინ მიიწერს - ეს პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.ბუჩუკურმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის.

მისივე თქმით, საქართველო წლების განმავლობაში როგორც რეგიონში, ასევე, „ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა იყო. მისი თქმით, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც საქართველოს სტატუსს მისცემენ, გეოპოლიტიკური პროცესებია.

„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, რასაც ვერც „ქართული ოცნება" და ვერც სხვა ვერ მიიწერს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რას ნიშნავს დამკვირვებლის სტატუსი ევროპარლამენტში და როდის მიენიჭება ის საქართველოს

ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროინტეგრაციული პროცესები ჩქარდება და ის, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი მიეცემათ, ეს ამის ნათელი მაგალითია. ფხალაძე იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას ევროპალრამენტი მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება საქართველოს პერსექტივებს, ფხალაძე გვეუბნება, რომ ეს შეთავაზება ჯერჯერობით საქართველოსთვის არაა, თუმცა, შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ იყოს.

„თავისთავად შეთავაზება ძალიან კარგია, უკრაინასაც და მოლდოვასაც გულით წარმატებას ვუსურვებ, რადგან ეს ყველაფერი მათ ინტეგრაციას ხელს შეიუწყობს. ფაქტიურად გამოდის, რომ მათი საკანონმდებლო უწყებები ევროპული საპარლამენტო პროცესის მონაწილეები ხდებიან. მართალია, მათ ხმის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ განხილვას დაესწრნენ, მათ შორის იმ საკითხების, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს.

„ევროინტეგრაციული პროცესები ჩქარდება და უფრო და უფრო მწიფდება გადაწყვეტილება, რომ ორივე ქვეყანასთან (უკრაინა,მოლდოვა) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც ასევე ძალიან კარგია და დანარჩენი უკვე ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული - რამდენად მახერხებენ ამ გზაზე პროგრესის ჩვენებას.

„ამ ყველაფრის ფონზე კი სამწუხაროდ საქართველო იქ არაა, სადაც უნდა იყოს. საქართველოსთან მიმართებაში ამ ეტაპზე ასეთი მოსაზრება არ არსებობს, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი მოგვეცეს. ჩვენ ისევ ჩვენი მეგობრების ლანძღვით და კონსპირაციის თეორიებით ვართ დაკავებული.

„საქართველოსთან მიმართებაში ნოემბრის დასაწყისში ანგარიშს ველოდებით - თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც ძალიან კარგები ვართ. სამწუხაროდ ბევრი პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სხვა რამეზე ვართ კონცენტრირებულები.

„დღეს საქართველო იმის იმედადაა, რომ გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იქნება და იმის გათვალისწინებით, რაც დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს გაუკეთებია ქვეყნისთვის და არა ის თუ რა გავაკეთეთ ბოლო პერიოდში",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ ახალ შეუქცევად კონტურებს ჩაუყაროს საფუძველი ევროკავშირის არჩევნებამდე.

„ასეთი შეთავაზებები ადრე თუ იყო, არ მახსენდება, ეს ყველაფერი იმ გეოპიოლიტიკური მომენტუმითაა განპირობებული, რომელიც უკრაინის ომის შემდგომ შეიქმნა, რადგან ევროკავშირში უკვე სერიოზულად დაიწყეს დაფიქრება და ვიცით, რომ ამაზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ გეოპოლიტიკური ევროპა.

„თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს არჩევნებია და დღევანდელი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ გარკვეული საფუძველი ჩაუყაროს ახალ კონტურებს, რომელიც შეუქცევადი იქნება. სწორედ ამის გამოხატულებაა ყველანაირად რომ ცდილობენ კანდიდატ ქვეყანას რაც შეიძლება მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, რომ ევროპულ სტრუქტურებს შეაჩვიონ.

„ისინი ჯერ ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ, უბრალოდ მონაწილეობა რომ მიიღონ, ევროპის მომავლის შესახებ სტრატეგიულ დებატებში და თავი ევროკავშირთან უფრო ახლოს იგრძნონ.

„თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ალბათ საქართველოსთანაც დაახლოებით მსგავსი შემოთავაზება იქნება. თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა იმის გამო, რომ საქართველომ 12 პრინციპი საოცრად შეასრულა.

„რომელი ქვეყანაც მომავალში ევროკავშირში მოიაზრება მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა რაღაცნაირად იყოს. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის სხვადასხვა ფორმატები შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, შესაძლოა ამ პერიოდისთვის უკრაინას და მოლდოვას სხვა სტატუსი ჰქონდეს. ისინი უკვე მოლაპარაკებას დაიწყებენ და ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე