პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება შესაძლოა ახალ მწვავე ფაზაში გადავიდეს. გენპროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით 2019 წლის შეწყალების საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, რადგანაც მოქმედ პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისი მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდულია და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში შეიძლება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს საქმე „ოცნების" მხრიდან ახალი იმპიჩმენტის წამოწყების საფუძველი გახდეს.
საქმე ეხება 2019 წლის 28 აგვისტოს გამოცემულ შეწყალების აქტს, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, რადგან 34 შეწყალებულთა შორის აღმოჩნდა მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა, თუ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ეს შესაძლოა პრეზიდენტის ახალი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. მაგრამ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „ეს იმპიჩმენტიც ისე დასრულდება, როგორც წინა" და ზოგადად, ეს პროცესი კომიკურ ხასიათს მიიღებს, რითაც თავად „ოცნება" დაზარალდება.
რას ამბობს გენპროკურორი
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. შოთაძემ ასე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.
„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით არის შეზღუდული. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა," - განაცხადა შოთაძემ.
კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს, შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ".
2019 წლის მარიამობის ამნისტია
2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. ამავე წლის სექტემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას ეხება, რადგან ამნისტირებულებს შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის 2019 წლის 20 სექტემბრის განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.
2016 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე, ეს პიროვნება კი 3 წლის შემდეგ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.
მოკლული დავით ოთხმეზურის მამა, აწ გარდაცვლილი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 2019 წელს პორკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს. პროკურატურის დატოვების შემდეგ ისტორიკოსმა მედიასთან ისაუბრა და შეწყალებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დააკისრა. როგორც ოთხმეზურმა ამავე გამოსვლაში აღნიშნა, გამოკითხვისას თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ბეჟანიძე, რის შესახებაც მასალები პროკურატურაშია.
„პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან. მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი", - აცხადებდა გიორგი ოთხმეზური.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძე იყო. იგი ბათუმელი პოლიციელის, 22 წლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ შეწყალებით უკმაყოფილო იყო და აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა.
თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი შემდეგი ინიციატივით გამოვიდა:
„დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს, როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 6 სექტემბერს.
როგორ გამოიყენებს პრეზიდენტის შეწყალების საქმეს „ოცნება"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ შეწყალება ქრთამის გადახდის სანაცვლოდ მოხდა, ან რამე სხვა დანაშაული იკვეთება, მაშინ, შესაძლოა, ეს ახალი იმპიჩმენტრის საფუძველი გახდეს და „ოცნებამ" ეს პროცესი წამოიწყოს, თუმცა, ეს თავად მმართველ გუნდს დააზარალებს.
„თუ შეწყალებაზეა ლაპარაკი, პრეზიდენტს შეუძლია, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიწყალოს, ეს მისი უფლებაა და გენპროკურორმა ამ უფლების რევიზია როგორ უნდა გააკეთოს, არ მესმის. თუ შეწყალება ქრთამის გადახდის სანაცვლოდ მოხდა და ასეთი დანაშაული ჩაიდინა, ეს სხვა თემაა, მაშინ ამ მიმართულებით უნდა იყოს პროცესი.
„თავად შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტს აკრძალული არ აქვს, თავის შეხედულებისამებრ წყვეტს რა და როგორ გააკეთოს და ყველაფერი კანონის ფარგლებშია. თუ სხვა რამ მოტივები არსებობდა, ეს არ ვიცი. ალბათ შოთაძეს მოუწევს უფრო დეტალურად განმარტოს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტთან რა პრეტენზიები აქვთ.
„თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს, მაშინ ეს შესაძლოა ახალი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, მაგრამ ეს იმპიჩმენტიც ისე დასრულდება, როგორც წინა დასრულდა. რაღაც ეპიზოდები რომ მეორდება, კომიკურ ხასიათს იღებს ხოლმე და „ქართული ოცნება" თუ მთლად გაიმასხრებს თავს, ვერ გეტყვით.
„თუ „ოცნებას" ამ საკითხის პოლიტიკური თვალსზრისით გამოყენება უნდა, ისევ და ისევ იმპიჩმენტზე ლაპარაკი უნდა წავიდეს. მგონია, რომ ასეთი რამ არასერიოზულობის ელფერს იძენს. „ოცნება" როგორ ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, მისთვის ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მაინცდამაინც ხელსაყრელი არაა, რადგან ისედაც ცხადია, რომ ბოლომდე ვერ მივა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე