„უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შესაბამისად, თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართ დადებითი გადაწყვეტილებები შემცირდება“
თამთა ჩაჩანიძე
(23.10.2023)

ევროკავშირი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - ერთი მიმართულება ეხება ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას, თუმცა, ამასთანავე ისეთ ქვეყნებთანაც დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება,საიდანაც ეს საფრთხე არ არსებობს. ევროკავშირის ლიდერები საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებენ, თუმცა, იმის გამო, რომ თავშესაფრის მსურველთა მიმართვიანობამ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, თვლიან, რომ არალეგალური მიგრაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

მოქალაქეთა ქვეყნიდან გადინების უმთავრეს მიზეზს ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს, თუმცა, გაიზარდა პოლიტიკური დევნის მიზნით შესული განცხადებების რიცხვიც, რომელიც ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა ახალი რეგულაციებით, ან არ დაკმაყოფილდეს, ან დაკმაყოფილდეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში.

ექსპერტებისვე თქმით, ქვეყნის შიგნით ამ მიმართულებით ძალიან ძნელია რამის გაკეთება, რადგან როცა ადამიანი მიდის და არალეგალად რჩება, ის მიდის, როგორც ტურისტი და ამის შეფერხება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათივე განმარტებით, აქ უკვე შემოდის საკითხი როცა ქვეყნის ხელმძღვანელობამ „ისეთი პირობები უნდა შექმნას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ გაიქცეს".

ისლამისტური თავდასხმების გამო, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები რამდენიმე დღის წინ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდნენ, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველო ამ კონტექტში არ მოიაზრება.

თუმცა, ჩვენთან მიმართებაში გამოქვეყნდა ევროკომისიის ასოცირების ანგარიში, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოდან თავშესაფრის მსურველთა მიმართვებმა მნიშნელოვნად იმატა - წინა წელთან შედარებით 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა, თუმცა, აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და შემდგომი ნაბიჯებია საჭირო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლიდან ყველა იმ 59 ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა" (ETIAS) ამოქმედდება. ევროკავშირის ამ ახალი მოთხოვნის თანახმად, რომელიც ვიზის მსგავსი არაა, სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსის რესპუბლიკაში შესვლა სურთ.

რა მონაცემებს აქვეყნებს ევროკომისია

ევროკომისიის ცნობით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი გააკეთეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი).

მათი ცნობით, 2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც, გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს).ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.

31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს.

ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს.

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში ვკითხულობთ, რომ მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და გადადგა ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო. ჩამონათვალი კი ასეთია:

1 - საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;

2 - წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;

3 - საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა.

4 - "აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა.

5 - ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;

6 - უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ.თუმცა იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, აამოქმედოს ე.წ. "შეჩერების მექანიზმი".

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.

რა შეზღუდვები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.

"გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა განაცხადა:

"როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ.

„პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად",- თქვა შოლცმა.

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შესაბამისად, შესაძლოა ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელებზე დადებითი გადაწყვეტილებები შემცირდეს და ეს პირები უკვე დეპორტაციას დაექვემდებარებიან.

„უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შესაბამისად, თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართ დადებითი გადაწყვეტილებები შემცირდება, ანუ, უარყოფითად უფრო სწრაფად გადაწყვეტენ, დეპორტირებას დაექვემდებარებიან და უფრო სწრაფად გამოუშვებენ. თავშესაფრის მოთხოვნით, პოლიტიკური დევნის მიზნით შესული განცხადებები, ან არ დაკმაყოფილდება ან დაკმაყოფილდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში.

„ქვეყნის შიდა ამ მიმართულებაზე ძალიან ძნელია რამის გაკეთება,როცა ადამიანი მიდის და არალეგალურად რჩება, ის მიდის, როგორც ტურისტი და ამის შეფერხება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ საუბარია იმაზე თუ ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს - ისეთი პირობები უნდა შექმნას, რომ ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი არ გაიქცეს. ძირითადად საუბარი სოციალურ ფონზე და ეკონომიკურ სიდუხჭურეზეა",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა იზრდება, ეს კი ქვეყნებს აიძულებს, რომ ზომები გატარდეს.

„ევროპაში ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მიდიან. ამას ხალხს ძირითადად სიღარიბე აიძულებს, თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მიდიან, უბრალოდ, ისინი პერსპექტივას ვერ ხედავენ, რომ უკეთესობისკენ რამე იცვლება. არის ისეთი ჯგუფებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზნები აქვთ.

„მთლიანობაში ეს პრობლემას ქმნის, რადგან მათი რაოდენობა კი არ კლებულობს, პირიქით, იზრდება. ერთადერთი კოვიდის პერიოდი იყო, როცა ადამიანები ფიზიკურად ვერ მოძრაობდნენ და მაშინ ცოტა დასტაბილურდა მონაცემები.

„გერმანიამ და რამდენიმე ქვეყანამ საზღვრების დაცვა გაამკაცრა, პოლონეთსა და სხვა მეზობლებს შორის. ეს გამკაცრება ნიშნავს, რომ პოლონეთიდან გერმანიაში ასე თავისუფლად ვეღარ შედიხარ. ეს გამკაცრებული ზომები შესაძლოა დროებითია, მაგრამ დაზუსტებით ამაზე საუბარი ძნელია.

„ეს გამკაცრება ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ აქტებთანაა დაკავშირებული. კიდევ რა ზომები იქნება დამატებით, ეგ ჯერ ჩემთვის ცნობილი არაა",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე