ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასს" ულტიმატუმი წაუყენა - თუ დაჯგუფება ისრაელიდან გადაყვანილ ყველა მძევალს გაათავისუფლებს, „ომი დასრულდება". ამასთან, ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გადადოს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის სამხედრო დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთში. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების დამატებით ბატალიონს და დამატებით ჯარებს გზავნის.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შესაძლოა ისრაელმა ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე მიზეზით შეაჩეროს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზკი მი შვიდობიან მოსახლეობაში მოსალოდნელი დიდი მსხვეროლია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდაც უარს იტყვის „ჰამასის" განადგურებაზე.
ანალიტიკოსთა თქმით, როგორც ჩანს, ისრაელმა მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების აზრს ანგარიში გაუწია, „ან თამაშობს".
ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება პენტაგონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ მიიღო.ოსტინის თქმით, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს, თუმცა, რა რაოდენობაზეა საუბარი, ოსტინი არ აკონკრეტებს.
„ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
რა ხდება დაპირისპირების ზონაში
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.
„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად", - აღნიშნა ჰაგარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ტერორისტების 320 სამიზნეს, მათ შორის გვირაბებსა და ათობით ოპერატიულ მართვის ცენტრს, დაარტყეს.
„სამიზნეებს შორის იყო ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, ზოგიერთ მათგანს „ჰამასის" და „ისლამური ჯიჰადის" ტერორისტები აფარებდნენ თავს, ასევე, სამხედრო შენობები და სადამკვირვებლო პუნქტები", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
„უფრო მეტიც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ჩვენს ძალებს, რომლებიც სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადებიან", - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.
ღაზის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს კიდევ ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
ღაზაში ინდონეზიური ჰოსპიტლის დირექტორმა ატეფ ალ კაჰლოუტმა CNN-ს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აშრაფ ალ ქიდრას ინფორმაციით კი, სამხრეთ ღაზაში ქალაქ რაფაში ისრაელის თავდასხმებს 29 ადამიანი ემსხვერპლა.
პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები დაზიანდა რაფაჰში, ხან იუნისი, ცენტრალურ ღაზასა და ქალაქ ღაზაში. მათივე ცნობით, ქალაქში, ყუდსის საავადმყოფოსთან ძლიერი დარტყმები დაფიქსირდა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რათა ღაზას სექტორში მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზაში. პირადად მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჰუმანიტარული პაუზა, რათა ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და განაწილდეს", - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში სწორედ ჰუმანიტარული პაუზის საკითხს განიხილავენ.
„შეხვედრის შედეგს წინასწარ ვერ განვჭვრეტ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ის, რისი განხილვაც მინისტრებს მოუწევთ. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ეს ძალიან ითხოვა", - აღნიშნა ბორელმა.
რამდენიმე დღის წინ, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
წყვეტს თუ არა საომარ მოქმედებებს ისრაელი
„ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, გადადოს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრა, რათა მოიგოს დრო „ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევის საშუალება შექმნას.
გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსაც ასევე მეტი დრო სჭირდება, რათა მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და დასძენს, რომ ასეთი თავდასხმები სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც ისრაელი შეჭრას დაიწყებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოთხოვნას არ უყენებს, კვლავ მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი".
გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-მა ისრაელს რჩევა თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საშუალებით გადასცა, რომელსაც თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას ღაზაში შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ „ჰამასი" აღარ იქნება.მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორში, რათა მოამზადონ ნიადაგი სახმელეთო ქვედანაყოფების შესვლისთვის.
„ეს უნდა იყოს ბოლო სახმელეთო მანევრები ღაზაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი დასრულების შემდეგ „ჰამასი" აღარ იქნება. ამას დასჭირდება ერთი, ორი, სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი" აღარ იქნება.ვიდრე მტერი შეხვდება ჯავშანსატანკო და ქვეით ჯარებს, ის შეხვდება სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბებს", - აღნიშნა გალანტმა.
ჩვენი მიზანი „ჰამასის" სრული განადგურება და ჩვენი ხალხის შინ დაბრუნებაა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა მედიის შეკითხვას, გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზადან გასაყვანად.
შეკითხვაზე, არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა უპასუხა: „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა".
„თუ ეს შეიძლება გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებით და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი" გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, ყველა მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება", - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.
ამასთან, „გარდიანი" წერს, რომ შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას" ობიექტებს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ისრაელმა დასავლურ მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს ანგარიში გაუწია, ან თამაშობს.
„ეს ეტყობა დასავლეთის ზეწლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა და იმითაც, რომ პრაგმატული თვალსაზრისით სახმელეთო ოპერაციის ჩატარება რთულია - მსხვერპლი დიდი იქნება. თუმცაღა, მეორეს მხრივ ეს ისრაელის მთავრობის მხრიდან ერთგვარი ხერხი და ხრიკია კარგი გაგებით. ის მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ კომპრომისზე თანახმაა - თანახმაა ჩაყლაპოს ის მძიმე დარტყმა, რაც 7 ოქტომბერს მიიღო, იმ შემთხვევაში თუ მძევლები გათავისუფლდებიან.
„მითუმეტეს პრეცედენტი უკვე მეორე მხარემ დაუშვა, რადგან ორი მძევალი (აშშ-ს მოქალაქეები) გათავისუფლებულია. არ ვიცი „ჰამასი" რას იზამს და მძევლებს გაათავისუფლებს თუ არა, მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით. შესაძლოა პრობლემა დროებით მოგვარდეს.
„ჰამასის" და ისრაელის დაპირისპირება გაგრძელდება, ეს მუდმივია. „ჰამასის" პოლიტიკურ დოქტრინაში მთავარი პუნქტი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა, აქედან გამომდინარე, კონფლიქტები სულ მუდმივად იქნება სხვადასხვა ფორმით - დაბომბვით, სარაკეტო დარტყმებით, ან ტერორისტული აქტებით.
„ისრაელს საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს იმ ნაბიჯის გადადგმა, რასაც ჰქვია „ჰამასის" განადგურების მცდელობა. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სირთულეების მიუხედავად, დღეს შესაძლებელი იყო, რომ ისრაელს ეს ნაბიჯი გადაედგა. ყოველ შემთხვევაში იერუსალიმშიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ საერთაშორისო მოთამაშეების პოზიციებს (ყოველთვის არა, მაგრამ) დღეს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
„როგორც ჩანს, ისრაელმა მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების აზრს ანგარიში გაუწია, ან თამაშობს",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მასიაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ისრეალმა ამ ეტაპზე სახმელეთო ოპერაცია და საომარი მოქმედებები შეაჩეროს, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნების გამო, რაც დასავლეთში მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლება, თუმცა, შესაძლოა ტერორისტებმა ეს უკან დახევად ჩათვალონ.
„ისლამურმა ჯიჰადმა" განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა და ამ თავდასხმამ თავისი მისია შეასრულა - ანუ ფირობენ, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულება, ფაქტიურად ამ ეტაპზე ისრაელის დანებებას თუ არა, უკან დახევას მიშნავს. ეს ისრაელის შეიარაღებულ ძალებში გაცნობიერებული აქვთ, თუმცა სამაგიეროდ, ამით სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ, არა მხოლოდ თავიანთ მოქალაქეებს, არამედ ბევრ პალესტინელს, ვნახეთ, რომ ბევრი მშვიდობიანი მოაქალაქე იხოცება, მათ შორის ბავშვები.
„ისრაელს, რომ სახმელეთო ოპერაცია დაეწყო, მოიგებდა, მაგრამ უამრავი მსხვერპლი იქნება. ამ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. ამით ისრაელი აჩვენებს, რომ ის ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციაზე საკმაოდ მაღლა დგას, ეს არ ნიშნავს, რომ ის დანებდა. ეს ჰუმანიტარული კუთხით დასავლეთის თვალში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ამის მერე სამწუხაროდ იმის ალბათობა იზრდება, რომ მთელს მსოფლიოში ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ. ტერორისტები ამ ფაქტს საინფორმაციო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა თქმა უნდა გამოიყენებენ. ამის მერე ისრაელმა „ჰამასსა" და „ისლამურ ჯიჰადზე" სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა უნდა დაიწყოს, რათა აღარ გაბედონ და მსგავსი ნაბიჯი აღარ გადადგან.
„ისრაელი ამ გაკვეთილიდან დასკვნებს გამოიტანს, უფრო ძლიერად მოემზადება და იმ მოვლენებს აღარ დაუშვებს, რომელიც 7 ოქტომბერს განხორციელდა. თავისთავად ცხადია და დარწმუნებული ვარ, ისრაელი იმდენს იზამს, რომ „ჰამასს" თავს მოგებულად არ ჩაათვლევინებს.
„ამასთან, იმის რისკი არსებობს, რომ ისრაელს რამდენიმე ლოკაციიდან შეუტიონ და ამ ომის მასშტაბებმა სხვა სახე მიიღოს, ესეც ერთ-ერთი საბაბია, რის გამოც სახმელეთო ოპერაციისგან თავს იკავებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე