ელზა პაპოშვილი
(22.10.2023)

აქვს თუ არა ხელისფლებას იმის რესურსი, რომ როცა დასჭირდება ოპოზიციიდან გადაიბიროს ცალკეული დეპუტატები მისთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრისას ხმების საჭირო რაოდენობის მისაღებად? გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციაში „კატარსტროფულ ვითარებაზე“ ალაპარაკდნენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციონერთა გადაბირების პრობლემა არ აქვს, რაც უკვე ორი კენჭისყრისას ღიად გამოჩნდა და 18 ოქტომბერს „ოცნება“ პრეზიდენტის გადაყენებისათვის საჭირო 100 ხმასაც კი შეაგროვებდა, ეს რომ მის ინტერესებში ყოფილიყო.

გასულ კვირას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად ხელისუფლებას ერთი ხმა აკლდებოდა, თუმცა მან ამ ერთი ხმის პოვნა უპრობლემოდ ოპოზიციის რიგებში შეძლო და 90 ხმით ორი არამოსამართლე წევრი აირჩია. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის მაისში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას. ამ სკანდალის შემდეგ სამმა მათგანმა - ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ, რომლებიც პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იყვნენ არჩეული „სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ენმ-ის ფრაქცია დატოვეს. 

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როცა საჭიროა, გარიგებას და მორიგებას ხელს არაფერი უშლის. განსაკუთრებით კი ეს „ოცნებასა“ და „ნაციოანლურ მოძრაობას“ შორის არის შესამჩნევი. მათი აზრით, ორივე მათგანს ერთმანეთთან თანამშრომლობა ყველაზე კარგად გამოსდით. ამიტომ ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართაც  ნდობა არ აქვთ. ეს კი რიგითი ამომრჩევლისთვის ყველაზე ადვილად დასანახია და 2024 წლის არჩევნებზეც არანაკლებ გავლენას მოახდენს.

სკანდალური კენჭისყრა

სერიოზული სკანდალი პარლამენტში 18 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას მოჰყვა. ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ამ ვითარებას ოპოზიციისათვის კატარსტროფული უწოდა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“.

„ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად „ოცნებას“ პლუს „სოციალისტები“ 89 ხმა აქვთ.

ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.

იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, - წერს დეკანოიძე.

მმართველ პარტიაში არ უარყვეს, რომ კენჭისყრის წინ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ჰქონდათ კონსულტაცია. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, თუმცა მათი ვინაობის დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა.

„ვინ მისცა ხმა - ასე მოკითხვა, რომ მერე დააბულინგოთ, როგორც წინა შემთხვევაში გააკეთეთ - არაფრით არ შეიძლება. არაერთ ადამიანთან გვქონდა საუბარი. ჯერ ერთი, არც ვიცი ვინ მისცა ხმა და მერე მეორე, შესაძლოა, გონივრული ეჭვი მქონდეს, თუ ვინ მისცა ხმა, თუმცა, ბუნებრივია, ამას არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი. 

„წინა შემთხვევაში, ტელევიზიებმა და „ნაცებმა“, ადამიანები, ვინც ევრორეკომენდაციის შესრულებას მხარი დაუჭირა, მორალურად გაანადგურეთ და დღეს მეკითხებით - რა საჭირო იყო ფარულობა და მათი კულისებს მიღმა დარწმუნებაო. ის საჭიროება იყო, რომ დედა არ უტიროთ, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, არ გაანადგუროთ მორალურად, ბულინგის მსხვერპლი არ გახადოთ. ვერ გაიგებთ ვერასდროს ვინ იყო და შეიძლება ვერც იეჭვოთ ვინ იყო, იმიტომ, რომ ისე დააბულინგებთ, მორალურად მოკლავთ ადამიანს, როგორც წინა შემთხვევაში გააკეთეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.   

ნდობის ხარისხი ოპოზიციის შიგნით

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ოპოზიციაში  სერიოზული პორბლემებია და ერთმანეთს თავად არ ენდობიან, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს ყველაზე ადვილი დასანახი იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ ამიტომ გადაწყვიტა ოპოზიციამ  დარბაზში საერთოდ  არ შესულიყო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ფონზე ოპოზიციის მიმართ მოსახლეობაში ნიჰილიზმი კიდევ უფრო იზრდება. 

„როცა მოსახლეობა ხედავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს თავად არ ედობა, მას ხომ უჩნდება კითხვა - მე რატომღა უნდა ვენდო? ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ამიტომ მისთვის ასეთი რაღაცეების შემჩნევა ძალიან მარტივია. 

„ხალხისთვის პოლიტიკოსი მისი პრინციპულობით არის ღირებული. ჩვენს ოპოზიციაში კი ამ სიტყვის მნიშვნელობა ვინმემ იცის? ანუ ერთმანეთის მიმართაც კი ნდობა არ გააჩნიათ. ფაქტია, თავად ოპოზიციაში თანხმდებიან იმაზე, რომ ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის იმ 12 კაცს იპოვიდა. უბრალოდ ეს არ აწყობდათ და ამიტომაც თავი არ შეიწუხეს. 

„მეორეს მხრივ კი ისიც არის, რომ როცა პარტია სუსტია, იქ გამყდველები ყოველთვის მოიძებნებიან. ყველაზე მეტად კი ასეთ გამყიდველებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოულობენ. ეს პარტია იყო, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე სწორედ ამ მოტივით თქვა უარი. 

„ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ჩვენი ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვისაც. როცა ხალხი ვერ ხედავს პოლიტიკოსში სიამაყეს და მას არ ენდობა, ასეთ პოლიტიკოსის და ოპოზიციის ფასი რა არის?! ამიტომ არის, რომ არჩევნებს ამ ხნის განმავლობაში აგებენ“, -აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, ეს, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდენს გავლენას. საყვარელიძის აზრით, როცა ქვეყანაში პოლიტიკოსების „ღონიერი მყიდველები“ არსებობენ და პოლიტიკოსს არ აქვს სათანადო სიმტკიცე, მისი ყიდვა მარტივია. ამიტომ იგი არ გამორიცხავს, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც გაიყიდებიან და ოპოზიცია ერთიანობას ვერ შეძლებს. მითუმეტეს, რომ ეს ერთიანობა უნდა მოხდეს ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის მიმართაც მოსახლეობაში უკვე დიდი  ხანია უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. 

„ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ შეთანხმებული თამაში

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში გასაკვირი არაფერია. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, პოლიტიკოსების გაყიდვის საუკეთესო მაგალითი 2012 წლის შემდეგი პერიოდია, როცა „ნაციონალების“  პორტირება „ოცნებამ“ ისე მარტივად მოახერხა, რომ მათ შორის განსხვავებასაც კი ვეღარ ვხედავთ. ამის საუკეთესო მაგალითადკი ძაბირაძეს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოჰყავს, რომელიც ჯერ სააკაშვილთან იყო, შემდეგ  „ოცნებასთან“ და ახლა ისევ სააკაშვილთან დაბრუნდა.

„ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ზოგადად ამის ძალიან ნათელი მაგალითია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს ისე გადაიბიროს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ამის არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს. დააკვირდით „ოცნებაში“ როგორ კოხტად არიან „ნაციონალები“ პორტირებული. ვინმეს საერთოდ რამე პრობლემა ჰქონია? ვინც ვერ მოახერხა ხელისუფლებასთან დალაგება, ისინი წავიდნენ ოპოზიციაში, თორემ ვინც მოახერხა, ზოგი მაღალ თანამდებობაზეც კი ზის. ამიტომ ეს უნდობლობა ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ არც ახალია და არც გასაკვირი. 

„რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოზე და ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. ამდენი წლის გნმავლობაში ოპოზიციას ისევ „ოცნება“ უგებს. თანაც იმაზე ბევრად დასუსტებული და გაბანკნოტებული, ვიდრე როდესმე ყოფილა. 

„კი, ბატონო, ხელისუფლებას არ სურდა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის  ბოლომდე მიყვანა და არც მიიყვანა, თორემ 12 კაცის პოვნას, მოსყიდვას თუ დაშინებას წინ რა დაუდგებოდა?! საქმე  ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამიტომაც ელიან ე.წ. მესამე ძალას. ამ ორი პოლიტიკური ძალის ირგვლივ ხდება აღებ-მიცემობა, გარიგება, შეთანხმება. „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთთან იდიალურად თანამშრომლობენ. თუ არ გამოჩნდა ვიღაც ღირებული პოლიტიკოსი, ამ ოპოზიციის ნდობა ამომრჩეველს არ აქვს. 

„თუმაც საქმე არც ასე ცუდადაა, რადგან ჩვენი მოსახლეობა ჩვენს პოლიტიკოსებზე ღირსეული და პრინციპულია. ასე მოხდა 2012 წელს და ასე მოხდა 2003 წელსაც. ამიტომ, თუკი ოპოზიციაში ვინმე არ გამოჩნდა, ვისი ყიდვაც ასე მარტივი არ იქნება, სიტუაცია გვექნება იგვე, რაც ახლაა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე