ელზა პაპოშვილი
(20.10.2023)

საქართველო  ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ევროკომისიის ანგარიში ნოემბერში იქნება. არსებობდა ინფორმაცია, რომ დასკვნას საქრათველოს შესახებ ევროკომისია 31 ოქტომბერს დაწერდა. თუმცა, გაირკვა, რომ დასკვნა ნოემბერში იქნება და თანაც შესაძლოა ამას რეკომენდაციის სახე ევროკომისიიდან არ ჰქონდეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში ევროკავშირის წევრ  27 ქვეყანას მიანდონ. 

როგორც ჩანს,  ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ოქტომბერში განაცხადა, რომ რეკომენდაციას საქართველოს შესახებ ნოემბრის დასაწყისში უნად ველოდოთ. 

„ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და ნოემბრის დასაწყისში იქნება კომისიის რეკომენდაცია“,- თქვა ღარიბაშვილმა.      

ამ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის  ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ამყარებს, რომელიც ამბობს, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით, მას აქვს ინფორმაცია,  ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ.   

„ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. 

„საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება,“ - ამბობს ტვ პირველთან  იოზვიაკი. 

გარდა ამისა, „რადიო თავისუფლების“  ევროპის ბიუროს რედაქტორმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი „კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა“. შესაბამისად კარგია, რომ ზურაბიშვილსი იმპიჩმენტი ჩავარდა. ამით საქართველოს  კიდევ აქვს შანსი, რომ გადაწყვეტილება დადებითი იყოს.  

პრემიერ ღარიბაშვილს კი  ნოემბერში დადებითი რეკომენდაციის მოლოდნი აქვს. 

„ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების დამსახურებით, ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც იყო მიუღებელი, გაუმართლებელი და უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე კომენტარი, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს სტატუსი, უკრაინას, მოლდოვას. მე ყველას მადლობა მინდა, ვუთხრა, წარმატებები ამ ქვეყნებს. მე ჩემს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება, დამსახურებაზე და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი  „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს. ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადავადება უფრო რეალისტურია.  

„არ ვეთანხმები იმას, რომ ევროკომისისი დასკვნა შესაძლოა  ბუნდოვანი იყოს და მხოლოდ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ, მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიას არ შეუძლია ბუნდოვანი დასკვნა გააკეთოს. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკომისიის შეფასება არ ყოფილიყოს ქვეყანას ეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია თუ არაფერს იტყვის, მაშინ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ვერაფერს ვერ დაეყრდნობიან და მათ ევროკავშირისკენ მკაფიოდ ნათქვამი სჭირდებათ, დაუჭირონ  თუ არა მხარი საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებას. 

„ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროპულმა საბჭომ განიხილოს და თქვას, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს მივანიჭოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ევროკომისიამ  ახალი ანგარიში დაწეროს და იმ ანგარიშში უკვე თუ მიუთითებს, რეკომენდაციას ვაძლევო, ევროპული საბჭო მაშინ კიდევ ერთხელ უნდა  შეიკრიბოს. ანუ სანამ ევროკომისიიდან არ იქნება დასკვნა, რომ სტატუსი გვეკუთვნის, ისინი პირდაპირ ასე არ მოგვანიჭებენ. მათ შესაძლოა  უბრალოდ დააფიქსირონ, რომ დიახ, მზად ვართ მივცეთ საქართველოს სტატუსი, მაგრამ ევროკომისიიდან დასკვნა მაინც გვჭირდებაო“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, დასკვნის გადავადება განპირობებული იყოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებით. 8 ნოემბერს ასევე ვაშინგტონში სამიტია, ამიტომ იქ ევროკომისიის პრეზიდენტი აუცილებლად იქნება წასული. ასევე არ არის გამორიცხული, რამდენიმე ევროკომისარიც დაესწროს. ამიტომ შესაძლოა გადავადების მზიეზი ესეც იყოს. 

„საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯოზეფ  ბორელია, რომელიც ვიცე- პრეზიდენტია და ვაშინგტონში სამიტზე ისიც იქნება. ამიტომ ისინი ამ ანგარიშს უნდა დაესწრონ. უნდა თანხობა მისცენ. ეტყობა, ამის გამოც გადაიდო. არ იქნება 8 ნოემბერს და იქნება პირობითად 15 ნოემბერს. ეს რეალურად არაფერს არ ცვლის. მათ გარეშე ევროპული საბჭო არ განიხილავს. თუ განიხილავს, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს, რადგან ევროკომისიიდან მაინც მკაფიო რეკომენდაციაა საჭირო. წევრი ქვეყნები მხოლოდ თავის თავზე ამას არ აიღებენ“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.  

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ხომ არ მოახდინა ამან ვადის გადაწევაზე გავლენა, გოგოლაშვილი ამბობს, რომ არა, რადგან ეს საკითხი უკვე დაიხურა და პარლამენტმა იმპიჩმენტი ჩააგდო. ამიტომ ამას რეკომენდაციის გაცემაზე ან თარიღის გადაწევაზე გავლენა არ მოუხდენია.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე