თამთა ჩაჩანიძე
(19.10.2023)

„ბრიუსელში ტერაქტი მოხდა და შესაძლოა ეს ტენდენციები სხვაგანაც განვითარდეს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა ტერორიზმის რისკის ქვეშაა," - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა და დასძინა, რომ რისკის ქვეშაა საქართველოც, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და შესაბამისმა სამსახურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და ზომები გააძლიერონ.

ბელგიისა და შევდეთის პრემიერებმა, ალექსანდრ დე კროომ და ულფ კრისტენსონმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მუდმივ სირთულეებს მიგრაციის მართვის საკითხებში. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონა ვერ გადარჩება, თუ ევროკავშირის გარე საზღვრები უკეთესად არ იქნება დაცული არასასურველი იმიგრაციისგან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 18 ოქტომბერს ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ვერსალის სასახლეში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა. ეს მიმდინარე კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა. ამავე დღეს, საფრანგეთის ექვსმა აეროპორტმა მიიღო ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა. საფრანგეთში თავდასხმის საფრთხის გამო გაფრთხილებისა და თავდაცვის სისტემის უმაღლესი დონე ამოქმედდა.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გვეუბნება, დღეს, როცა ისრაელი ტერორიზმთან იბრძვის, მსოფლიო და განსაკუთრებით ის ქვეყნები, ვინც ისრაელს მხარს უჭერს, ტერორისტული აქტების რისკის ქვეშ არიან, რადგან „ჰამასს" ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია უჭერს მხარს.

„ისრაელი რასაც აკეთებს, ესაა საერთაშორისო ტერორიზმთან დაპირისპირება, რადგან „ჰამასი" და ისლამური ჯიჰადი ტერირისტული ორგანიზაციებია. ყველანაირად ცდილობენ, რომ საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის მეთოდები გამოიყენონ და თავიანთი ბრძოლა წარმოაჩინონ, როგორც ცივილიზაციური მომენტი, თითქოს რომელიღაცა საერთაშორისო ჯგუფები ჩაგრავენ. თან სარწმუნოების თემას კარგად იყენებენ.

„ბუნებრივია, ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს სოლიდარობა აქვთ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ბრიუსელში ტერაქტი მოხდა და შესაძლოა ეს ტენდენციები სხვაგანაც განვითარდეს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა ტერირიზმის რისკის ქვეშაა.

„სადაც ტერორისტები საშუალებას მონახავენ, ყველა მიმართულებით შეეცდებიან, რომ ქმედება განახრციელონ, მათ შორის საფრთხის ქვეშაა საქართველო - ის გეოპოლიტიკური კუთხით სატრანზიტო კორიდორია და შესაძლოა ტერორისტები აღმოსავლეთიდან ცენტრალურ და შუა აზიაში გადაადგილდნენ და პირიქით. ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რისკები არსებობს. ანტიტერორისტული ღონისძიებები უნდა გავაძლიეროთ. ტერორიზმის საფრთხეების დონეები შემოვიღოთ, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებშია. ანტიტერორისტული სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მონიტორინგს დანახორციელებს და ა.შ.

„ისრაელს ტეროროზმთან ბრძოლის საქმეში გამოცდილება აქვს, მას კონტრტერორისტული ღონისძიებები კარგად აქვს შემუშავებიული, მაგრამ ახლა ტერორისტულ ორგანიზაციებს უკვე სხვა მიდგომები აქვთ, ისინი უკვე სამხედრო სტრატეგიებს იყენებენ. საკმაოდ კარგად მომზადებულები არიან და განხორციელებული ტერაქტები შესაძლოა ისეთივე აღმოჩნდეს, როგორიც ცოტა ხნის წინ „ჰამასმა" ისრაელის წინაარმდეგ განახორციელა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე