თამთა ჩაჩანიძე
(18.10.2023)

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რჩება - პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, ასი ხმა ვერ შეგროვდა და კენჭისყრისას ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

დღეს უმრავლესობაში „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია, კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრების გარდა, "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" წევრები და „მიქალაქეების" ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. კენჭისყრა ფარული იყო.

კენჭისყრამდე პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიდიოდა, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა, თუმცა შემდგომ ზურაბიშვილმა დეპუტატების მიერ მისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" კვლავ ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია.„ოცნებას" კი კვლავ კითხვები აქვს, როგორც უმრავლესობა აცხადებს, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა, რატომ არ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის.

„ოცნება" ამბობს, რომ პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს თავი იმიტომაც აარიდა, რომ ამ ევროპულ ტურნეს არანაირი შედეგი არ ჰქონია, ეს კი უმრავლესობის კითხვების მთავარი თემა იყო. მათივე შეფასებით, პრეზიდენტი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ თემებზე აპელირებდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს და აცხადებდნენ, რომ „შოუში" მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, მათ თან ჰქონდათ ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ. მათ შორის არ იყო გუბაზ სანიკიძის ბარათი, თუმცა, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" თქვეს, ბარათი სანიკიძეს თავად აქვს და ის პარლამენტში არ იმყოფებოდა.

ოპოზიციის ნაწილი კი რომელიც დარბაზში დებატებში იღებდა მონაწილეობას, იმპიჩმენტის განხილვას ცირკი და შოუ უწოდა და პრეზიდენტს მოუწოდა, რომ კვლავ აიღოს ბილეთი და იაროს საერთაშორისო ვიზიტებზე ისე, როგორც აქამდე დადიოდა „მტრის ჯინაზე". მათი შეფასებით, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია და „ოცნებასთან" ზურაბიშვილი მართალია.

იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული ტურნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონია კონსტიტუცია დაარღვია.

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა

ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილებოდა. მან „ოცნება" და საკონსტიტუციო სასამართლო მწვავედ გააკრიტიკა.

„სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.

„1. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. 2. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში. 3. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია.

„მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, „ოცნებამ" ვერ დაამტკიცა თუ რა დააშავა საქართველოს პრეზიდენტმა, ან რა დააკლო ევროიტნეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.

„საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

„ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას... სია შემიძლია გავაგრძელო...

„ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

„საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, მეტიც - ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დრეს მხოლოდ ერთი გეგმა აქვს და ეს წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა და „ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს". ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პარტნიორებს მიმართა და მოუწოდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

„მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს, მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რა თქვა „ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის განხილვაზე

მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან პრინციპულ საკითხია, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.მისივე განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „გაექცევა", საზოგადოება დუმილს თანხმობად მიიღებს.

„მოლოდინი არ მაქვს, რა თქმა უნდა, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ, მინდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2018 წლის განცხადებები გავიხსენო, რაც ერთხელ უკვე გავიხსენე. სალომე ზურაბიშვილმა ორი ასეთი განცხადება გააკეთა: პირველი, „ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო და მაშინ ჩვენ რუსეთის პროვოკაციაში ჩავერთეთ და ამ საომარ ვითარებაში წავედით, საქართველომ ამ საომარი ვითარების ნაწილი დაიწყო". ანუ, საუბარი იმაზე იყო, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

„და მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა - „შენს ტერიტორიაზე შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება". აქაც რეალურად, საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. აქ მადლობა ღმერთს, საქართველო არ არის ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ნაცმოძრაობამ" ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იმავე პოზიციას დაუჭირა მხარი, ანუ თვითონვე უწერიათ, რომ თვითონ დაიწყეს ომი.

„2018 წლის თქვენი მსგავსი განცხადებების გამო, ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად გამოგაცხადეს. პრინციპში იგივე ამბობდნენ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ჯაშუშად და რეზიდენტად გამოაცხადეს",- მიმართა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსკითხვით მიმართა, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.

„თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, (მორალური მხარეა ეს, ამ იმპიჩმენტის, მათ შორის, პოლიტიკურიც), რომ სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი შარშანო - ეს თქვით გადაცემაში. წელს ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო, ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო და შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას, ლეგიტიმაციას მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში.

„დღეს მოგვიწოდეთ, ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დაურეკეთ და ჰკითხეთ, რა ვილაპარაკეთო. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით თუ შეიძლება, რას ელაპარაკებოდით. ვერსიებსაც გეტყვით, შეიძლება ელაპარაკებოდით, საქართველოში რაც თქვით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს - ეს იყო ტყუილი და ახლა გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება. შეიძლება ამას ეუბნებოდით.

„გაგვიმხილეთ, არავინ იცის დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლობოლო გვითხარით თქვენი პოზიცია, ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს დღეს მაინც გაიგოს ხალხმა", - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, გამოდის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა.

„და ბოლო შეკითხვა - განსხვავებულ აზრში ასეთი რამ დაწერა სამმა მოსამართლემ და პრაქტიკულად, თქვენი წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა, არ იყო მიმართული რელევანტური ქმედებისკენ, ანუ, ეს არ იყო რელევანტური ქმედება, ეს იყო უბრალოდ ცერემონიაო.

„თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ჩასვლა და საუბარი 12-პუნქტიან გეგმაზე იყო ცერემონია და ცერემონიის გამო უნდა მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ? ესეც რომ უთხრათ საზოგადოებას - რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია?" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციის შეფასებები

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ - ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია , - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ აპატიებს.

„შეკითხვები, რომლებიც თქვენ დასვით, არ ემსახურებოდა იმას, რომ თქვენ რეალური ჭეშმარიტება გაგეგოთ. თქვენ, თითოეულ თქვენგანს გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყვეთ დღეს, აქ. საერთოდ, საქართველოში ძალიან ბევრ ხელისუფალს ჰქონდა იმის ცდუნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის სახელით ესაუბრა და ყველა ამ ხელისუფალს მერე ხალხმა ძალიან კარგი და საკადრისი პასუხი გასცა.

„ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ეს ცდუნება, თქვენც, თითოეულ თქვენგანსაც, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ დავალებებს არ ვასრულებთ არავისიო და შვილებს იფიცებთ, არ ვიცი, შვილებს რას ერჩით, მაგრამ ბატონი მდინარაძე ამბობდა, რომ ჩემს შვილებს გეფიცებით, მე არავის დავალებებს არ ვასრულებო, მე გეტყვით, ვის დავალებას ასრულებთ და ქალბატონ პრეზიდენტსაც მინდა ეს ვუთხრა, იმიტომ რომ მან არ დაასახელა ეს ადამიანი.

„თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თქვენ არ გაინტერესებთ არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ჩვენი შვილების მომავალი, როგორი პრესტიჟი ექნება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში",-განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ „სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს და შარს დებს" იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა, რითაც კონსტიტუცია დაირღვა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნოდ ჩვენს ამომრჩევლებს და ხალხს რომ შევხვდებით, ხომ დავუწყებთ დარწმუნებას, რომ პარლამენტი, მთავარი პოლიტიკური სივრცე და დაწესებულება ქვეყანაში არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ და ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესისთვის. არადა, სინამდვილეში სულ ამაში ვმონაწილეობთ. აბსოლუტურად მართალია ხალხი, რომ მერე ჩვენით იმედგაცრუებულები არიან.

„ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციის თუ მმართველი პარტიის დამოკიდებულებისადმი. მერე ზიზღში გადასცდით და ამბობენ, თქვენ თქვენთვის მიაჭენებთ და ხალხზე არ ფიქრობთო. თუ ეს ასე არ არის, მთელი დღეა ვართ მობილიზებულები, არიქა დაცვა, ყვითელი რეჟიმის საშვები, პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს საყვედურობს ტაშს ნუ უკრავთო და დილიდან ერთმანეთს ვლანძღავთ",-განაცხადა ელისაშვილმა.

ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან" მიმართებით სწორია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით სწორია, ის ევროპის გზაზე დგას, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, რომ გაგეჩერებინათ და მისი პარალიზება მოგეხდინათ. ამიტომ, ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" დღეს სრული პოლიტიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი ფიასკო განიცადა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე